რატომ ვხედავთ საგნებში სახეებს — კვლევა
სახის ამოცნობა ტვინში ელვის სისწრაფით ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს განაპირობებს სახის "დანახვას" იქ, სადაც ის რეალურად არ არსებობს.
ეს ფენომენი ცნობილია როგორც პარეიდოლია — აღქმის ტენდენცია, რა დროსაც ხდება ინტერპრეტაცია და უსიცოცხლო საგნებში სახეების დანახვა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხედავენ სახეებს მთვარეზე, ხეზე, ღრუბლებში და სხვაგან.
სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და თვლიან, რომ ამას ევოლუციური სარგებელიც კი აქვს.
"ევოლუციური თვალსაზრისით, როგორც ჩანს, სახის ბევრგან აღქმის სარგებელი ბევრად აღემატება შეცდომებს, როდესაც უსულო საგნებში სახე გვეჩვენება. რეალურად სახის სწრაფად გამოვლენაში დიდი სარგებელია. ჩვენი ტვინი ცხვირის, პირის და თვალის ღრუს ყველგან ეძებს და მას ძალიან სწრაფად ამუშავებს", — ამის შესახებ ახალი კვლევის წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა დევიდ ალაიზმა თქვა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ადამიანის ევოლუციის განმავლობაში, ტვინმა შეიმუშავა სპეციალიზებული ნერვული მექანიზმები, რომლებიც სახის სტრუქტურის გამოყენებით მას ძალიან სწრაფად ადგენს.
ალაისის თქმით, ადამიანს სახის ამოცნობა უსწრაფესად სჭირდებოდა, შესაბამისად ჩვენი ტვინი ისე ჩამოყალიბდა, რომ ამისთვის მილიწამები გვჭირდება.
"ჩვენ ვუყურებთ ნივთს, ვიცით, რომ ამ ობიექტებს სახე არ აქვს, მაგრამ სწრაფი აღქმის გამო ვტყუვდებით. ჩვენი ტვინი ყველაფერში თავისთვის ნაცნობის ამოცნობას ცდილობს", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრები დააკვირდნენ ტვინის მოქმედებას მაშინ, როდესაც ადამიანი ნივთში სახეს ხედავს, მაგრამ იცის, რომ ეს რეალური არ არის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მას შემდეგ რაც პარეიდოლიური ეფექტი ფიქსირდებოდა, ტვინი ისე ფუნქციონირებს, როგორც რეალური სახის აღქმისას.
"პარეიდოლური ეფექტის დროს ჩვენი ტვინი კონკრეტულ გამოსახულებას ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც ეს ადამიანის სახის დაფიქსირებისას. ამასთან, ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ თუ რა განწყობით არის ჩვენს მიმართ ესა თუ ის სახე. ეს იმიტომ, რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ჩვენი ტვინი მხოლოდ სახის ამოცნობით არ კმაყოფილდება და ის მისი "განწყობის" გარკვევას ცდილობს. ეს მცდელობა ფიქსირდება მაშინაც, როდესაც ადამიანი სხვადასხვა ობიექტებში "გამოსახულ" სახეს ხედავს.
კვლევა ჟურნალ Proceedings of Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები