მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე ბევრად ექსტრემალურ პირობებშიც არსებობს
მეცნიერებმა სტატიაში მოხსენიებულ პლანეტებს, მათი გარემოს შესაბამისად, "ჰიკეანური" შეარქვეს, როგორც წყალბადისა (hydrogen) და ოკეანის (ocean) გაერთიანებული ტერმინი.
მეცნიერთა გუნდმა ეგზოპლანეტათა ახალი კლასი აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დედამიწისაგან მკვეთრად განსხვავდებიან, მკვლევრების თქმით, შესაძლოა, დედამიწის ფარგლებს მიღმა სიცოცხლისათვის შესანიშნავი კანდიდატები აღმოჩნდნენ.
ე.წ. ჰიკეანური პლანეტები მათთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურით, ოკეანით დაფარული ზედაპირითა და წყალბადით მდიდარი ატმოსფეროებითაა ცნობილი. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ აქ დედამიწაზე ექსტრემალური პირობებია. მიუხედავად ამისა, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები — ჟურნალ The Astrophysical-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორები — ამბობენ, რომ ჰიკეანის ოკეანეებმა შესაძლოა თეორიულად მაინც უზრუნველყოს იმავე ტიპის მიკრობული ცხოვრება, რომელიც დედამიწის ოკეანეებში არსებობს.
"ჰიკეანური პლანეტები სრულებით ახალ ჰორიზონტს გვიშლის დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნისას", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა და კემბრიჯის ასტრონომმა ნიკკუ მადჰუსუდანმა.
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლის ნიშნები მოიპოვება, საცხოვრებლად ვარგისი ეგზოპლანეტების ძებნისას ძირითადად დედამიწის მსგავს პლანეტებს ეძებდნენ ხოლმე. შედეგად ჰიკეანური პლანეტები შეუმჩნეველი დარჩა — მათი რადიუსი თითქმის 2,6-ჯერ, მასა კი 10-ჯერ აღემატება დედამიწის პარამეტრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ ტემპერატურა შესაძლოა 200 გრადუსამდეც კი აღწევდეს.
ასევე იხილეთ: ახლომდებარე პლანეტაზე, შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს — კვლევა.
თავისთავად, ეს ყველაფერი თქვენთვის ცუდია, თუკი აქ ადამიანთა მოდგმის დასახლება განგიზრახავთ, თუმცა ექსტრემოფილი უცხოპლანეტელებისთვის ქვეყნიერების დასასრული ნამდვილად არ იქნებოდა.
"ძალიან ამაღელვებელია, რომ საცხოვრებლად ვარგისი გარემო შესაძლოა დედამიწისგან განსხვავებულ პლანეტებზეც არსებობდეს", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ანჯალი პიეტმა.
ამჟამად ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაა — არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ რომელიმე ჰიკეანურ პლანეტაზე სიცოცხლე რეალურად არსებობს. თუმცა, რადგან ეგზოპლანეტათა კლასი საცხოვრებლად ვარგის სხვა კანდიდატებს ძალიან სჭარბობს, შესაძლოა მეცნიერებს ახლა მეტი შანსი ჰქონდეთ, რომ მათზე რაიმე აღმოაჩინონ.
"პლანეტებზე ბიომარკერის აღმოჩენა სამყაროში სიცოცხლის ჩვენეულ გაგებას შეცვლიდა", — თქვა მადჰუსუდანმა — "მიმღებლურები და გახსნილები უნდა ვიყოთ იმის შესახებ, თუ სად ველით სიცოცხლის აღმოჩენას და რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს მას, რადგან ბუნება მუდამ განაგრძობს ჩვენს გაოცებას, ხშირად საკმაოდ წარმოუდგენელი გზებითაც კი".
კომენტარები