კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც ცხვირში შევისხურებთ — ცდის შედეგები იმედისმომცემია
ახალი პრეპარატი თაგვებზე უკვე წარმატებით გამოსცადეს.
დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ერთი რამ აქვთ საერთო — მათ ინიექციის გზით ვიკეთებთ. თუმცა, ეს შესაძლოა, მალე შეიცვალოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჰიუსტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომელიც ცხვირში შესასხმელადაა განკუთვნილი და რაც მთავარია, თაგვებზე ჩატარებულ ცდაში მან დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ კვლევა გამოცემაში iScience გამოქვეყნდა.
სპეციალისტთა განცხადებით, სპრეი უსაფრთხოა და ორგანიზმს ინფექციის მიმართ მძლავრი იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარება. ის ანტისხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს და ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, არაინვაზიური მეთოდით მიიღება.
ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი პრეპარატი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის იმუნიტეტსაც აყალიბებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც ვიცით, SARS-CoV-2 ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, ანუ ჩვენს ორგანიზმში ეს პათოგენი სხვისი ცხვირიდან ან პირიდან გამოყოფილი ნაწილაკებით ხვდება. შესაბამისად, ანტიგენის პირდაპირ ცხვირში შეშვება ინფიცირების საფრთხეს აგვარიდებს თავიდან.
ამის მიუხედავად, მსგავსი სპრეი, სხვა ვაქცინებთან შედარებით, ნაკლებად ეფექტიანია, რადგან საკმარის ანტიგენს არ შეიცავს და დამხმარე ნივთიერებას საჭიროებს, რომელიც მის იმუნოგენურობას ზრდის. მეცნიერებმა სწორედ ამგვარი დამხმარე სუბსტანციის, სახელად NanoSTING-ის გამოცალკევება შეძლეს და ის თაგვების სხეულში შეუშვეს.
ასევე, იხილეთ: Moderna კორონავირუსისა და გრიპის საერთო ვაქცინაზე მუშაობს
ცდამ წარმატებით ჩაირა. პრეპარატის წყალობით, მღრღნელებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავეს, რისთვისაც მხოლოდ 7 დღე დასჭირდათ. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ნაზალური სპრეის ამა თუ იმ ქვეყანაში ჩატანა პრობლემა არ იქნება, რადგან ის გაუყინავად 11 თვე ძლებს.
კომენტარები