ფრინველების 460-ზე მეტი სახეობა ადამიანის გამო გადაშენდა — კვლევა
კაცობრიობამ ბოლო 50 000 წლის განმავლობაში დედამიწის სრული კოლონიზაცია მოახდინა, რაც საბოლოოდ ბევრ სახეობაზე ცუდად აისახა, მათ შორის ფრინველებზე.
ჟურნალ Biogeography-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია პლეისტოცენის დასრულების შემდეგ სულ მცირე 469 ფრინველის სახეობის გადაშენება.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს სამეცნიერო ლიტერატურა ფრინველთა ყველა სახეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო 50 ათასწლეულში გადაშენდნენ. მათ აღმოაჩინეს მთელი რიგი მკაფიო ნიმუშები, რომლებიც მტკიცედ მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი წინაპრები იყვნენ ამ გადაშენების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
აღსანიშნავია, რომ გადაშენებული ფრინველის 90 პროცენტი კუნძულებზე ცხოვრობდა და იქ ადამიანების გამოჩენიდან მალევე გაქრა. ეს საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება, რადგან ფრინველებზე და მათ კვერცხებზე ადამიანები აქტიურად ნადირობდნენ. იგივეს აკეთებდნენ ის მოშინაურებული ცხოველები, რომლებიც კუნძულზე ადამიანთან ერთად ჩნდებოდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებმა განსაკუთრებით ისეთ სახეობებზე იქონიეს გავლენა, რომლებიც ფრინველებს მიეკუთვნებიან, მაგრამ თავისუფალი ფრენა არ შეუძლიათ. დამატებითმა ანალიზმა ცხადყო, რომ ყველა გადაშენებული ფრინველის სახეობის სხეულის მასა დაახლოებით შვიდჯერ აღემატებოდა ფრინველის არსებულ ჯიშებს. ეს მიგნება გულისხმობს იმას, რომ დიდ ფრინველებზე ადამიანები უფრო აქტიურად ნადირობდნენ, რაც ემთხვევა წინა კვლევებს, რომლებმაც აჩვენეს, რომ დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, პირველები გადაშენდებიან, როდესაც ადამიანი ახალ ადგილას ჩადის.
"საერთო ჯამში ჩვენ შევძელით 469 ფრინველის სახეობის აღრიცხვა, რომლებიც გადაშენდნენ ბოლო 50 000 წლის განმავლობაში, მაგრამ გვჯერა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია", — ამბობს კვლევის ავტორი პროფესორი შაი მეირი განცხადებაში.
ამასთან, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ წარსულში ფრინველთა მრავალი სხვა სახეობა იყო ბევრად დიდი და დღეს გავრცელებული ფრინველები უფრო პატარა ზომის არიან.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები