ავღანელი ქალები დამსხვრეული ოცნებებისა და შიშების პირისპირ
"ილოცეთ ჩვენთვის" — ასეთ წერილებს სწერდნენ ჯერ კიდევ ქაბულის აღებამდე ახალგაზრდა ქალები საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებს. იმის იმედად, რომ მათი ხმა გაჟღერდებოდა, მსოფლიო მოისმენდა და დაეხმარებოდა, ჰყვებოდნენ, რომ ეშინიათ და თავისუფლების დაკარგვა არ სურთ.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, BBC-ის კორესპოდენტისთვის გაგზავნილ წერილებში ქალები ამბობდნენ, რომ თუ თალიბები ერთპიროვნულ მმართველობას დაამყარებენ, ავღანეთი დაბრუნდებოდა იქ, საიდან ამოსვლასაც უკვე 20 წელია ცდილობენ. 15 აგვისტოს სწორედ ეს რეალობა დადგა — თალიბანმა ქაბული აიღო, მთავრობა და პრეზიდენტი გაიქცა.
20-წლიანი ბრძოლა და წინააღმდეგობა შიშმა და შეგუების მცდელობებმა ჩაანაცვლა. 15 აგვისტოსვე გარცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ ავღანელები ქუჩებიდან ქალების სახეები გააქრონ — სარეკლამო პოსტერები გადაღებონ ან ჩამოხსნან. 16 აგვისტოს ქაბულში გადაღებულ ვიდეოებში კი ჩანს, რომ ქალები ქუჩებიდან მართლა გაქრნენ — მათი ნაწილი ქვეყნიდან წავიდა, ნაწილი გაქცევას ცდილობს, ნაწილი კი სახლში იმალება.
"რატომ აქვთ ეს შიშები, ან აქამდე როგორ ცხოვრობდნენ?" — სვამს კითხვას ერთ-ერთი პოსტის ქვეშ ქართველი ფეისბუქმომხარებელი კაცი. ჰგონია, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თალიბანი ქალების გაუპატიურებას და მათზე ძალადობას აღკვეთს, სარწმუნოა და ქალები ახლა უკეთ იქნებიან. ვერ ხვდება რისი უნდა ეშინოდეთ ქალებს, რომლებსაც ახსოვთ, როგორ ექცეოდნენ თალიბები 20 წლის წინ.
შეიძლება არც იციან, მაგრამ რეალობა ასეთია — თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.
BBC-ის კორესპონდენტი, იალდა ჰაკიმი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშუქებდა ავღანეთის ამბებს. ადგილობრივ ბევრ ქალს იცნობს, მოსამართლეს, ჟურნალისტს, მასწავლებელს, სტუდენტს, რომლებსაც განათლება, სამსახური და აქამდე დამოუკიდებლად ცხოვრების შანსი ჰქონდათ. ახლა ის ცდილობს ავღანელი ქალების ხმა კიდევ ერთხელ მიაწვდინოს მსოფლიოს.
"ავღანეთის ახალი თაობა იმ თავისუფლებითა და შესაძლებლობებით გაიზარდა, რომელიც მათ წინამორბედებს არ ჰქონიათ. თუმცა, ახლა, როდესაც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგანან, ქალები ამბობენ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობენ იმ სამყაროსგან, რომლის ნაწილადაც აქამდე თავადაც მიიჩნევდნენ თავს", — წერს ჰაკიმი.
ჟურნალისტი იხსენებს მის ბოლო ვიზიტსაც ქაბულში, როდესაც თალიბანის ფრონტის მეთაურებსა და ქვეით ჯარისკაცებს ესაუბრა. მათ უთხრეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ხელახლა დააწესონ შარიათის კანონი, რომელიც "მრუშობისთვის" ჩაქოლვას, ქურდობისთვის კიდურების ამპუტაციასა და 12 წელს გადაცილებული გოგოებისთვის სკოლაში წასვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
ამ ფონზე, ჩანს, რომ ქალების შიში რეალისტურია. ისინი შველას ითხოვენ.
"როგორც ახალგაზრდა, განათლებულ და აქტივისტ ქალს, ძალიან მაღელვებს ეს სიტუაცია, რომელიც ყოველდღე უარესდება. მე და ჩემს ოჯახს გვეშინია, რომ მოგვკლავენ. პრობლემა ისაა, რომ ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ სტუდენტი ვარ. ყველა ის დოკუმენტი დავმარხეთ, რომლითაც თალიბანი ჩვენს იდენტიფიცირებას შეძლებდა. ცხადია, ეს დიდხანს ვერ დაგვიცავს. ახლა მიწისქვეშა თავშესაფრის გაკეთება გადავწყვიტეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ რაკეტებისგან და ტყვიებისგან თავდაცვა დაგვჭირდა. ეს უსაფრთხოების ზომები იქამდე მაინც შეგვინარჩუნებს სიცოცხლეს, სანამ თალიბანი ადამიანების ძებნას კარდაკარ დაიწყებს", — ვკითხულობთ ჰაკიმისთვის მიწერილ შეტყობინებებში.
ქალების მიმართ თალიბანის დამოკიდებულებასა და იმას, თუ რა შეიძლება მოელოდეთ გოგოებს მათი მმართველობისას, თვალნათლივ წარმოაჩენს ავღანელი ჟურნალისტი ქალის, ანისა შაჰიდის ისტორია, რომელსაც თალიბანის იმდროინდელმა ფრონტის მეთაურმა ინტერვიუს მიცემაზე უარი უთხრა — "მან მკითხა, შესაძლებელია თუ არა, ოპერატორს (კაცს) ადგილი გაუცვალო და შენ ნაცვლად კითხვები მან დამისვასო" — იხსენებს ანისა.
შაჰიდი თალიბანის მიერ ქაბულის აღებამდე იმ შიშზეც ყვებოდა, რომელიც ავღანელებისთვის რეალობად იქცა:
"მეშინია, რომ ის ძალისხმევა, რომელიც 20 წლის განმავლობაში მედიამ და ავღანელმა ხალხმა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩადო და რომლის ყველაზე დიდი მონაპოვარიც გამოხატვის თავისუფლებაა, უბრალოდ დაიკარგება... ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ავღანეთის ყველა პროვინციაში მოგზაურობაა. მინდა, მათი სილამაზისა და განვითარების შესახებ მოყოლა შემეძლოს. ვფიქრობ, რომ ყველა ავღანელის სურვილია, კარგი ამბავი გაიგოს. ვოცნებობ, მშვიდობიანი ავღანეთი ვნახო".
თალიბანი ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა ქალების გაჩუმებას, როდესაც ნაკლები ძალაუფლება ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყნის დიდ ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქს აკონტროლებს, საფრთხე უფრო გაიზარდა. აქამდე თალიბებმა სცადეს დაეშინებინათ ახალგაზრდა ავღანელი მოდის ფოტოგრაფი, ფატიმა ჰოსეინიც. ის მუდმივად ცდილობდა თავის ფოტოებში იმ ქალების სახეები გამოეჩინა, რომლებიც "წესებს არღვევენ" — წითელ პომადას ისვამენ, ელექტრონულ გიტარაზე უკრავენ, ველოსიპედს ატარებენ, ეწევიან.
ჰოსეინი ყვება, რომ ფოტოების გადაღებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა — უწევდა დალაპარაკებოდა ქალების მშობლებს, ქმარს, ზოგჯერ ძმასაც, თუმცა მათი გამოქვეყნებისა და მედიასთან საუბრის შემდეგ უარეს დაბრკოლებას აწყდებოდა — თალიბანს. ფატიმა ამბობს, რომ თალიბებისგან მუქარის შემცველი მესიჯების მიღება დაიწყო:
"ისინი ცდილობენ, რომ ამედევნონ, ჩემი ადგილსამყოფელი გაიგონ. არ უნდათ, რომ ხმა ავიმაღლო, არ უნდათ, რომ ვიღებდე და ვაჩვენებდე ქალებს, რომლებიც თავისუფლები არიან".
იქამდე, სანამ თალიბანი ქვეყნის უდიდეს ნაწილზე აიღებდა კონტროლს, ფატიმას ქაბულში დარჩენა და მუშაობა უნდოდა, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ, 14 აგვისტოს ინტერვიუში ამბობს, რომ მისი აზრით, იმისკენ მიექანებიან, რაც 20 წლის წინ ხდებოდა და არ იცის, რა იქნება მომავალში:
"რა დაემართება იმ ყველაფერს, რისთვისაც ორ ათწლეულზე მეტხანს ვიბრძოდით?.. გთხოვთ, არ დაივიწყოთ ავღანეთი და ავღანელი ქალები", — ამ დროს ფატიმა ჯერ კიდევ ქაბულში იყო, თუმცა 16 საათის წინ ინსტაგრამზე ვიდეო ქაბულის აეროპორტიდან გამოაქვეყნა. ვიდეოზე ვკითხულობთ წარწერას:
"გამარჯობა, მსოფლიო. შეხედეთ, რა ხდება ახლა. ქაბულში მყოფი ხალხი პანიკაშია. ყველანი შოკირებულები და განადგურებულები ვართ. გასასვლელი გზა არ გვაქვს. ყველაფერი დავკარგეთ ჩვენი კორუმპირებული ხელისუფლების, ყალბი ლიდერებისა და მათ გამო, ვინც თავი ჩვენი სიცოცხლის ფასად დაიმკვიდრა. თუ გადავრჩი, ისტორიის ეს ნაწილი არასოდეს დამავიწყდება. ისტორიას არასოდეს დაავიწყდება ჩემი ხალხი და ის, რაც გაგვიკეთეს. პანიკაში ვარ. სიტყვები არ მაქვს".
ავღანეთის პარლამენტის წევრი და ქალთა უფლებადამცველი, ფავზია კუფი, რომელსაც თალიბანი თავს არაერთხელ დაესხა, ამბობს, რომ ქალები კვლავაც საფრთხეში არიან, რადგან თალიბებს არ სურთ, გოგოებს ის თავისუფლება ჰქონდეთ, რაც 20 წლის განმავლობაში მოიპოვეს.
"ავღანელი ქალების მომავალი წყვდიადია", — ამბობს კუფი.
თალიბანი ემუქრებოდა ქაბულის ქალთა უმაღლესი სკოლის დირექტორ ნასრინ სულთანისაც, რომლის სკოლაშიც ახლა 8 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. სულთანი იმ მაღალ თანამდებობაზე მყოფ ქალებს შორისაა, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ თალიბანის რეჟიმი საბოლოოდ დაბრუნდა, ეს ნიშნავს იმ წესების დაბრუნებასაც, რომელიც ქალებს სკოლაში სწავლას, სხეულისა და სახის სრული დაფარვის გარეშე გარეთ გასვლასა და კაცის ესკორტის გარეშე სიარულს უკრძალავდა. ის იმ ადამიანების დახვრეტასაც ელის, რომლებიც თალიბანის კანონებს არ დაემორჩილებიან.
"ამ გოგოებს ვუყურებ და ვბრაზდები. ვცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით, რომ ისინი ამ საშინელი სიტუაციისგან დაგვეცვა... გვითხრეს, რომ ყველას დაგვხოცავდნენ", — ამის მიუხედავად, დირექტორი მაინც ცდილობს, გოგოებს მოტივაცია მისცეს, რომ სწავლა არ შეწყვიტონ.
ზებ ჰანიფა (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთია იმ ქალთაგან, რომელმაც თალიბანის თავდასხმის შემდეგ ყველაფერი დაკარგა, რაზეც ოცნებობდა. მან კარიერა 2013 წელს კოლეჯის დასრულების შემდეგ PR კონსულტანტობითა და მწერლობით დაიწყო. მისი თქმით, სამსახურმა "ფრთები შეასხა". ამაყობდა იმით, რომ თავისი დანაზოგით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მარტო მოგზაურობა შეეძლო და ახარებდა, რომ დედის ოცნებაც აასრულა, რომელიც თავისი მშობლიური ქალაქის გარდა არსად ყოფილა.
"მას მუდმივად ეშინოდა, რომ შეიძლება რაღაც ცუდად წასულიყო — ქვეყანაში კონფლიქტის ფონზე გაიზარდა. მისი არ მესმოდა ხოლმე, მაგრამ ახლა მესმის", — ზები დედის სამოგზაუროდ წაყვანას გეგმავდა, თუმცა ახლა აღარ იცის, ასეთი შესაძლებლობა ოდესმე ექნება თუ არა.
ეს შიში ქალებს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს. აეროპორტიდან გამოსული ავღანელი ქალი, რომელიც ქაბულიდან დელიში მას შემდეგ ჩავიდა, რაც დედაქალაქი თალიბანმა აიღო, ამბობს, რომ მის სამშობლოში ქალებს არანაირი უფლება აღარ ექნებათ: "არ მჯერა, რომ მსოფლიომ ავღანეთი მიატოვა".
ავღანეთის ერთ-ერთი პროვინციის მთავრობის წარმომადგენელი წერს, რომ ქალები უკვე პატიმრებად იქცნენ საკუთარ სახლებში და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაზე კონტროლი თალიბანმა აიღო, სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ.
NBC News ავრცელებს წერილსაც, რომელიც ნიმროზში მცხოვრები ქალების ჯგუფმა 8 აგვისტოს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ნიმროზი გახდა პირველი პროვინცია, რომელიც თალიბანმა აშშ-ის ჯარებმა ქვეყნიდან გასვლის შემდეგ აიღო. წერილში ქალები დახმარებას ითხოვდნენ:
"თალიბანმა წინა რეჟიმის დროს გვაჩვენა, რომ ისინი არასოდეს მისცემენ ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამით ისლამსაც ეწინააღმდეგებიან... ჩვენ შიშით ვიღვიძებთ და გათენებამდე ამ შიშით ვცხოვრობთ".
წერილში ქალები მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავენ და მოქმედებისკენ მოუწოდებენ:
სტატიაში გამოყენებული ფოტოები სხვადასხვა დროს არის გადაღებული და არ ასახავს ამჟამად არსებულ რეალობას.
კომენტარები