NASA-ს გაუმჯობესებული ანტენებით სიგნალებს ჩვენი მზის სისტემის მიღმა გავაგზავნით
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი, შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელი ქსელი (DSN) მსოფლიოში უდიდეს სატელეკომუნიკაციო სისტემას წარმოადგენს. ის უზარმაზარი რადიოანტენებისგან შედგება, რომლებიც პლანეტათაშორისი მისიების ფარგლებში გაგზავნილ ხომალდებთან ინფორმაციის მიმოცვლაში გვეხმარება და რეაქტიული ძრავების ლაბორატორიიდან (JPL) იმართება.
NASA-ში მომუშავე სპეციალისტები ამჟამად ცდილობენ გააუმჯობესონ ქსელი, რომელიც 1963 წლიდან ფუნქციონირებს და 39 მისიის მიმდინარეობაში მუდმივადაა ჩართული. მეცნიერებს მისი შესაძლებლობების გაფართოება სურთ, რისთვისაც აშშ-ში, ესპანეთსა და ავსტრალიაში მდებარე კომპლექსებში განლაგებული ანტენების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში ქალაქ მადრიდში არსებულ სადგურში რიგით მე-13 თეფში უკვე აღმართეს. ის პირველია, რომელიც ყველა საკომუნიკაციო სიხშირეს იჭერს და, შესაბამისად, ნებისმიერ აპარატთან დაკავშირება შეუძლია. მალევე, განახლების 11-თვიანი პროცესის შემდგომ, დასრულდა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მდებარე ერთ-ერთი ანტენის გაუმჯობესებაც. ის სამხრეთ ნახევარსფეროში ერთადერთია, რომლის მძლავრი გადამცემიც Voyager 2-სთვის სიგნალის გაგზავნას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ჩვენგან საკმაოდ შორს, ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადაადგილდება.
როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 ახალი, 70-მეტრიანი თეფში დაიდგმება. ერთ-ერთ მათგანს ქალაქ მადრიდში, მეორეს კი ქალაქ ბარსტოუში არსებულ გოლდსთოუნის სადგურში განათავსებენ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ხმა ჩვენი მზის სისტემის მიღმა, Voyager 2-ზე შორს წასულ ზონდსაც მივაწვდინოთ.
განახლებულ ქსელს ერთი ანტენიდან რამდენიმე სიგნალის მიღება და ციფრულ გადამცემში მათი განაწილებაც შეუძლია. ეს სხვადასხვა მისიისთვის თვალყურის ერთდროულად მიდევნებაში და მეტი მონაცემის მიღებაში დაგვეხმარება.
კომენტარები