ძილი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რადგან ამ დროს ჩვენი ორგანიზმი ძალებს აღიდგენს, თუმცა, ხშირად, გამოძინებაში ესა თუ ის ფაქტორი გვიშლის ხელს. დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ ამ პროცესზე გავლენას მთვარე, კერძოდ კი მისი ფაზების მონაცვლეობაც ახდენს. ამის გასარკვევად, მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც გამოცემაში Science of the Total Environment გამოქვეყნდა.

სპეციალისტთა ექსპერიმენტში მონაწილეობა შვედეთის ქალაქ უფსალაში მცხოვრებმა 850-მა ადამიანმა მიიღო. ისინი თითოეული ღამის განმავლობაში მათი ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს პოლისომნოგრაფიული მეთოდით აკვირდებოდნენ. კვლევამ რამდენიმე წელს გასტანა და დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ციკლის ყველა ეტაპს მოიცავდა, მათ შორის სავსემთვარეობას და ახალმთვარეობას. პირველი მეტ სიკაშკაშესთან ასოცირდება, ასეთი სინათლე კი ძილს აფრთხობს, ხოლო მეორე — პირიქით.

ფოტო: science

აღმოჩნდა, რომ ძილზე ჩვენი მეზობელი ციური სხეულის სხვადასხვა ფაზა მართლაც მოქმედებს, მაგრამ ეს ყველაზე ერთნაირად არ ვრცელდება. კვლევის თანახმად, კაცებს, რომლებსაც მზარდი მთვარის დროს აკვირდებოდნენ, ბევრად ცუდად და ცოტა ხანს ეძინათ, ვიდრე ამავე სქესის სხვა წარმომადგენლებს მილევადი მთვარის პერიოდში.

რაც შეეხება ქალ ცდისპირებს, მათში ამ ორ პერიოდს შორის ძილის ხანგრძლივობის სხვაობა მხოლოდ 12 წუთი იყო, ეს კი კაცების მონაცემებს, 20 წუთს, საკმაოდ ჩამოუვარდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები ძილსა და მთვარის ფაზებს შორის კონკრეტულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე დასკვნების გამოტანის საშუალებას არ გვაძლევს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამის მიღმა გრავიტაციული და გეომაგნიტური ეფექტებიც იმალებოდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.