მთავარი არხის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი მიმოწერა, ძირითადად, Facebook-ის მესენჯერიდან არის გაჟონილი. კვესიტაძის თქმით, მათ შორის ისიც, როგორ მიულოცა დაბადების დღე მელქისედეკმა.

"მოკლედ, სადაც ვნახე ჩემი თავი — ფეისბუქ ინბოქსიდან არის ძალიან ბევრი რამე. მათ შორის ისიც, როგორ მომილოცა დაბადების დღე მელქისედეკმა. ასევე, ჩემი და ნინია კაკაბაძის მიმოწერა, სადაც ნინიას ვეუბნები, რომ არ ვიცნობ პეტრე ცაავას და მასთან შეხვედრა მაინტერესებს-მეთქი. ანუ, რასაც ფეისბუქის ინბოქსში ვწერთ მეგობრებო, ყველაფერი სუსმა იცის", — წერს კვესიტაძე ფეისბუქში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად On.ge სუს-თან დაკავშირებას შეეცადა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: