2021 წლის ბოლოს მზის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში უდიდესი ბატარეების სისტემა ამუშავდება
Manatee Energy Storage Center — მზის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში ყველაზე დიდი ბატარეების ობიექტი უკვე 75%-ით დასრულებულია და 132 კონტეინერიდან 100 უკვე დამონტაჟებულია. ბატარეები წლის ბოლოსთვის სრულად ამოქმედდება.
დასრულების შემდეგ, სისტემას ექნება 409 მეგავატი სიმძლავრე და 900 მგვტ/სთ ენერგიის მიწოდების უნარი. ამას 329 000 სახლისთვის ორი საათის განმავლობაში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუძლია.
"FPL ასრულებს თავის მტკიცე ვალდებულებას, გახადოს ფლორიდა ლიდერი მდგრადობისა და გამძლეობის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ თანმიმდევრულად ვაძლევთ ამერიკის საუკეთესო ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ეს ელექტროენერგია, არ არის მხოლოდ სუფთა და საიმედო, არამედ ხელმისაწვდომიცაა", — თქვა FPL-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ სილაგიმ.
ამით FPL ენერგიის წარმოების გარდაქმნას ცდილობს.
"ივნისში, ჩვენ დავემშვიდობეთ ქვანახშირით გამომუშავებულ ენერგიას, FPL-ის ბოლო ნახშირის ქარხნის დემონტაჟით და მიზნად დავისახეთ, რომ 2030 წლისთვის 30 მილიონი მზის პანელის შექმნა. მალე მსოფლიოში ყველაზე დიდ ბატარეებს ავამუშავებთ, რომლებიც განახლებად ენერგიას გამოიყენებენ", — ამბობენ FPL-ში.
აღსანიშნავია, რომ ბატარეა ინახავს და გასცემს ენერგიას მაშინაც კი, როდესაც მზე არ ანათებს (ღამით და მოღრუბლულ დღეებში), რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიის სხვა დამაბინძურებელი წყაროები არ იქნება საჭირო.
FPL-ის თანახმად, თითოეული ბატარეის მოდულს შეუძლია შეაგროვოს მზის ენერგიის ოდენობა, რაც ექვივალენტია iPhone-ის დაახლოებით 2 000 ბატარეის. სრული ბატარეის სისტემა ექვივალენტური იქნება 100 მილიონი iPhone-ის ბატარეისა. ენერგიის შესანახი კონტეინერები მოეწყობა 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ბატარეას 40 წლის განმავლობაში შეეძლება ფუნქციონირება.
"12 მილიონზე მეტი მზის პანელის დამონტაჟებით და 40-ზე მეტი მზის ენერგიის ცენტრის ფუნქციონირებით, FPL მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარების უდიდესი მწარმოებელი იქნება", — ამბობენ FPL-ში.
თუმცა, FPL-ის წარმომადგენლების თქმით, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ისინი განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ კიდევ უფრო ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები