მეოცე საუკუნის დასაწყისის პარიზი სიურრეალისტური წრეების თავშეყრის ადგილი იყო, სადაც ხელოვანები ფიზიკურ და ქვეცნობიერი გონების სურვილებს იკვლევდნენ. ამ მოძრაობას ის სახელგანთქმული კაცი მხატვრები ედგნენ სათავეში, რომლებსაც თავიანთი შემოქმედებითი მზერა ქალის სხეულის ფორმებისაკენ ჰქონდათ მიმართული. "ქალების სხეულები სიურრეალისტური მხატვრობის უმთავრეს ობიექტად იქცა. ისინი იდუმალებით შემოსეს, გააფეტიშეს და გააუცხოვეს", — წერს იზაბელა სკოტი 2017 წლის Artsy-ს სტატიაში.

ამ მხრივ არც სიურრეალისტი ფოტოგრაფები ყოფილან გამონაკლისები. მან რეიმ თავის ცნობილ ნამუშევარში კიკი დე მონპარნასის სხეული ვიოლინოდ გადააქცია. ანდრე კერტესი კი თავისი მოდელების სხეულებს ურჩხულისებრ ფორმებად წარმოსახავდა. განსხვავებით კაცი ხელოვანებისაგან, იმდროინდელი ქალი ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ დორა მაარი და ლი მილერი, ხშირად მხოლოდ მუზებად აღიქმებოდნენ. მათ ნამუშევრებს ჩრდილავდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ. თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოებამ მათი ხელახლა აღმოჩენა დაიწყო.

მან რეი, ენგრის ვიოლინო, 1924 წელი.

ფოტო: Musée National d'Art Moderne, Centre Georges Pompidou, Paris

ანდრე კერტესი, გამრუდება #82, 1933 წელი.

ფოტო: GALLERY FIFTY ONE

დღევანდელ ფოტოგრაფიაში სიურრეალისტური მიმდინარეობა ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ბევრი ხელოვანი მისთვის დამახასიათებელ ხედვას დამოუკიდებლად მაინც იყენებს. ისინი აღბეჭდავენ იმას, რასაც ზიგმუნდ ფროიდი "დამზაფვრელს" უწოდებს, რათა ის სამყარო, რომელიც გვემშობლიურება, ოდნავ გააუცხოონ და ამ გზით მაყურებელში დისკომფორტის გრძნობა გააღვიძონ.

დღეს უმეტესად ქალები თამაშობენ დიდი როლს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ გამოიყურება თანამედროვე სიურრეალისტური ფოტოგრაფია. ისინი აღბეჭდავენ სიზმრის მსგავს სამყაროებს, უჩვეულო კონტრასტებს და ისეთ ფუტურისტულ ხედვებს, რომლებიც რაღაც ახალს ამბობენ თვითაღქმაზე, უფრო ფართო სოციალურ საკითხებზე, ქვეცნობიერ გონებასა და თავად მედიუმის ილუზიურ ბუნებაზე.

ამ სტატიაში შვიდ ქალ ფოტოგრაფს გაგაცნობთ, რომლებიც 21-ე საუკუნეში სიურრეალისტურ ხელოვნებას ახლებური პრიზმით გვანახებენ.

სიგ ჰარვი

სიგ ჰარვის სკაუტი და ვარსკვლავები, 2013 წელი.

ფოტო: Kopeikin Gallery

სიგ ჰარვის თეთრი ჯადოქარი ჩრჩილი, 2012 წელი.

ფოტო: Huxley-Parlour

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, სიგ ჰარვიმ სახლი გადასაღებ მოედნად აქცია, რაც ჯადოსნური გარემოს შესაქმნელად ხელსაყრელი ადგილი აღმოჩნდა. ერთ-ერთ ფოტოსურათზე მისი შვილი, სკაუტი ჩაბნელებული კედლიდან აციმციმებული ვარსკვლავების ქვეშაა მოკალათებული. სხვა ფოტოში კი მის კბილზე გამობმულ წითელ ძაფს ვხედავთ. რაც შეეხება ჰარვის ავტოპორტრეტებს, მისი გამოსახულებები ხშირად ბუნდოვანია, ზოგში კი ის ზურგშექცეული დგას, რითაც თავისი ცხოვრების იდუმალ მთხრობელად წარმოგვიდგება. ფოტოგრაფი ბავშვობას, მოგონებებსა და დროს საოცარი ექსცენტრულობით და შეუვალი პირდაპირობით იკვლევს, რაც მის შემოქმედებას მაგიური რეალიზმის ბეჭედს ასვამს.

ჰარვის კადრებს გარკვეული სინაზე დაჰყვება, რაც კანზე არეკლილი სინათლის თუ ჩიტების კოხტა ბუმბულების ასახვით მიიღწევა. სიმყიფის ამგვარი შეგრძნება ფოტოგრაფის მესამე მონოგრაფიის — შენ ხარ ორკესტრი, შენ ხარ ბომბი (2017) — ცენტრშიცაა მოქცეული. ჰარვიმ მასზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ავტოავარიაში მოყვა და შედეგად რამდენიმე კვირით მეტყველების უნარი დაკარგა. შესაბამისად, ნამუშევარი იმ ყოველივე ძვირფასის გადააზრებაა, რაც ხელოვანმა კინაღამ დაკარგა.

ხანდახან ჰარვი ჯადოსნურ სამყაროსთან კავშირზე პირდაპირ მიუთითებს — მაგალითად, იმ კადრში, სადაც აპყრობილ ხელებში ილუზიონისტის ქუდია მოქცეული. უფრო ხშირად კი მის ფოტოსურათებში ის იდუმალი ძალა გადმოიცემა, რომელიც ბუნებისთვისაა დამახასიათებელი. ამის მაგალითები ღამით მოყვავილე მცენარეებისა და ფრთებგაშლილი თეთრი ჩრჩილის ფოტოებია. მისი ბოლოდროინდელი სერია — ვარდისფერი შეხებაა, წითელი მზერაა — ჰარვის ყველაზე მინიმალისტურ ნამუშევრებს აერთიანებს. ეს სერია იმ ფოტოებისგან შედგება, რომლებშიც მკვეთრი წითელი და ვარდისფერი ტონალობის ქსოვილები შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნის ქათქათა თეთრ ტილოსთან, თოვლთან თუ ღამის წყვდიადთან.

აიდა მულუნე

აიდა მულუნეს საფეხურები, 2018 წელი.

ფოტო: David Krut Projects

აიდა მულუნეს რომ არ დაგვამახსოვრდეს (მოგონებები განვითარების პროცესში), 2017 წელი.

ფოტო: David Krut Projects

Washington Post-ის ფოტოჟურნალისტად მუშაობის შემდეგ აიდა მულუნემ შემოქმედებითი ექსპერიმენტები წამოიწყო. ის სტილიზებულ და ფერადოვან აფროფუტურისტულ სურათებს ქმნის, რომლებიც მისი, როგორც ეთიოპიელი ქალის თვითაღქმასა და ზოგადად აფრიკულ იდენტობას უკავშირდება. მოხატული სხეული მულუნეს შემოქმედების სავიზიტო ბარათია, შთაგონების წყარო კი, რა თქმა უნდა, აფრიკული ტრადიციებიდან მომდინარეობს. The Guardian-თან მიცემულ 2017 წლის ინტერვიუში ფოტოგრაფი ხსნის, რომ მისი პერსონაჟების სხეულების მოხატულობა აფრიკული ტრადიციის წარმოჩენის პარალელურად მათ "ეროვნებისა თუ ეთნიკური ჯგუფის მიღმაც წარმოაჩენს, როგორც სუფთა ფურცლებს".

მულუნე ეთიოპიაში დაიბადა, თუმცა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. სამშობლოში დაბრუნების მერე კი მან ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებში პირველი საერთაშორისო ფოტოფესტივალი, Addis Foto Fest დააარსა.

მისი ნათელი ფოტოები მდიდარ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რითაც ფოტოგრაფი მშობლიურ მემკვიდრეობას პატივს მიაგებს და აფრიკას ახლებური თვალით გვანახებს. როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ, WaterAid, მულუნეს სოფლებში სუფთა წყლის საჭიროებაზე ყურადღების გასამახვილებელი კამპანიისთვის ფოტოების გადაღება სთხოვა, თავის სერიაში, წყლის ცხოვრება (2019), მულუნემ კონცეპტუალურ ხედვას არ უღალატა; მან დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილას, დალოლში გადაღებულ კადრებში სათქმელი მყვირალა ფერების შთამბეჭდავი გამოყენებით გადმოსცა. "სამყარო გამუდმებით უყურებს აფრიკის სოციალური პრობლემების ამსახველ ფოტოებს", — განაცხადა მულუნემ ამ კამპანიაზე საუბრისას, — "ჩემი მიზანი იყო, რომ ეს თემები ხალხისათვის ისეთი კლიშეების გარეშე მიმეწოდებინა, როგორსაც მედიაში ხშირად ვხვდებით".

ჰანა უითეკერი

ჰანა უითეკერის განზომილებები, 2019 წელი.

ფოტო: Marinaro

ჰანა უითეკერის ხუთი ხელი 2, 2017 წელი.

ფოტო: M+B

ჰანა უითეკერის გრაფიკული ფოტოები, ერთი შეხედვით, კოლაჟებია. ამის შთაბეჭდილებას რამდენიმეშრიანი ფერები, ფორმები, გამოსახულებები და ის სილუეტები ქმნის, რომელთა დახმარებით უითეკერი გონივრულ კომპოზიციას აგებს. თუმცა ის, ამასთან, ოდნავი არასრულყოფილებისთვისაც ტოვებს ადგილს, რაც მის შემოქმედებით პროცესსაც ააშკარავებს.

უითეკერის ყველა გამოსახულება კამერაშივეა შექმნილი. ამისათვის ის დიდი ფორმატის ცალკეულ ფირზე რამდენიმე კადრს ფენებად იღებს. ეს ფრთხილი სამუშაო გრძელვადიან დაგეგმარებას მოითხოვს. უითეკერი ფოტოს გადაღებისას 4x5 კამერაში სხვადასხვანაირად ამოჭრილ ფურცელს ათავსებს, რითაც ფირის ნაწილებს ფარავს. "თუ წარმოიდგენთ, რომ გამოსახულების თითოეული ცარიელი ადგილი ან სექცია დამოუკიდებელი ნამუშევარია, მაშინ მიხვდებით, თუ რამდენად ჩახლართულ პროცესთან გაქვთ საქმე", — განაცხადა უითეკერმა Time-ის 2016 წლის ნომერში, — "ფირის თითოეული ფურცლით გადაღება შეიძლება რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს".

უითეკერის სურათები მომხიბვლელ ქარგებს ქმნიან. ისინი ხშირად 1980-იანი წლების გრაფიკულ დიზაინს, ხელოვან ანი ალბერსის პრინტებს და აფრო-ამერიკელი მქსოველი ქალების, Gee’s Bend-ის ტექსტილებს მოგვაგონებს. ნამუშევრებში, როგორიცაა განზომილებები (2019) და ხუთი ხელი 2 (2017), უითეკერი მკლავების, სახეების, ფეხებისა და გულ-მკერდის შთამბეჭდავ სილუეტებს აღბეჭდავს. და, მართალია, ყოველი ნიმუშის შესაქმნელად უდიდესი ჯაფაა გაწეული, თუმცა საბოლოო შედეგს სიმსუბუქის შეგრძნება მოაქვს და ფოტოზე აღბეჭდილის ილუზიურ ბუნებას ააშკარავებს.

ამინა ბენბუჩტა

ამინა ბენბუჩტას დაკარგული სამოთხე, 2013 წელი

ფოტო: Sabrina Amrani

ამინა ბენბუჩტას Sans Titre 02, 2015 წელი.

ფოტო: Sabrina Amrani

მაროკოელი ფემინისტი ხელოვანი, ამინა ბენბუჩტა მრავალ სფეროში მოღვაწეობს და თავისი პოეტური ენის გადმოსაცემად ავტოპორტრეტებს ფოტოგრაფიაში აქტიურად იყენებს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგი რენე მაგრიტის შემოქმედებით ხაზს აგრძელებს, რადგან ფოტოგრაფს საკუთარ სახის სხვადასხვაგვარი ნივთით დაფარვა სჩვევია. თუმცა, სინამდვილეში, მისი განზრახვა სიურრეალისტი მხატვრის მიზნისგან განსხვავდება. მაგრიტს თავისი ნამუშევრებით მისტიკური გარემოს შექმნა სურდა, ხოლო ბენბუჩტა ფოტოსურათებით იმ ქალების მდგომარეობას გადმოსცემს, რომლებიც არაბულ ქვეყნებში ჩაგვრას განიცდიან.

ამ გზავნილის აუდიტორიამდე მისატანად იგი იმ იკონოგრაფიას მიმართავს, რომელშიც გამოყენებულია დათვის ხაფანგები, ფრინველის გალიები და კიბეები. ეს სიმბოლოები გადმოსცემს როგორც დამონების, ასევე გათავისუფლების შესაძლებლობასაც. ბენბუჩტა გადასაღებად უპირატესობას მკვეთრად განათებულ ინტერიერსა და ამწვანებულ ბაღებს ანიჭებს, რათა ფიგურა და სივრცე კარგად გამოიკვეთოს. ავტოპორტრეტებში სახის დამალვით ბენბუჩტა თავის პირად ისტორიას კი არ გვიყვება, არამედ კოლექტიურ სოციალურ-კულტურულ პრობლემებს ააშკარავებს.

კარენ ნორი

კარენ ნორის უბიწო ჩასახვა, 2015 წელი.

ფოტო: MATÈRIA

კარენ ნორის ნამუშევრებში ცხოველები მდიდრულ შენობებში ბინადრობენ. მათ ვხედავთ ინდურ სასახლეებში, აბუ-დაბის სალოცავებსა და იტალიურ ვილებში. გერმანიაში დაბადებული ფოტოგრაფი, რომელიც პუერტო-რიკოში გაიზარდა და დღეს ლონდონში მოღვაწეობს, ნამუშევრებში პრივილეგიისა და სიმდიდრის ფენომენს იკვლევს. ნორი ცხოველებს არქიტექტურული სივრცეების ბინადრებად აქცევს, მათ შესარჩევად კი ზოოპარკებსა და ბუნებას სტუმრობს და კადრებს იქვე უღებს. ერთ-ერთ სურათში ვხედავთ, რომ პალერმოში მდებარე სასახლეში ორ ჟირაფს კისრები ერთმანეთისკენ წაუგრძელებია, ხოლო ლე კორბუზიეს ვილა სავოიში ჩიტების ფრენის მომსწრენი ვხდებით.

2015 წელს ნორის ობიექტივში ლონდონის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო, ლეინსბორო მოხვდა. ერთ-ერთ სურათში ირემი, რომელიც მარგალიტის ყელსაბამს ატარებს, კამერას პირდაპირ უმზერს და თავის ნუკრებთან ერთად იქ დგას, სადაც ჩვეულებრივ საქორწინო წვეულებები იმართება ხოლმე. სხვა ფოტოში კი სასტუმროს ფოიეს რამდენიმე ზებრა ამშვენებს.

"ცხოველები ადგილებზე წარმოდგენას გვაცვლევინებენ", — აღნიშნა ნორიმ The New York Times-ის 2011 წლის ინტერვიუში, — "მათ ამ სივრცეებში არეულობა, საფრთხე შეაქვთ. ჩემი დაკვირვებით, კონცეპტუალური ხელოვნება ხშირად თავის თავს ძალიან სერიოზულად აღიქვამს. მე არ მსურს, ასეთი სერიოზული ვიყო, მე ისეთი სურათის შექმნა მინდა, რომელიც ორაზროვანი იქნება".

ლუსია ფეინზილბერი

ლუსია ფეინზილბერის ბროწეული — მზარეულის წიგნის სერიიდან, 2019 წელი.

ფოტო: Praxis

ლუსია ფეინზილბერის Somewear-ის სერიიდან, 2014 წელი.

ფოტო: Lucia Fainzilber

მდიდრული ფლორა, ფერად-ფერადი ხილ-ბოსტნეული და კაშკაშა ტექსტილები არგენტინელი ფოტოგრაფის, ლუსია ფეინზილბერის შემოქმედებაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ავტოპორტრეტების სერია Somewear-ში (2014) ხელოვანის ფიგურა და ქსოვილების ფონი ერთმანეთში იკარგება, რაც საბოლოოდ კამუფლაჟის ეფექტსა და მისტიკურ გამოსახულებას ქმნის. ფეინზილბერი თავის ნატურმორტების სერიაში, მზარეულის წიგნი (2019), სხვადასხვა ფერს, ყვავილის ფურცლების ტექსტურასა და ჭურჭელზე მოთავსებულ ხილს აღსაბეჭდ ობიექტებად იყენებს. მისი მომნუსხველი შემოქმედება, რომელიც იდუმალებით მოცულ ნამუშევრებს უყრის თავს, მრავალფეროვანი კარიერული გამოცდილების დამსახურებაა. მას უმუშავია ხელოვნების კრიტიკოსად, კოსტუმების დიზაინერად და კოლორისტადაც. ფეინზილბერი სიზმრისეულ ნატურმორტებსა და პორტრეტებს სახვითი ხელოვანის ხედვასა და რედაქტორისეულ გონივრულობას შორის ბალანსის დაჭერით ქმნის.

ფოტოგრაფმა Somewear-ზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლიური ქვეყნიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. სერიის სურათები ერთგვარი დოკუმენტია, რომელიც თვითაღმოჩენის პროცესს აღბეჭდავს. "ჩემი კამერა სარკის ფუნქციას ასრულებდა, როცა საკუთარი თავის შეგრძნება დავიწყე იმ ჩვილის მსგავსად, რომელიც საკუთარ მეს სხვებთან შეპირისპირებით აღიქვამს", — განაცხადა მან Aint–Bad-თან 2017 წლის ინტერვიუში.

ვივიან სასენი

ვივიან სასენის მადრა, 2018 წელი.

ფოტო: Stevenson

ვივიან სასენის სურო, 2010 წელი.

ფოტო: Stevenson

დაახლოებით ოცი წელია, რაც ნიდერლანდელი ფოტოგრაფი ვივიან სასენი იდუმალებით მოცულ ფოტოებს მდიდრული ფერთა პალიტრის გამოყენებით იღებს. მისი ნამუშევრები გარკვეული ადგილისა და დროის შეგრძნებას კი იწვევს, თუმცა სივრცის და პერიოდის აღქმა მაინც ყოველთვის ბუნდოვანია. მისი ნარატივები ერთდროულად რეალურობის განცდასაც ტოვებს და გამოგონილისაც, რადგან სასენისეული ჩრდილების გამოყენების ტექნიკა და ღრმა ხავერდოვანი ფერები დეზორიენტაციის შეგრძნებას იწვევს.

სასენი სიურრეალისტური ტექნიკებითაა შთაგონებული და კოლაჟების შექმნის პარალელურად, ჰანა ჰიოხისა და დორა მაარის მსგავსად, ფოტომონტაჟსაც მიმართავს. "ჩემთვის სიურრეალიზმი ნიშნავს, განსჯის და ტრადიციული დოგმების გავლენის გარეშე გამოცადო და დაინახო სამყარო", — განაცხადა მან Dazed-თან 2018 წლის ინტერვიუში, — "ეს, ასევე, ნიშნავს ჩვენში არსებული პარალელური სამყაროების აღმოჩენას და იმ ქვეცნობიერ გონებასთან კავშირის დამყარებას, რომელიც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს".

სასენი ისეთ ადრინდელ სერიებში, როგორებიცაა Flamboya (2004-2008) და პარასომნია (2007-2011), აფრიკული ქვეყნებისა და კულტურების სილამაზეს აღბეჭდავს. იგი ბავშვობაში კენიაში ცხოვრობდა და ამ სერიებზე მუშაობა სწორედ იქაური მოგონებების წყალობით დაიწყო.

მოგვიანებით სასენი სხეულითა და ქალურობის ფენომენით დაინტერესდა, რამაც უბიძგა ისეთი სერიები შეექმნა, როგორიცაა ტალახისა და ლოტოსის (2017) და როქსან II (2017). ვნება, სიმდიდრე და ხრწნა კი სასენის ბოლოდროინდელი სერიის, ვენერა & მერკური (2020), მთავარი თემებია.