ავატარების მეშვეობით კოსმოსში დისტანციურად ვიმოგზაურებთ — Space Avatar Project
თანამედროვე მსოფლიოში კოსმოსური ტურიზმის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, თუმცა, შესაძლოა, მალე იქ არა მხოლოდ ხომალდებისა და რაკეტების, არამედ ავატარების მეშვეობითაც ვიმოგზაუროთ. სწორედ ამას ისახავს მიზნად იაპონიის კოსმოსური სააგენტოსა (JAXA) და ტოკიოში დაფუძნებული კომპანიის avatarin Inc. ერთობლივი პროექტი, სახელად Space Avatar Project, რომლის ფარგლებშიც ავატარის ტექნოლოგიის განვითარება და დახვეწა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის დემონსტრაცია ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში შედგა. მაშინ საჯაროდ ხელმისაწვდომი ავატარი იაპონურ საექსპერიმენტო მოდულში "KIBO" გამოსცადეს და ის ასტრონავტებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენეს. ინოვაციური იდეის გარშემო გაერთიანებულ სპეციალისტებს ამ წარმატებული ცდის მასშტაბების გაფართოება და ტექნოლოგიების გაუმჯობესება სურთ, რაშიც მათ ტოკიოს უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის მეცნიერები დაეხმარებიან.
პროექტში ჩართული დაწესებულებების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი ტექნოლოგია კოსმოსში დისტანციურად გამგზავრების, ასტრონავტთა დისტანციურად დახმარებისა და კოსმოსთან დაკავშირებული გამოცდილებების ასევე დისტანციურად შეძენის საშუალებას მოგვცემს.
მათგან პირველში ავატარის როლს ISS-ის ბორტზე დამონტაჟებული ეკრანი შეასრულებს, რომელსაც საკომუნიკაციო ფუნქცია ექნება და დედამიწიდან გაკონტროლდება. მას სადგურზე არსებულ მოდულებში თავისუფლად გადაადგილება შეეძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები იქაურობას ვირტუალურად დაათვალიერებენ. რაც შეეხება მეორე სერვისს, ის ასტრონავტების მიერ, ავატარის გამოყენებით, კოსმოსურ სადგურებსა თუ მთვარის ბაზებზე ამა თუ იმ ხელსაწყოს მართვასა და სხვა მსგავსი დავალებების შესრულებაში მდგომარეობს. მესამე მიზანი კი JAXA-ს კუთვნილ მოდულებში დისტანციური ტურების მოწყობას ითვალისწინებს, რომლის დემონსტრაციაც უახლოეს მომავალში იაპონიაში მდებარე ტანეგასიმას კოსმოსურ ცენტრში განლაგებულ მუზეუმში განხორციელდება.
კომენტარები