როგორ იცვლება ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი — ახალი კვლევა
ჩვენ ვიცით, რომ მეტაბოლიზმი ასაკთან ერთად იცვლება, მაგრამ ამ ცვლილებების ზუსტი ვადების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.
ახლა, ახალმა კვლევამ, რომელიც შეისწავლის მეტაბოლიზმს თაობებს შორის, საკმაოდ საინტერესო მიგნებები გვაჩვენა. მკვლევრებმა 29 ქვეყნის ფარგლებში 6,421 ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომელთა ასაკობრივი დიაპაზონი 8 დღიდან 95 წლამდე იყო.
მკვლევრებმა ადამიანების სასმელ წყალში მოათავსეს იზოტოპები და დააკვირდნენ როგორი სიჩქარით გამოიყოფოდა ისინი მათი ორგანიზმიდან. შედეგების მიხედვით, მეტაბოლიზმის პიკი ჩვილის ასაკში ფიქსირდება. ხოლო მოზარდობის პერიოდში, საშუალო ასაკთან შედარებით ცოტათი უფრო მეტ კალორიას ვწვავთ.
"არსებობს მრავალი ფიზიოლოგიური ცვლილება, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად მატულობს. უცნაურია ის, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი ასაკთან ერთად სტაბილურად არ იცვლება", — თქვა ანთროპოლოგმა ჰერმან პონცერმა, დიუკის უნივერსიტეტიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის მეტაბოლიზმი 20 წლის ასაკამდე დაახლოებით 3 პროცენტით ნელდება. თუმცა, ამის შემდეგ მეტაბოლიზმის შენელება ასე აქტიურად აღარ ხდება. როგორც ჩანს, 20-დან 50 წლამდე ჩვენი მეტაბოლიზმი ყველაზე სტაბილურია. 60 წლის შემდეგ, ჩვენი მეტაბოლიზმი წელიწადში საშუალოდ 0,7 პროცენტით ნელდება. ხოლო, როდესაც ადამიანი მიაღწევს 90 წლის ასაკს, საშუალოდ მას სჭირდება ენერგიისთვის 26 პროცენტით ნაკლები კალორია, ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანს. სიცოცხლის პირველი 12 თვის განმავლობაში კი, ბავშვი წვავს კალორიებს დაახლოებით 50 პროცენტით უფრო სწრაფად, ვიდრე ზრდასრული.
"ბავშვის უჯრედებში ხდება რაღაც ისეთი პროცესები რაც მათ უფრო აქტიურს ხდის. ეს პროცესები ბოლომდე ჯერ არ გვაქვს შესწავლილი", — ამბობენ მკვლევრები.
აღსანიშნავია, რომ იზოტოპური წყლის ტექნიკის გამოყენება მსგავსი კვლევისთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ამით მეცნიერებმა შეძლეს დღეში მთელი დახარჯული ენერგიის ზუსტად განსაზღვრა, რასაც აქამდე ჩატარებული სხვა კვლევები ვერ ახერხებდნენ.
სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, მან ასაკთან ერთად მეტაბოლიზმის ცვლილებებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები