ახლომდებარე პლანეტაზე, შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს — კვლევა
მეცნიერები 35 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის — L 98-59-ის გარშემო მოძრავ კლდოვან პლანეტას დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავთან სიახლოვის გამო, მასზე, პოტენციურად თხევადი წყლის გარემოები უნდა იყოს. თავის მხრივ, ეს მას უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიების საქმეში საკმაოდ კარგ კანდიდატად აქცევს.
ხუთშაბათს, ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეგზოპლანეტის მასა, დაახლოებით, ვენერას მასის ნახევარს უდრის, თუმცა მისი დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, თხევადი წყლის ოკეანეებითაა დაფარული.
"დასახლებად ზონაში მდებარე ამ პლანეტას, შესაძლოა, ასევე ჰქონდეს ატმოსფერო, რომელიც დაიცავს ხმელეთზე მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებს", — აღნიშნა ობსერვატორიის რელიზში ესპანეთის ასტრობიოლოგიის ცენტრის ასტრონომმა და კვლევის თანაავტორმა, მარია როსა ზაპატერო ოსორიომ.
ევროპული სამხრეთ ობსერვატორიის (ESO) ESPRESSO ინსტრუმენტის გამოყენებით ევროპელ მეცნიერთა გუნდმა შეისწავლა ყველაზე პატარა ზომის ეგზოპლანეტები, რაც ოდესმე რადიალური სიჩქარის მეთოდით დაუფიქსირებიათ.
სამწუხაროდ, ეგზოპლანეტა L 98-59b, რომელიც შერჩეული პლანეტებიდან ყველაზე პატარა ზომისაა და ერთადერთია, რომელზეც, მეცნიერების აზრით, თხევადი წყლის ოკეანეები უნდა იყოს, ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ პირდაპირი ვიზუალიზაციის საშუალებით შეძლონ მისი ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის შესწავლა. თუმცა, გუნდი ფიქრობს, რომ მიღებული მონაცემების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტა ვარსკვლავთან არც ზედმეტად ახლოსაა და არც ზედმეტად დაშორებულია მისგან, მისი ატმოსფეროც წყლის შემცველი უნდა იყოს.
მეცნიერთა გუნდი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობენ, რომ მომავალი ობსერვატორიები და ასტრონომიული ხელსაწყოები, როგორიცაა NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი და ESO-ს დიდი ტელესკოპი, მათ საშუალებას მისცემს, უფრო ახლოდან შეისწავლონ პლანეტა და გაარკვიონ, მართლაც არის თუ არა მასზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები.
კომენტარები