ლეიბორისტული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, პარტიას არათუ საარჩევნო ბილბორდების, არამედ გადაადგილების საშუალებაც კი არ აქვს. ასე ეხმაურება ის მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ბილბორდებს სპეციალურად არ იყენებს.

"ლეიბორისტულ პარტიას კონკრეტულად არ აქვს იმის საშუალება, რადგანაც ხელისუფლებამ ის დასაჯა, წაართვა ყველა პრივილეგია, იმიტომ, რომ ჩვენ არ შევედით პარლამენტში. არათუ ბილბორდის, არამედ გადაადგილების საშუალებაც არ აქვს პარტიას. მაგრამ, მიუხედავას ამისა, ჩვენ არჩევნებს მაინც მოვუგებთ", — განაცხადა გუგავამ.

დღეს, 31 აგვისტოს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია რეკლამებს იმიტომ არ იყენებს, რომ შემდეგ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ისაუბროს. პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, "შეგუებულია გარდაუვალ მარცხს" და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება.

ქართულმა ოცნებამ 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონპოექტი, რომლის მიხედვითაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდათ. საქართველოს იურისტთა ასოციაციამ კანონპროეტის მიღება მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის დასჯის მსჯელობად შეაფასა, ხოლო ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებდა, რომ მიღებულ კანონპროექტს არ ეთანხმებოდა და მისი გადახედვის იმედი ჰქონდა.

პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ აღნიშნული თანხა — 20 000 ლარი თვეში — ბიძინა ივანიშვილს ყოველთვე "თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისთვის სჭირდება".