უცნობი სახეობა — აღმოაჩინეს "მოცურავე თავი", რომელიც 500 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა
როგორც ჟურნალ Royal Society Open Science-ში ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი კვლევა იტყობინება, მეცნიერებმა ბერჯესის თიხოვან ფიქალში (კანადა) მახვილკუდიანის გიგანტური, პრეისტორიული მონათესავე სახეობა აღმოაჩინეს. ივარაუდება, რომ იგი იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქმნილება იყო, რითაც აქამდე აღმოჩენილ პრეისტორიულ კიბორჩხალებს უსწრებს.
ონტარიოს სამეფო მუზეუმის პალეონტოლოგებმა ახალ სახეობას Titanokorys gainesi შეარქვეს. იგი კამბრიული პერიოდით — 541-485.4 მილიონი წლის წინანდელი ეპოქის ნაწილი, როდესაც ევოლუციის ყველაზე ინტენსიური აფეთქება მოხდა — დათარიღდა. მაშინ, როცა იმ დროს ოკეანეში მცხოვრები ორგანიზმები ნეკა თითსაც კი არ აღემატებოდნენ, Titanokorys სიგრძეში ნახევარ მეტრზე გრძელი აღმოჩნდა.
"სახეობის ამგვარი სიდიდე სრულებით დამაბნეველია. ეს კამბრიულ ერაში აღმოჩენილთაგან ერთ-ერთი უდიდესი ცხოველია", — განაცხადა ჟან-ბერნარდ კარონმა, მუზეუმის თანამშრომელმა და ტორონტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.
Titanokorys-ი და Anomalocaris-ები რადიოდონტები იყვნენ. როგორც პრესრელიზი აღწერს, ისინი პრიმიტიულ ფეხსახსრიანებს წარმოადგენდნენ "მრავალწახნაგოვანი თვალებით, ანანასის ნაჭრის ფორმის, ხაზებით დაფარული პირით, თავს ქვემოთ ეკლებიანი მარწუხებით, რათა მსხვერპლი დაეჭირათ და სხეულით, რომელსაც საცურაოდ განკუთვნილი ფარფლების წყება გააჩნდა".
"საიდუმლოებით მოცულ ცხოველებს ოკეანის საგების კამბრიულ ეკოსისტემებზე უდავოდ დიდი გავლენა ექნებოდათ. წინა კიდურებით ისინი პირთან ყველაფრის მიტანას შეძლებდნენ, რასაც კი პატარა ეკლებით დაიჭერდნენ", — დაამატა კარონმა.
რადიოდონტთა ზოგიერთ სახეობას თავზე კარაპაქსებიც — დამცავი ნიჟარები — ჰქონდა, Titanokorys-ს კი აქამდე ნანახთაგან უდიდესი აღმოაჩნდა. საუბედუროდ, მეცნიერებს კარგად არ ესმით, თუ რატომ შეინიშნება ზოგიერთ რადიოდონტში კარაპაქსის ზომებისა და ფორმების ესოდენ დამაბნეველი წყება, თუმცა Titanokorys-ის ფართო, ბრტყელი თავი, შესაძლოა, სწორედ იმისათვის იყო ასეთი, რათა ოკეანის ფსკერზე კვება შესძლებოდა.
"თავი სხეულთან შედარებით ბევრად გრძელია, თუმცა ცხოველები მხოლოდ მოცურავე თავებსაც არ წარმოადგენენ", — განაცხადა ჯო მოისუკმა, კვლევის თანაავტორმა და ტორონტოს უნივერსიტეტის სადოქტოროს სტუდენტმა.
ბერჯესის თიხოვანი ფიქალი, რომელიც კანადაში, კერძოდ კოტენეის ეროვნულ პარკში მდებარეობს, დაახლოებით 10 წლის წინ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, ზონაში უკვე Titanokorys-ის მონათესავე არაერთი უფრო პატარა სახეობაა ნაპოვნი, რომელთაც მსგავსი ფორმის თავის კარაპაქსები ჰქონდათ. პალეონტოლოგებზე დაყრდნობით, Titanokorys-ები და მისი მონათესავე სახეობები, შესაძლოა, ოკეანის ფსკერზე მცხოვრები ანალოგიური ნადავლისთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
კომენტარები