ასტროლოგია და ასტრონომია არა მხოლოდ ჟღერადობით, არამედ საერთო ისტორიითაც ჰგავს ერთმანეთს. სწორედ ამიტომ ზოგს მათი გარჩევა უჭირს, მაგრამ რეალოურად ეს ორი მნიშვნელოვნად განსხვავდება. მეტიც, როგორც წესი, დღეს ასტროლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს ასტრონომიაში ნაკლები ცოდნა აქვთ, ხოლო ასტრონომების უმრავლესობა საერთოდაც თანამედროვე ასტროლოგიას არ აღიარებს.

პირადად მე (ალბათ, ბევრი თქვენგანიც) ხშირად მოვმხვდარვარ სიტუაციაში, სადაც ასტროლოგიით დაინტერესებულებსა და ასტრონომიის მოყვარულებს შორის ცხარე კამათი ჩაღდება. ეს გასაკვირი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე "დაპირისპირებული" მხარე ცაში იხედება, ამ ორი დარგის ხედვები და ინტერესები რადიკალურად განსხვავდება.

თუმცა, ხედვებს შორის განსხვავებას მხოლოდ გემოვნება არ განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში ერთი (ასტრონომია) ცას შეიარაღებული თვალით, ტელესკოპების, მათემატიკის და მეცნიერების გამოყენებით სწავლობს, მეორე კი ძირითადად რწმენითაა აღჭურვილი.

შესაბამისად, თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ასტრონომია მეცნიერებაში ფართოდ პატივცემული და შესწავლილი სფეროა, ხოლო ასტროლოგია ძირითადად განიხილება როგორც ცრურწმენებისა და ფანტაზიის ერთობა.

თუ ასტრონომია განყენებულად და ზუსტი მეცნიერების გამოყენებით სწავლობს ციური ობიექტების პოზიციებს, მოძრაობას და თვისებებს, ასტროლოგია ამ ციური სხეულების ადამიანის ყოველდღიურობასთან დაკავშირებას ცდილობს. ამიტომ, რაციონალური ხედვების საპირწონედ, ასტროლოგია უფრო ადამიანის ეგოისტურ და გეოცენტრულ მოთხოვნებს კვებავს. ამ ბოლო წინადადებაში ხაზს განსაკუთრებით "გეოცენტრულს" გავუსვამდი, თუ რატომ ამას უკვე ქვემოთ სტატიაში ვნახავთ.

უძველესი მეგობრობა და ერთობა

ფოტო: Andreas Cellarius, 1660

იყო დრო, როდესაც ეს ორი დისციპლინა ერთმანეთთან აქტიურად იკვეთებოდა და მეტიც, ზოგჯერ ისინი ერთადაც განიხილებოდნენ.

დღეს არსებულ განხეთქილებამდე, ასტროლოგიასა და ასტრონომიას შორის იყო მეგობრობა და ბევრი მეცნიერი, თუ ზოგადად კოსმოსით დაინტერესებული ადამიანი მათ ერთდროულად მიმართავდა. მაგალითად, ასტრონომი და გეოგრაფი პტოლემე ასტროლოგიც იყო. სწორედ მას ეკუთვნის სამყაროს ის ხედვა, რომლის მიხედვითაც ყველაფრის ცენტრი დედამიწა გახლდათ (ეს ხედვა მომდევნო 1500 წელი დომინირებდა). პტოლემეს ასტროლოგიის ტრაქტატი ცნობილია როგორც ტეტრობიბლია. ამ წიგნმა დიდი გავლენა იქონია ასტროლოგიის პრაქტიკულ განვითარებაზე. თუმცა, მნიშნველოვანია, რომ ის ასტროლოგიას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა და მას ბოლომდე სანდო მეცნიერებად არ მიიჩნევდა.

წარსულში ასტრონომია განიხილებოდა როგორც საფუძველი, რომელზედაც ასტროლოგიას შეეძლო ფუნქციონირება. უძველესი კულტურები ხშირად ამ ორ მიდგომას შორის მკაფიო ხაზს არ სვამდა და მათ ერთობად აღიქვამდა. მაგალითად, ძველ ბაბილონში, არ იყო ცალკეული როლები ასტრონომისთვის და ასტროლოგისთვის. ის ვინც ახდენდა ციური მოვლენების რეალურ პროგნოზირებას (მზის დაბნელებას და ა.შ.) ასევე სწავლობდა ამ მოვლენების ინდივიდებზე "ზემოქმედებას".

ფოტო: 2800 წლით დათარიღებული ბაბილონური ნიმუში

განსხვავებების მხრივ უფრო საინტერესოა ძველი საბერძნეთი, განსაკუთრებით პლატონისტები, რომლებიც ძირითადად ასტრონომიისთვის დამახასიათებელი თემებით ინტერესდებოდნენ. მათთვის "ცათა მოძრაობა" ფილოსოფიურად იყო საინტერესო, განასახიერებდა რა მოწესრიგებულობასა და ჰარმონიას. შესაბამისად, სიტყვა "კოსმოსი" ბერძნულიდან მოდის და წესრიგს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ბერძენი მოაზროვნეების უმეტესობა ციური სხეულებით როგორს სრულყოფილებით ისე იყო დაინტერესებული და შედარებით ნაკლებად აკავშირებდა მას ადამიანების ყოველდღიურობასთან.

ფოტო: Library of Congress, Public Domain

მიუხედავად ამისა, ბაბილონურმა ასტროლოგიამ ძველ ბერძნულ კულტურაშიც შეაღწია. მას აკრიტიკებდნენ ელინისტური ფილოსოფოსები, თუმცა ასტროლოგიამ ფესვები საბოლოოდ ძველ საბერძნეთშიც გაიდგა. მთლიანობაში, ელინისტურ სამყაროში "ასტროლოგია" და "ასტრონომია" ხშირად გამოიყენებოდა ურთიერთშემცვლელად, მაგრამ ისინი კონცეპტუალურად მაინც განსხვავდებოდა. ასტრონ ბერძნულად მნათობს ნიშნავს და ნომოს კანონს. რაც შეეხება ლოგიას ეს ბერძნულად მოძღვრებაა. შესაბამისად, ასტროლოგია თუ მნათობთა მოძღვრებაა, ასტრონომია მნათობთა კანონების სწავლა იყო და არის.

ასტროლოგია ფართოდ იქნა მიღებული შუა საუკუნეების ევროპაშიც, რადგან ელინისტური და არაბი ასტროლოგების ტექსტები ითარგმნა ლათინურად. გვიან შუა საუკუნეებში ასტროლოგიის მიმღებლობა არ მიმღებლობა უფრო სამეფო ტახტზე და მის გემოვნებაზე იყო დამოკიდებული, ვიდრე კონკრეტულ სწავლებებზე.

დასავლეთის ასტროლოგიასა და ასტრონომიას შორის უფრო მკაფიო განხეთქილება მოხდა თანდათან მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში, როდესაც მეცნიერებამ ასტროლოგია სულ უფრო მეტად მიიჩნია ცრუ მეცნიერებად და ცრურწმენად.

საბოლოოდ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად მეგობრობა სულ უფრო გართულდა, ასტრონომია ზუსტ მეცნიერებად ჩამოყალიბდა, რომელიც მათემატიკურ გამოთვლებს, ტელესკოპებს და სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებს ეყრდნობა, ხოლო ასტროლოგია ძირითადად ადამიანების გრძნობებზე, შიშებზე თუ სურვილებზე აქცენტირდა.

თუმცა, სანამ აწმყოზე ვისაუბრებდეთ, მოდი ვიმოგზაუროთ დროში, დავბრუნდეთ შორეულ წარსულში და გავიგოთ თუ საიდან აღმოცენდა ეს ორი, რატომ ჰგვანან ერთმანეთს ჟღერადობით და რა არის მათი ისტორია.

მეგობრობიდან მტრობამდე ერთი ნაბიჯია — ასტროლოგიისა და ასტრონომიის ისტორია

მიიჩნევა, რომ ადამიანი ცაზე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებებს ოდითგანვე ახდენდა. ეს ხდებოდა, მანამ სანამ გაჩნდებოდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა პლანეტა, ვარსკვლავი, გალაქტიკა და ასტეროიდი. ადამიანები იხედებოდნენ გადანათებულ ცაში და ოდითგანვე ჰქონდათ შეგრძნება, რომ ამ მანათობელ თუ ამოუცნობ ობიექტებს მათზე გავლენა უნდა ჰქონდათ.

ვარსკვლავებს და მათ როლს ცაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თითქმის ყველა უძველესი ცივილიზაცია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციურ სხეულებზე დაკვირვება და შესაბამისად მათი ჩვენს ყოველდღიურობაზე ეფექტების ძიება ერთდროულად დაიწყო.

ჩვენამდე მოსული წყაროების მიხედვით, ასტროლოგიის ისტორია იწყება მესოპოტამიიდან — დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4000 წლის წინ. მაშინდელი ადამიანები ცას ბეჯითად აკვირდებოდნენ და იქ მომხდარ ამბებს თავისი ქვეყნისთვის, თუ ტომისთვის მნიშვნელოვან მოვლენებთან აკავშირებდნენ. მაგალითად, მიიჩნეოდა, რომ თუ მზის დაბნელება მოხდებოდა, ეს უბედურების მომასწავებელი იყო და ასეთ დროს შეიძლება მეფე მომკვდარიყო, და თუ მეფე გადარჩებოდა, მაშინ ომი დაიწყებოდა.

შედარებით თანამედროვეობას მიმსგავსებული ასტროლოგია უკვე 3500 წლის წინ განვითარდა. ამას ხელს ასირიული იმპერია უწყობდა ხელს. მაშინდელი მმართველი კლასი ასტროლოგებს მხარს უჭერდა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 750 წლისთვის იმპერიის ფარგლებში უამრავი ასტროლოგიური სკოლა ჰყვაოდა. ამ ასტროლოგიური ცენტრების მთავარი ფუნქცია მმართველებისთვის ასტროლოგიური წინასწარმეტყველებების მიწოდება იყო.

ასტროლოგიის რეალური მოდერნიზაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნესთან ასოცირდება. ეს ის პერიოდია, სადაც პირველად ჩნდება ზოდიაქოს ნიშნები. ამ ყველაფერს ემატება პლანეტების მოძრაობა, იქმნება დაბადების თარიღზე დამოკიდებული ასტროლოგია, რომელიც ინდივიდის თვისებებსა და მომავალს მის დაბადების დღის მომენტში პლანეტათა თუ ვარსკვლავთა განლაგებით განსაზღვრავდა. ამ მოვლენის პირველი ამსახველი ჩანაწერები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 410 წლით თარიღდება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ "ზოდიაქო", ბერძნული სიტყვიდან "ძოონ"-იდან (ცხოველი) არის წარმომდგარი, რომლის ამგვარი სახელწოდებაც იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველეს დროიდანვე ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ.

საინტერესოა, რომ დღეს ასტროლოგიის ბევრ მიმდევარს თანავარსკვლავედების და ზოდიაქოების თანაკვეთა თავისთავადი მოვლენა ჰგონია, როდესაც რეალურად წარსულში მცხოვრები ადამიანების მიერ აღქმული ფორმები მხოლოდ მათივე ფანტაზია და ასოციაციებია.

რაც შეეხება ასტრონომიას, ის ასტროლოგიის პარალელურად ვითარდებოდა. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ასტროლოგია სწორედ რომ მისგან იკვებებოდა. როგორც თავში უკვე ვახსენე, ასტრონომიის პირდაპირი მიზანი სამყაროს — კოსმოსის ფიზიკის გაგებაა. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობის და შემეცნების წყურვილის პარალელურად ჩნდებოდა მოსაზრებები, რომ ციური სხეულები შეგვეძლო ჩვენს ყოველდღიურობასთან დაგვეკავშირებინა. თუმცა, იმისთვის, რომ რაღაცა ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში გაგვერია, საჭირო იყო მათი დაფიქსირება, გამოთვლების განხორციელება — ერთი სიტყვით საჭირო იყო ასტრონომია!

მნათობა კანონების ცოდნა ადამიანებისთვის ცნობისმოყვარეობის გარდა პრაქტიკულ დანიშნულებას ატარებდა. ადამიანს ოდითგანვე სჭირდებოდა დროის აღრიცხვა, დღისა და ღამის ცვლაზე თვალის დევნება, მთვარის ფაზებზე დაკვირვება, წლის სეზონური მოვლენების შესწავლა და სხვა. ასე, მაგალითად, მიწის დროულად დამუშავებისათვის საჭირო იყო წელიწადის სეზონების მოახლოების განსაზღვრა. ეს კი შესაძლებელი იყო ცაზე მნათობების მდებარეობაზე დაკვირვებით. ამასთან, წარსულში შორეული მოგზაურობის დროს ადამიანი გზის გასაგნებად ციურ სხეულებს და მათზე ცოდნას იყენებდა. ცა ჩვენი წინაპრებისთვის ერთგვარი ჯიპიესი იყო.

ცაზე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებამ და ასტრონომიამ ისიც კი შეძლო, რომ ერატოსთენემ, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა და უძველესმა ასტონომმა ყველანაირი ტექნოლოგიის გარეშე დედამიწის მერიდიეანის სიგრძე გაზომა. ერატოსთენე უძველესი ასტრონომიული სწავლებებიდან გამომდინარე ვარაუდობდა, რომ დედამიწის ზედაპირი მორკალულია, ხოლო მზე ჩვენგან იმდენად შორს არის, რომ დედამიწაზე მოღწეული მისი სხივები პარალელურია. ამით ამ უძველესმა მეცნიერმა განსაზღვრა, რომ მზის სხივების მიმართ სხვადასხვა კუთხით ჭოკები სხვდასხვა სიგრძის ჩრდილებს იძლევა.

ფოტო: ერატოსთენეს მეთოდი

მან ჩრდილების გაზომვის შემდეგ ალექსანდრიასა და სიენას შორის მანძილი გამოთვალა, შემდეგ კი ამ ციფრების გამოყენებით დედამიწის გარშემოწერილობა გამოთვალა. მისი გამოთვლები გასაოცრად ემთხვევა და მიახლოებულია რეალურთან.

ფოტო: ერატოსთენე — Art Print

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ადამიანი შეუიარაღებელი თვალით აკვირდებოდა ცას და ასტრონომიის გასანვითარებლად მხოლოდ კუთხსაზომ იარაღებს ხმარობდა, ერასტოთენეს მაგალითითაც ვხედავთ რომ მან მაინც ბევრი რამ შეძლო. თუმცა, ამის პარალელურად რთული იყო ასტროლოგიურ მიდრეკილებებზე უარის თქმა, მით უმეტეს, რომ ის ერთი შეხედვით კოსმოსთან გვაკავშირებდა.

ამიტომ, ასტროლოგიასა და ასტრონომიას შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება საუკუნეები გაგრძელდა და ბზარი მას მხოლოდ მე-17 საუკუნიდან გაუჩნდა, როდესაც დაიწყო ტელესკოპების ეპოქა, რამაც ასტრონომია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. გალილეო გალილეის მიერ პირველად გამოყენებული პატარა პრიმიტიული ჭოგრიდან თანამედროვე გიგანტ ტელესკოპებამდე, 500 წლის დაუღალავი შრომა, მიგნებები და გამოგონებების სერიებია.

ფოტო: The details of decorations Galileo’s first telescopes; 17th century, in the Institute and Museum of the History of Science, Florence

"სამყაროში ფანჯარა გავჭერით", — ამ სიტყვებით გააცილეს 1990 წელს ჰაბლის ტელესკოპი კოსმოსში. მას შემდეგ ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული მზის სისტემები, გალაქტიკები დაგვანახა და მილიარდობით წლით უკან გაგვახედა. სწორედ ასე გავიგეთ სამყაროს ასაკი და ფაქტი, რომ ის დაახლოებით 14 მილიარდი წლისაა.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აქედან ახალი ისტორია დაიწყო, ხოლო მისი ათვლა ინფანტილური ხედვების და ბავშვობის დასასრულის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

როგორ მოხდა ასტრონომიისა და ასტროლოგიის გაყოფა — ბავშვობის დასასრული

მე-12 საუკუნედან მე-17 საუკუნემდე ასტროლოგიას უნივერსიტეტებში როგორც მეცნიერებას ისე ასწავლიდნენ. უკვე მე-17 საუკუნიდან მეცნიერების განვითარებამ ასტროლოგიას როგორც სამეცნიერო დისციპლინას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ასტროლოგია სამყაროს გეოცენტრულ მიდგომას აღიარებდა და მთელი მისი სისტემებიც სწორედ მასზე იყო მორგებული, მეცნიერები კი ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არ იყო სამყაროს ცენტრი — მეტიც, ის ერთი პატარა ქვიშის მარცვალი გახლდათ უსასრულოდ დიდ სივრცეში.

როდესაც ვსაუბრობთ ბავშვობის დასასრულზე, იგივე ასტრონომიის და ასტროლოგიის საბოლოო გაყოფაზე აუცილებელია გავიხსენოთ იოჰანეს კეპლერი, გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი. შეიძლება ითქვას, კეპლერი ბოლო მეცნიერია, რომელიც იყო ასტროლოგი და ამავდროულად ასტროფიზიკოსიც. საბოლოოდ სწორედ ის აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ასტროლოგიის მეცნიერებისგან განდევნას ჩაუყარა საფუძველი. ეს მას მათემატიკამ აიძულა.

ფოტო: კეპლერი

კეპლერი კოპერნიკის ნაშრომებით იყო ინსპირირებული — მის დროს მხოლოდ 6 პლანეტაა აღმოჩენილი და ასტროლოგია მხოლოდ ამ 6 პლანეტის გარშემო მოღვაწეობს. კეპლერი ჯერ კიდევ როგორც ასტროლოგი და ამასთან ასტრონომი მათემატიკური გამოთვლებით ცდილობდა დადგენას რამდენად ემთხვეოდა ასტროლოგია მათემატიკურ გამოთვლებს. მას გამოთვლებმა უჩვენა, რომ მისი სურვილები და ანგარიშები სხვადასხვას ამბობდნენ. მეცნიერს მოუწია ეღიარებინა საკუთარი არასწორი ხედვები. კეპლერმა გაიაზრა, რომ სამყარო არ იყო იდეალური და პლანეტები ელიპტურ ორბიტაზე მოძრაობდნენ.

იოჰანეს კეპლერის შემდეგ, ასტროლოგია და ასტრონომია გამიჯნულია და ამის მიზეზი, კეპლერის მიერ ტიჰო ბრაჰეს დაკვირვებების მათემატიკური ანალიზია, რომლის საფუძველზეც კეპლერმა ციური მექანიკის სამი უმნიშვნელოვანესი კანონი შეიმუშავა.

გაჩენილი უფსკრულის გაღრმავება უკვე დროის ამბავი იყო და გამოჩნდა ნიუტონი, რომელიც კეპლერის სიკვდილის შემდეგ 13 წელში დაიბადა. უკვე ნიუტონმა შემოიღო დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვები. კეპლერის იდეების განვითარებით ჩვენ მივიღეთ ნიუტონის ცის მექანიკა და საბოლოოდ მივედით აინშტაინის ფარდობითობამდე.

ამ მომენტიდან ასტრონომია გადადის სრულიად ცალკეულ ველში, სადაც ციური ფენომენების შესახებ პროგნოზები კეთდება და მოწმდება მეცნიერული მეთოდის გამოყენებით. ეს ბავშვობის დასასრული იყო და ამიერიდან ადამიანმა ციური სხეულების მოძრაობა არა ინტუიციაზე, არამედ მათემატიკაზე და ზუსტ მეცნიერებებზე დაიყვანა.

ასტროლოგია როგორც ცრუ მეცნიერება

ფოტო: Horoscopes vs. horriblescopes.

მეცნიერება ორი ფუნდამენტური ნაწილის ერთობაა — ესაა თეორიული და ექსპერიმენტული მხარეები. თეორიული ნაწილი იდეის გარშემო ვითარდება და იყენებს მეცნიერულ ანალიზს, რასაც საბოლოოდ ექსპერიმენტული მხარე ავსებს. ასეთ დროს თეორიის ექსპერიმენტით/დაკვირვებით დადასტურება უნდა მოხდეს. თუ თეორია, ანალიზი და გამოთვლები არ ემთხვევა ერთმანეთს ეს ნიშნავს, რომ დებულება არასწორია.

მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად ექსპერიმენტის გამეორების შესაძლებლობაც. ეს ნიშნავს, რომ ექსპერიმენტის გამეორება შესაძლებელი უნდა იყოს და ამით იგივე შედეგს უნდა ვიღებდეთ.

ეს არის ფორმულა, რის გარეშე მეცნიერება ვერ იქნება ის რაზეც მთელი ჩვენი ცივილიზაციის კეთილდღეობაა დამოკიდებული. ასტროლოგია არსებულ კრიტერიუმებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს. არ არსებობს სამეცნიერო კვლევა თუ ექსპერიმენტი, რომელიც განმეორებადი სახით ასტროლოგიის ვარაუდებს დაადასტურებდა.

თუმცა, მსგავსი დადასტურება ასტროლოგიის შემთხვევაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ეს იმის ფონზე, რომ ასტროლოგია ცის მექანიკას იყენებს. თუ საუბარია რაიმეს გამოყენებაზე მაშინ ეს კავშირი უნდა მტკიცდებოდეს კიდევაც, მით უმეტეს როდესაც საუბარია ციურ სხეულებზე და მის ადამიანების ყოველდღიურებასთან კავშირზე.

რეალურად ასტროლოგიის ისტორიიდან უკვე ვნახეთ, რომ მის ფესვებში სპირიტუალისტური და წარმართული სარწმუნოებებია გამდგარი. თუ ასტროლოგიაში ღრმად ჩაიხედავთ იქ ვერანაირ მათემატიკას თუ ზუსტ მეცნიერებას ვერ დაინახავთ, იქ მხოლოდ მესოპოტამიური, ეგვიპტური, ელინისტური, ინდური და სპარსული შეხედულებების ნაზავი დაგხვდებათ. შესაბამისად, სპირიტუალისტური და რელიგიური საფუძვლების მქონე სწავლება ვერ იქნება მეცნიერება.

ასტროლოგიის მობრუნება — რატომ სჯერათ ასტროლოგიის?

ფოტო: yoair.com

ოდესღაც მეცნიერების მიერ განდევნილი "სწავლება" არც ეკლესიამ დაინდო და ის ფაქტიურად სულს ღაფავდა. სამეცნიერო საზოგადოებას ის როგორც ცრუმეცნიერება არ აინტერესებდა, ხოლო რელიგია მას როგორც "მწვალებლობას" ისე აღიქვამდა. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში მეცნიერებაში ვეღარ, მაგრამ ფართო მასებში ასტროლოგია კვლავ დაბრუნდა. ასტროლოგიის მობრუნება მე-20 საუკუნეს უკავშირდება. ეს იმით აიხსნება, რომ საზოგადოება რელიგიისგან შედარებით განთავისუფლდა რამაც ფართო მასებში ასტროლოგიის განვითარებას მწვანე შუქი აუნთო.

მიტოვებულ სახლს ეშმაკი დაეპატრონებაო, არსებობს გამონათქვამი და იქ სადაც არ იყო მეცნიერება და რელიგიაც შედარებით შესუსტდა ასტროლოგია გამოჩნდა. ამის პარალელურად, ასტროლოგიური ნახაზების გამარტივება დაიწყო, რამაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მისი აღქმა და ათვისება მარტივი გახადა.

რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, ასტროლოგიამ ახლად აღმოჩენილი პლანეტების საკუთარ თავში ინტეგრაციაც მოახერხა. ამით მან ახალ პლანეტებს თვისებები მიაკუთვნა და გადაუნაწილა. ასე ასტროლოგია სულ უფრო და უფრო მოსწყდა ძველ ტრადიციებს და ადაპტირება თანამედროვეობაზე გააკეთა, სადაც ნებისმიერს შეუძლია შევიდეს ამა თუ იმ სოციალურ ქსელში და საკუთარი ჰოროსკოპი "გამოიკვლიოს".

2018 წლის Pew-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით, ასტროლოგიის ამერიკელთა 29 პროცენტს სჯერა. ეს ცრუ მეცნიერებისთვის ზედმეტად დიდი პროცენტია.

ასტრონომიის უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად დღეს მივიღეთ რეალობა, სადაც ფართო მასებში ასტროლოგიის მიმართ ინტერესი უფრო დიდია. მაგალითისთვის, განვიხილოთ პოპულარული სოციალური ქსელი Tiktok. Tiktok-ის ვიდეოებს, სადაც მოხსენიებულია ასტროლოგია საერთო ჯამში 24,2 მილიარდი ნახვა აქვს, როდესაც იგივე სოციალურ ქსელში ასტრონომიის მიმართ ინტერესი 499,5 მილიონ ნახვაში აისახა.

Pew-ს მსგავს გამოკითხვებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს ფართო მასებს აინტერესებთ ის თუ ვინ "შეუყვარდებათ" და ვინ "შეიყვარებთ“, ვიდრე ის თუ რა არის შავი ხვრელი და რა როლი აქვს მას გალაქტიკების ფორმირებაზე.

საბოლოოდ მსგავსი მიდგომები აჩენს უამრავ ცრურწმენებს და სტერეოტიპულ შეხედულებებს, რაც ბუნებრივია არცერთი ავტორიტეტული კვლევით არ დასტურდება.

კვლევები ასტროლოგიის წინააღმდეგ

ფოტო: Peach shutterstock/Shutterstock.com

ერთია როდესაც ვთანხმდებით, რომ ასტროლოგია მეცნიერება არ და ვერ იქნება, ამას თავად ასტროლოგებიც ხშირად აღიარებენ, მაგრამ მეორეა თუ რას გვეუბნება კვლევები, რომელიც ამ თემაზე ჩატარებულა.

თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ ასტროლოგიასთან დაკავშირებით არაერთი სამეცნიერო შემოწმება ჩატარებულა, თუმცა მისი მხარდამჭერი არცერთი მტკიცებულება არაა გამოვლენილი

2007 წელს მეცნიერმა დევიდ ვოასმა გადაწყვიტა ვარსკვლავის ნიშანთა თავსებადობის სტატისტიკური ანალიზი საკუთარ თავზე აეღო და ასტროლოგიის დღემდე ყველაზე მასშტაბური ტესტიც ჩაატარა. მან 20 მილიონი დაქორწინებული ადამიანის დაბადების თარიღები გაანალიზა. კვლევამ აჩვენა, რომ დაბადების თვეს მეწყვილის შერჩევისას არანაირი გავლენა არ აქვს. ამის საწინააღმდეგოს ქადაგებს ხშირად ასტროლოგია, რომელიც ადამიანების დაბადების პერიოდს პირდაპირ მეწყვილის შერჩევასთან აკავშირებს.

"ყველაზე მცირე ტენდენციაც რომ არსებობდეს, რომლის მიხედვითაც ქალწულებს თხის რქები მოსწონთ, ან სასწორებს ლომები, ქორწინების სტატისტიკაში დავინახავდით. ზოდიაქოს ნიშნებს რომ რაიმე გავლენა ჰქონოდა (როგორც არ უნდა მცირე), ამ უზარმაზარ საკვლევ ჯგუფზე გიგანტური გამადიდებელი შუშით დაკვირვება აუცილებლად გამოავლენდა. აქ არაფერია", — შეაჯამა კვლევა დევიდმა.

მისი კვლევა შემდეგი სახელით გამოქვეყნდა "Love not in the stars", რაც ნიშნავს, რომ სიყვარული ვარსკვლავებში არ არის და ის იქ არც უნდა ვეძებოთ. ყოველ შემთხვევაში იმ სახის სიყვარული, რაც ჩვენ ადამიანებს ხშირად შეწყვილებაში გვეხმარება.

ამასთან, ნებისმიერი ავტორიტეტული კვლევა, რომელიც ასტროლოგიური ნიშნების ადამიანებზე ზემოქმედებას იკვლევდა საბოლოოდ შემდეგ დასკვნამდე დავიდა — კვლევების შედეგები ერთხმად უარყოფითია. მეცნიერული მეთოდის გამოყენება გვაიძულებს უარვყოთ ასტროლოგიური ჰიპოთეზები

უშუალო კვლევების გარდა, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორები, მაგალითად თვითშთაგონების ეფექტი, რაც ადამიანს ზოგადად ახასიათებს. ადამიანს შეუძლია შთააგონოს საკუთარ თავს გარკვეული ხედვები, აზრები, ემოციები, განწყობები და ეს საბოლოოდ ინდივიდის ფსიქიკური და სომატური პროცესების წარმმართველი ხდება. შესაბამისად, ასეთ შთაგონებასა და მის რეალობად აღქმას შორის უხილავი ძაფი გადის.

დაბოლოს, ადამიანი ბუნებით მიდრეკილია საკუთარი თავი თუ აღქმადი გარემო მისთვის გაუგებართან მარტივად დააკავშიროს. ამის მაგალითია, როდესაც ადამიანები სრულიად უცხო ობიექტებში ნაცნობ ფიგურებს და სახეებს ხედავენ. ეს ფენომენი ცნობილია როგორც პარეიდოლია — აღქმის ტენდენცია, რა დროსაც ხდება ინტერპრეტაცია და უსიცოცხლო საგნებში სახეების დანახვა. იგივე ტენდენცია შეიმჩნევა ადამიანის მიერ თავისთვის უცნობი მოვლენის თუ ფენომენის აღქმისას.

შესაბამისად, ჰოროსკოპული აღწერა, რომელიც შეიძლება ადამიანზე სრულიად არ იყოს მორგებული, ასტროლოგიის მიმართ პოზიტიურად განწყობილმა პიროვნებამ შეიძლება პირდაპირ საკუთარ თავთან დააკავშიროს.

რატომ არის ასტროლოგია დროს ჩამორჩენილი

დაბოლოს, როდესაც ვსაუბრობთ ასტროლოგიაზე უნდა ვიცოდეთ, რომ მას მეცნიერებისგან განსხვავებით არ ახასიათებს "შეცდომების" თუ მცდარი თეორიების კვლევებით და ექსპერიმენტებით შემოწმება. ამაზე უკვე ზემოთ ვილაპარაკე, შესაბამისად, ასტროლოგია ბევრი მახასიათებლით დღესაც უძველეს მითებს თუ არასწორ ხედვებს ეყრდნობა.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოკლედ განვიხილოთ ორი ფენომენი: ვარსკვლავების განლაგება და გეოცენტრული აღქმა.

ვარსკვლავების განლაგება — ისევე როგორც პლანეტები მზის გარშემო, მზეც ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის მიმართ. მაგალითად, დედამიწას მზისთვის წრის დასარტყმელად ერთი წელი სჭირდება, თავად, მზეს გალაქტიკის "შემოსავლელად" 230 მილიონი წელი ესაჭიროება. ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემა გალაქტიკის ეკლიპტიკის მიმართ მოძრაობს, ის არ არის სტატიკური — შესაბამისად, თანავარსკვლავედების განლაგება უკვე დიდი ხანია რაც ისეთი აღარ არის, როგორიც ის ასტროლოგიის გაჩენისას იყო.

გეოცენტრული აღქმა — ასტროლოგია გეოცენტრულია, მაშინ როდესაც ის იქმნებოდა სამყაროს ცენტრად დედამიწა მიაჩნდათ. ამიტომ, ის სისტემები და მიდგომები რაც ასტროლოგიაშია დღეს, რეალურად კვლავ გეოცენტრულ მიდგომებიდან საზრდოობს.

ასე რომ, როდესაც მომავალში ასტროლოგიასა და ასტრონომიაზე კამათის მომსწრე გახდებით გახსოვდეთ, პირველს ფესვები ახლაც პრეისტორიულ ფანტაზიებში აქვს გადგმული და ემყარება ცოდნებს, რომელიც კაცობრიობას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც სამყაროს ცენტრად დედამიწა მიაჩნდათ. ეს ის დროა, როდესაც ისეთი ბუნებრივი მოვლენა, როგორიც "მზის დაბნელებაა", ადამიანებისთვის მეფის სიკვდილის მომასწავებელი იყო. თავის მხრივ, ასტრონომია ის ფუნდამენტია, რომელიც თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. ასტრონომიამ არა მარტო დროს გაუძლო და მასთან ერთად იცვალა ფორმა, არამედ მილიარდობით და ტრილიონობით კილომეტრით შორს გახედვაში დაგვეხმარა და გვაზიარა იმ უსასრულო და მრავალფეროვან სამყაროს რომელშიც "აღმოჩნდა", რომ ვცხოვრობთ. ასტრონომიას დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი ცივილიზაციის თვალი, ხოლო ასტროლოგიისთვის საბოლოო სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდვია.