ამერიკის არმიამ პირველი ლაზერული იარაღი საბრძოლო ვითარებაში გამოსცადა
დრონების გუნდები თანამდეროვე ბრძოლების თავსატეხად იქცა. მათ შეუძლიათ უსწრაფესად ამოიცნონ სამიზნეები და მათ თავზე შეუმჩნევლად აღმოჩნდენ. აზერბაიჯან-სომხეთის ომში ნათლად გამოჩნდა თუ რამხელა როლი ექნებათ დრონებს უახლეს კონფლიქტებში.
თუმცა, წამყვანი ქვეყნები დრონების გასანეიტრალებელ საშუალებებზეც აქტიურად მუშაობენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი პირველი ლაზერული იარაღი საბრძოლო სიტუაციაში გამოსცადა. მოიაზრება, რომ ლაზერული იარაღი დრონების წინააღმდეგ ეფექტური იქნება.
მრავალი წლის განმავლობაში ლაზერული იარაღები სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი იყო. კომერციული ან სათამაშო ლაზერები დიდი ხანია ადამიანების ხელში არსებობს, თუმცა ძლიერი, საბრძოლო ლაზერების შექმნა საკმაოდ რთული საკითხია. დროდადრო, ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად მძლავრი ლაზერების სამხედრო ტექნიკაზე განთავსებაც შესაძლებელი გახდა. მათ შეხვდებით როგორც ჯავშანტექნიკაზე, ასევე გემებზე და მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად ის ერთ-ერთ საუკეთესო პოტენციურ საშუალებად მიიჩნევა.
ქვეყნები ლაზერული იარაღის განვითარებაზე დიდი ხანია მუშაობენ. ერთ-ერთი პროტოტიპი, რომლებიც გემებზე განლაგდება საფრანგეთმაც გატესტა, ხოლო ისრაელი ლაზერული იარაღის შეიარაღებაში მიღებას 2025 წლისათვის გეგმავს.
აშშ-ს ვერსიას Directed Energy-Maneuver Short-Range Air Defense (DE M-SHORAD) ჰქვია და მისი შემუშავება 24 თვეზე ნაკლებ დროში მოხდა — ამის შესახებ ამერიკის არმიამ პრესრელიზით გვამცნობა.
მისი შესაძლებლობების გასატესტად ამერიკის არმიის ოპერატიული შესაძლებლობებისა და კრიტიკული ტექნოლოგიების მართვის ცენტრმა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გუნდთან ითანამშრომლა. ლაზერი ჯავშანტრანსპორტ Stryker-ზე განთავსდა.
ლაზერი ივლისში, რეალური სცენარების გათამაშებით გამოსცადეს. ასევე, ის დეტალურად გააცნეს სამხედროებს. მათ შეისწავლეს იარაღის 3D სქემები და დაეუფლნენ მისი მართვის მეთოდებს.
გარდა დრონებისა, ლაზერული სისტემების გამოყენება რაკეტების და უფრო დიდი საფრენი აპარატების ან სულაც თვითმფრინავების ჩამოსაგდებადაც მოიაზრება. ამერიკის არმია ლაზერების შეიარაღებაში მიღებას მომავალ წელს გეგმავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები