უძველეს ბიბლიურ ამბავს უკვე ზუსტი სამეცნიერო ახსნა აქვს — როგორ განადგურდა სოდომის პროტოტიპი ქალაქი
შუა ბრიჯაოს ხანაში, დაახლოების 3600 წლის წინ, მკვდარი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ იორდანეს ველზე ქალაქი ტალ ელ-ჰამამი მდებარეობდა. ეს იყო ბრინჯაოს ხანის ყველაზე ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი სამხრეთ ლევანტში, რომელიც ადრეული ცივილიზაციის მასპინძელი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში გახლდათ, სიდიდით კი 10-ჯერ აღემატებოდა იერუსალიმს. ეს ყველაფერი კი მანამ, სანამ აქამდე მეცნიერთათვის სავარაუდო მოვლენა მას პირისაგან მიწისა აღგვიდა.
ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Scientific Reports-შია გამოქვეყნებული, ამ მოვლენას ნათელს ჰფენს. ნაშრომის მიხედვით, ქალაქის განადგურება კოსმოსური ზემოქმედების, უფრო კონკრეტულად კი მეტეორის ან კომეტის აფეთქების შედეგია.
ტალ ელ-ჰამამი საყვარელი ადგილია არქეოლოგებისა თუ ბიბლიის მკვლევართათვის, გორაკი მასპინძლობს კულტურის მტკიცებულებებს ენეოლითიდან, ანუ სპილენძის ხანიდან მოყოლებული. ეს ქალაქი ნადგურდებოდა და ნანგრევებზე ახლიდან ისევ შენდებოდა. თუმცა. შუა ბრინჯაოს ხანის II ფენაში არის 1.5 მეტრიანი ინტერვალი, რომელიც თავისი ძალზედ უჩვეულო მასალების გამო, მკვლევართა შორის დიდ ინტერესს იწვევს.
2 000 ცელსიუს გრადუსზე მაღალი ტემპერატურის გავლენის მტკიცებულება
იმ ნარჩენების გარდა, რომელთა აღმოჩენა ამ შრეში, ომებისა და მიწისძვრების შედეგად იყო მოსალოდნელი, გათხრებისას აქ იპოვეს შუშაში შედუღებული თუნუქის ზედაპირები, დუღილისგან ბუშტუკებგაჩენილი ტალახის აგური და ნაწილობრივ გამდნარი სამშენებლო მასალა, ეს ყველაფერი კი ანომალიურად მაღალ ტემპერატურულ მოვლენაზე მეტყველებს, იმაზე გაცილებით მაღალ ტემპერატურაზე, რომლის მიღება მაშინდელი ტექნოლოგიით იყო შესაძლებელი.
"ჩვენ ვნახეთ 2 000 ცელსიუს გრადუსზე მაღალი ტემპერატურის მტკიცებულება", — ამბობს ჯეიმს კენეტი, დედამიწის მეცნიერებათა პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მისი ჯგუფი ამ მომენტისთვის სხვა კოსმოსურ აფეთქებასაც სწავლობს, რომელმაც 12 800 წლის წინ დიდ მასშტაბზე გავრცელებული ხანძრები, კლიმატის ცვლილება და ცხოველების გადაშენება გამოიწვია. როგორც ჩანს, გამლღვალი მასალები, რომელიც ტალ ელ-ჰამამში იპოვეს, მისთვის ნაცნობი სწორედ ამიტომ აღმოჩნდა.
"არსებობს დიდი კოსმოსური აფეთქების მტკიცებულება, იმ ქალაქთან ახლოს, რომელსაც ტალ ელ-ჰამამს უწოდებდნენ", — ამბობს კენეტი. ეს აფეთქება ტუნგუსკის მეტეორიდის ჩამოვარდნის მსგავსი იყო, რომელიც 1908 წლის 30 ივნისს მოხდა. ეს 12-მეგატონიანი აფეთქება იყო, როცა 56-60 მეტრის მეტეორიდის აფეთქება ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებასთან შედარებით 1000-ჯერ მძლავრი იყო.
ნაშრომის თანახმად, ტელ ელ-ჰამამის აფეთქების სიდიდე საკმარისი იყო იმისათვის, რომ მთელი ქალაქი მიწასთან გაესწორებინა, გაებრტყელებინა სასახლეები, კედლები მათ გარშემო და აგურის სტრუქტურებიც. ძვლების განაწილება კი მიუთითებდა "აფეთქებასთან ახლოს მყოფი ადამიანების ჩონჩხის ფრაგმენტაციასა და უკიდურეს დისარტიკულაციაზე".
კენეტის თქმით, კოსმოსური აფეთქების კვალი სხვა უამრავი, სხვადასხვა ტიპის ანალიზის გზითაც დასტურდება. მათ შორის, მიწისა და სედიმენტების ანალიზის გზითაც, სადაც უმცირესი რკინისა და სილიციუმით მდიდარი სფერულები აღმოჩნდა, ისევე, როგორც გამდნარი მეტალები.
"ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა კვარცი. ეს არის ბზარის შემცველი ქვიშის მარცვლები, რომლებიც წარმოიქმნება მხოლოდ ძალიან მაღალი წნევის პირობებში", — თქვა კენეტმა, როცა ტალ ელ-ჰამამის მახლობლად, ათასწლეულების წინ მომხდარი დიდი აფეთქების მტკიცებულებებზე საუბრობდა. "ჩვენ მოვიპოვეთ კვარცი ამ ფენაში, ეს ნიშნავს, რომ მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა იყო, რამაც კვარცის კრისტალების შერყევა გამოიწვია. კვარცი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მინერალია, რომელზე მსგავსად ზემოქმედებაც ძალიან ძნელია".
მარილის ანომალიურად მაღალი კონცენტრაცია და მკვდარი ზღვა
აფეთქება ასევე ხსნის "მარილის ანომალიურად მაღალ კონცენტრაციას" დესტრუქციის ამსახველ ფენაში, რომელიც სედიმენტში საშუალოდ 4%-ს, ხოლო ზოგიერთ ნიმუშში 25%-ს შეადგენს.
"მარილი მაღალი წნევის პირობებში ამოიტყორცნა და ეს შეიძლება იყოს ის მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა მკვდარ ზღვაზე, რომელიც მდიდარია მარილით", — განაცხადა კენეტმა.
აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მკვდარი ზღვა, ასევე მისი შემოგარენიც მდიდარია მარილით. აფეთქებამ შესაძლოა მარილის კრისტალები ტალ ელ-ჰამამის გარეთაც მიმოაბნია. მეცნიერთა თქმით, სწორედ ეს მოვლენა შეიძლება იყოს პასუხისმგებელი გვიანი ბრინჯაოს ხანის პერიოდზე, როცა იორდანეს ველი ადამიანისგან მიტოვებული იყო. ამ მიწაზე არაფერი იზრდებოდა და ადამიანებმა ეს ტერიტორია (ქალაქიდან 25 კილომეტრის რადიუსი) ასწლეულების განმავლობაში მიატოვეს. ტალ ელ-ჰამამის ახლიდან აგებისა და ამ არეალის დასახლების მტკიცებულებები კი რკინის ხანიდან ჩნდება, დაახლოებით 600 წელიწადში ქალაქის განადგურებიდან.
ტალ ელ-ჰამანი — ბიბლიური სოდომის პროტოტიპი?
ტალ ელ-ჰამანი დებატების საგანი სხვა კუთხითაც არაერთხელ გამხდარა. ეს შეიძლება იყოს ბიბლიური სოდომის პროტოტიპი, ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც თუ ძველ აღთქმას დავუჯერებთ, ღმერთმა გაანადგურა. ბიბლიის თანახმად, სოდომის ერთ მცხოვრებს, ლოტს ორი ანგელოზი გადაარჩენს, ისინი მას სთხოვენ, გაქცევისას უკან არ მოიხედოს. ლოტის ცოლი კი ჩერდება და მარილის სვეტად იქცევა. ამასობაში კი ციდან ცეცხლი და გოგირდის ქვები ცვივა. ქალაქი განადგურებულია, ცეცხლის კერებიდან კი სქელი კვამლი ამოდის. ქალაქის მოსახლეობა დაღუპულია, მოსავალი განადგურებული. ეს ყველაფერი კი კოსმოსური ზემოქმედების მოვლენის თვითმხილველთა გადმოცემას ჰგავს და საკმარისია იმისათვის, რომ ბიბლიური სოდომი ტალ ელ-ჰამამთან დავაკავშიროთ.
"ყველა დაკვირვება, რომელიც ძველ აღთქმაშია გადმოცემული, თანხვედრაშია კოსმოსურ აფეთქებასთან. თუმცა, ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულება არ გვაქვს, რომ ეს განადგურებული ქალაქი ნამდვილად სოდომია ძველი აღთქმიდან", — ამბობს კენეტი.
თუმცა, მკვლევრების თქმით, ბიბლიური აღწერილობა შესაძლოა სულაც ზეპირსიტყვიერებით გადაცემული ინფორმაციით ყოფილიყო ნასაზრდოები. ტალ ელ-ჰამამი მეორე უძველესი ქალაქია, რომელიც კოსმოსური ზემოქმედების შედეგად განადგურდა. პირველი ამ კუთხოთ აბუ ჰურეირაა სირიაში. ეს ამბები კი ზეპირსიტყვიერად თაობებს გადაეცემოდა, მანამ, სანამ ინფორმაციის გადაცემის სხვა გზა — წერა არ გახდა აქტუალური. მკვლევართა თქმით, კოსმოსური აფეთქების მოვლენები ასე აღმოჩნდა ბიბლიაში და მათი გამეორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ამაზე ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები და 1908 წელს მომხდარი ტუნგუსკის აფეთქების მასშტაბებიც მეტყველებს.
კომენტარები