არის თუ არა დარღვევა წინასაარჩევნოდ დევნილებისა და სამხედროებისთვის ბინების გადაცემა
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხელისუფლებამ 300-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება დააანონსა, 500 სამხედროს კი ბინები გადასცა. ოპოზიცია ამ ფაქტს მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენებას უწოდებს, რასაც ქართულ ოცნებაში არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პროექტები წლის სხვა დროსაც ხორციელდება, მაინცდამაინც არჩევნების წინა პერიოდში გადაცემა არასამთავრობო სექტორისთვის კითხვებს აჩენს — ისინი მთავრობას და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე საუბრობენ.
ბინების გადაცემის შესახებ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა 30 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მოგვიანებით კი განმარტება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავას თქმით, საუბარია დევნილების იმ კატეგორიაზე, ვინც აქამდე საცხოვრებელი ფართის დაკანონება ვერ მოახერხა.
"300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად დაუკანონდება ის ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ეს არის დევნილი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები, ასევე ის მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში ამა თუ იმ ფართში ცხოვრობდა და ვერ იკანონებდა. მივიღეთ გადაწყვეტიელება და მათ გადავეცით სიმბოლურ ფასში და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი.
ეს არ არის ერთჯერადი აქტი. ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და მათი შუამდგომლობის საფუძველზე გადავცემთ და ვუკანონებთ მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც დე ფაქტო იმყოფებიან, მაგრამ სამწუხაროდ, კანონიერი საკუთრების უფლება არ ჰქონდათ. ეს კეთდება რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ბორჯომში, ზესტაფონში, თბილისში, ეს პროცესი გაგრძელდება", — განაცხადა თურნავამ.
31 აგვისტოს კი მთავრობამ 500 სამხედროს თბილისში ბინები გადასცა. გადაცემის ცერემონიალს პრემიერმინისტრიც ესწრებოდა და თქვა, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიერ 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულებაც მისი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაემთხვა ეს პროცესი საარჩევნო პერიოდს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მეთაურია და მუშაობას ვერავინ აუკრძალავს.
"მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერმინისტრი. მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს. დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს ჩვენს დაკომპლექსებას, მე, რა თქმა უნდა, არ დავექვემდებარები ამ კონიუნქტურას", — აცხადებს ის.
ოპოზიციაში კი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ქართული ოცნების მიერ საბიუჯეტო რესურსის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს სახელისუფლებო კორუფციის ნაწილია.
"ქართულმა ოცნებამ ამ წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი გაფლანგა, მოიხმარა კოურფციისთვის და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და დევნილები და მათი გასაჭირი ახლა ახსენდებათ. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური კორუფციით და ამ ამაზრზენი ვაჭრობით არიან დაკავებული", — ამბობს ლელოს წარმომადგენელი, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი, საბა ბუაძე.
ამასთან, როგორც ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ლაშა დამენია აცხადებს, დევნილებისთვის ბინების დაკანონება ხელისუფლებას აქამდეც შეეძლო, მაგრამ ახლა სწორედ საარჩევნო მიზნებისთვის იყენებენ, რათა ხმების მობილიზება შეძლონ.
ამ აზრის იზიარებს ლეიბორისტების ლიდერიც და ამბობს, რომ მმართველ პარტიას მოსახლეობის მოსყიდვის გარდა სხვა გზა არა აქვს დარჩენილი.
"პრემიერმინისტრად წოდებული ეს არსება, მოსყიდული ფიგურა, ოლიგარქის მიერ დაქირავებული ხელის ბიჭი, რა თქმა უნდა, მოისყიდის. აბა, ვინ უნდა მისცეს ამათ ხმა?" — ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ოპოზიციის ამ შეფასებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველ პარტიაში. თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა 30 აგვისტოს მედიასთან განაცხადა, რომ ოპოიციის ლოგიკით მთავრობამ მუშაობა უნდა გააჩეროს და ისინი ამას არ გააკეთებენ.
"მაშინ რა გავაკეთოთ? ნებართვებს, რომელსაც გავცემ, ინფრასტრუქტურლ პროექტებს, რომელსაც ვახორციელებ, მაშინ მოსყიდვა არ არის? ზუსტად იგივე თემაა. ეს არის მუნიციპალური საკითხი და მაშინ უნდა დავხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, მუნიციპალიტეტი საერთოდ აღარ უნდა ფუნქციონირებდეს და ეს იქნება ნორმალური? ეს არის სრული სისულელე. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. მომდევნო დღეებში კიდევ ვაპირებთ ამ ბინების გადაცემას და დაკანონებას", — აცხადებს კახა კალაძე.
On.ge ამ საკითხზე არჩევნების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართის დაკანონების და დევნილებისთვის ბინების წინასაარჩევნოდ გადაცემის საკითხი წლების განმავლობაში პრობლემატურია, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა არასაარჩევნო პერიოდშიც ხდება.
სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნოდ ამგვარი ღინისძიებები ყოველთვის აჩენს ამომრჩეველთა მოსყიდვის ეჭვებს, რადგან წაშლილია ზღვარი მთავრობას და მმართველი პარტიის ინტერესებს შორის.
"ის, მოქალაქეეზე ზრუნვა და დევნილების დახმარება ნამდვილად სახელმწიფოს მოვალეობაა და ცხადია, მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფომ ადამიანებს დახმარება გაუწიოს. თუმცა, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილია ერთი თვე და ამ პერიოდში ბატონი პრემიერი თავად აკეთებს კანდიდატების წარდგენას, ძალიან რთულია, მისი ნებისმიერი ქმედება და დაპირება გამიჯნო — ეს არის სახელმწიფოს მიერ გაცემული დაპირება და განსახორციელებელი ქმედებები თუ ეს არის პოლიტიკური პარტიის მიერ გაცემული დაპირება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამას არჩევნების ჭრილში განვიხილავთ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ამომრჩევლის გულის მოგებისკენ გადადგმული ნაბიჯი და ცხადია, ამას ემსახურება და კიდევ ერთხელ იშლება ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. ეს კი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ხნის პრობლემაა და ამაზე ჩვენც ბევრი წელია, ვსაუბრობთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც", — ამბობს დოლიძე.
TI-ის წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი კი აქცენტს პროგრამების განხორციელების დაუსაბუთებლობასა და საერთაშორისო მონიტორების შეფასებებზე აკეთებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პრობლემაზე მიუთითებენ.
"კანონის დარღვევაზე გასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი და კონკრეტული ადამიანებისთვის ბიუჯეტიდან თანხის თუ რაღაც რესურსის გადაცემა სასურველი არ არის. მით უმეტეს, როდესაც მმართველ პარტიას ისედაც აქვს უპირატესობა იმ მხრივ, რომ სახელმწიფო ჩვეულებრივად აგრძელებს ფუნქციონირებას და ბევრი პროექტი ისედაც ხორციელდება. რეალურად კი ვიღებთ იმას, რომ ბიუჯეტში შეტანილ ჩვენს ფულს ერთი პარტია იყენებს საკუთარი პარტიული მიზნებისთვის და ეს არის სწორედ ზღვრის წაშლა მთავრობას და პარტიას შორის. ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ამ ზღვრის წაშლა არ უნდა ხდებოდეს და ეს ძალიან ცუდ პრაქტიკად მიიჩნევა", — ამბობს ლევან ნატროშვილი.
მისი თქმით, ამას ემატება ის, რომ არ არსებობს გონივრული დასაბუთება ხელისუფლების მხრიდან, რატომ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები მაინცდამაინც ამ პერიოდში. ამიტომ ნატროშვილი მიიჩნევს, რომ კარგი პრაქტიკა იქნება, თუ მსგავსი პროგრამები, რომლებიც პირდაპირ ამომრჩეველთა გულის მოგებაზეა ორიენტირებული, საარჩევნო პერიოდში არ განხორციელდება.
კომენტარები