აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიესალმება ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერათ 19 აპრილის შეთანხმებაზე. დეგნანის განცხადებით, ეს არის კარგი ნიშანი იმისთვის, რომ სამომავლოდ ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების იმპლემენტაცია მოხდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის რეფორმები და ნაბიჯები, რომლებზეც ქართველი ლიდერები ერთმანეთში შეთანხმდნენ, ეს არ დაწესებული არც აშშ-ს ან ევროკავშირის მიერ, ეს შეთანხმება მოხდა ქართველ ლიდერებს შორის. ამიტომ ეს კარგი ნიშანია, რომ ბევრმა მოაწერა ხელი იმ რეფორმების იმპლემენტაციას, რომელიც აუცილებელია საქართველოს წინსვლის გასაძლიერებლად. ეს არის რეფორმები, რომელიც ეკონომიკისა და საარჩევნო პროცესს გააძლიერებს, რეფორმები, რომელიც ყველა ქართველის ცხოვრებას ეხება და ძალიან კარგი ნიშანია, რომ ენმ-მ გადაწყვიტა ხელი მოეწერა", — აღნიშნა დეგნანმა.

მისივე თქმით, შეთანხმებაში გაწერილი რეფორმები კლავ აქტუალური რჩება, ამიტომ აუიცლებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა სერიოზულად მიიღოს ქართველი ლიდერების ეს გზავნილი, რომ მათი აღსრულება და მათზე მუშაობა პრიორიტეტულია.

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. მისივე თქმით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმა და ქართული ოცნების ბოლო განცხადებები არის ღია პოლიტიკური განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე და სწორედ ეს გახდა მათთვის ბიძგი, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ. მელიამ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააახლოებს და შეკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.