როგორ და რატომ შეცვალა ცხოველები ჩვენთან თანაცხოვრებამ
დაახლოებით 8 ათასი წლის წინ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მომთაბარე ტომებმა ტყეებსა და მანგროვებში მცხოვრები ბანკივური ქათმის — კაშკაშა წითელი შეფერილობის ტროპიკული ფრინველის — მოშინაურება დაიწყეს. ამ ფრინველების შთამომავალი თანამედროვე ქათმები დღესდღეობით დედამიწის ყველა წერტილში — ფერმებსა თუ თეფშებზე — შეგვიძლია ვიპოვოთ.
პერ ჯენსენი, შვედეთის ლინჩეპინგის უნივერსიტეტის ეთოლოგიის პროფესორი, საკუთარ ლაბორატორიაში მოშინაურების ამ პროცესის რეკორდულ დროში გამეორებას ცდილობს. ამისათვის ის იმ ბანკივურ ქათმებს აჯვარებს, რომლებიც ადამიანების მიმართ ყველაზე ნაკლებად ავლენენ შიშს. შედეგად, სულ რაღაც 11 თაობის შემდეგ სხვაობა თვალსაჩინო გახდა.
მისი ექსპერიმენტები ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად დრამატული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ცხოველების ქცევაზე ადამიანთან სიახლოვეს.
"გარეული ქათმების გუნდში თუ შეხვალ, ისინი ფრთების დაფეთებული ფართხალით ფარდულის კიდისკენ ეცდებიან გაქცევას", — გვიამბობს ჯენსენი, — "ჩვენ მიერ გამოყვანილი ფრინველები კი მოგიახლოვდებიან და ფეხსაცმელზე დაგიწყებენ ჩანისკარტებას — მათ ადამიანებთან ინტერაქცია სურთ".
ბანკივური ქათმები სხვა მხრივაც შეიცვალნენ. ისინი ერთმანეთისადმი უფრო სოციალურები და საკუთარი გარემოს გამოკვლევით უფრო დაინტერესებულნი გახდნენ. თავის ველურ ბიძაშვილებთან შედარებით, ეს ქათმები ფიზიკურადაც უფრო დიდები არიან, კვერცხებსაც უფრო დიდს დებენ, ტვინი კი უფრო პატარა აქვთ. ამ სხვაობებს ჩვეულებრივ თანამედროვე ქათმებშიც ვხედავთ.
ადამიანებს დიდი გამოცდილება აქვთ ცხოველების მოშინაურებაში. ეს პროცესი ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ჩარლზ დარვინი პირველი იყო, ვინც შენიშნა, რომ მოშინაურებული ცხოველები — მაგალითად, კატები, ძაღლები და კურდღლები — "მოშინაურებულობის" გარდა სხვა თვისებებსაც იზიარებდნენ. ამ ცხოველებს უფრო დახვეული კუდები და უფრო რბილი ყურები ჰქონდათ, ვიდრე მათ ველურ წინაპრებს. მათ ასევე აქვთ შედარებით მცირე ზომის ქვედა ყბა და კბილები, ბეწვზე თეთრი ლაქები უჩნდებათ და უფრო სწრაფად მრავლდებიან. ამ ფენომენს "მოშინაურების სინდრომს" ეძახიან.
"მოშინაურების სინდრომის" ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 1959 წლის ექსპერიმენტში გამოჩნდა. საბჭოთა ბიოლოგებმა, დიმიტრი ბელიაევმა და ლიუდმილა ტრუტმა ციმბირში არსებული ბეწვის ფერმიდან რამდენიმე ათეული ვერცხლისფერი მელა წამოიყვანეს და მათ შორის ყველაზე თვინიერების შეჯვარება დაიწყეს.
გასაოცრად, მეცნიერებმა სულ რაღაც რამდენიმე თაობაში შეძლეს უფრო მეგობრული და მორჩილი მელიების გამოყვანა. განსხვავება მხოლოდ "ქცევითი" არ ყოფილა, ისინი სხვანაირადაც გამოიყურებოდნენ: უფრო მოკლე დრუნჩები, რბილი ყურები, ფერადი ბეწვი და ხვეული, ქანქარა კუდები ჰქონდათ.
მართალია, ამის ზუსტი მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა პოპულარული თეორიის თანახმად, როდესაც ადამიანები ცხოველებს მოსაშინაურებლად აჯვარებენ, ისინი გაუცნობიერებლად ისეთ ინდივიდებს არჩევენ, რომლებსაც შედარებით არასრულფასოვნად განვითარებული თირკმელზედა ჯირკვლები აქვთ. ეს ჯირკვალი "იბრძოლე-ან-გაიქეცი" რეაქციაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ცხოველები, რომელთაც მცირე ზომის თირკმელზედა ჯირკვლები აქვთ, შედარებით ნაკლებად მშიშარები არიან.
ემბრიონის ის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც თირკმელზედა ჯირკვლად ფორმირდებიან, ამასთან, პიგმენტურ უჯრედებად და თავის ქალის, ქვედა ყბის, კბილებისა და ყურების ნაწილებადაც გადაიქცევიან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ "მოშინაურების სინდრომი", შესაძლოა, მართლაც იყოს უფრო თვინიერი ცხოველების შეჯვარების შემთხვევითი გვერდითი მოვლენა.
ჯენსენის მიერ მოშინაურებულ ბანკივურ ქათმებსა და ველურ ფრინველებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ტვინის ღეროს ზომაა. ეს ტვინის ის უძველესი ნაწილია, რომელიც სტრესის მიმართ რეაქციაზეა პასუხისმგებელი.
"ძუძუმწოვრებში ტვინი ძალიან 'ხარჯიანი' ორგანოა, რადგან ის ენერგიის 25-30%-ს მოიხმარს", — გვიზიარებს ჯენსენი, — "თუ ისეთ ცხოველებს შეარჩევთ, რომლებიც შედარებით სწრაფად იზრდებიან და უფრო მაღალი რეპროდუქციული მაჩვენებელი აქვთ, თქვენ მათ ორგანიზმს ენერგიის ახლებურად გადანაწილების მოთხოვნასაც უწესებთ. შინაურ ქათმებს ისეთი კომპლექსური ამოცანების ამოხსნა არ უწევთ, როგორსაც ველური ცხოველები უმკლავდებიან; შესაბამისად, მათ შეუძლიათ, მოტოვებული ენერგია ფიზიკური ზრდისა და რეპროდუქციის გაუმჯობესებისთვის გამოიყენონ".
"მოშინაურების სინდრომი" მხოლოდ სპეციალურად შეჯვარებულ ცხოველებში არ გვხვდება. ისრაელის ჰაიფის უნივერსიტეტის ზოოარქეოლოგ, ლიორ ვეისბროდის კვლევის მიხედვით, სახლის თაგვი სამზარეულოში პირველად დაახლოებით 15 ათასი წლის წინ შეიპარა. ვეისბროდმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებზე არსებულ იმდროინდელ ნასახლარებში — იქ, სადაც ნატუფიანის კულტურის მონადირე-შემგროვებლები ცხოვრობდნენ — თაგვის კბილები აღმოაჩინა.
მას მერე თაგვებმა დედამიწის ყველა კუთხეში იმოგზაურეს და ყოველთვის ადამიანების სიახლოვეს სახლდებოდნენ. არსებობს მტკიცებულებები, რომ ადამიანებთან ასეთმა მჭიდრო და ხანგრძლივმა თანაცხოვრებამ თაგვების დნმ-იც კი შეცვალა.
გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარმა, ანია გიუნტერმა სახლის თაგვების სამი ქვესახეობიდან 150 ინდივიდი შეარჩია. ამ ქვესახეობებიდან თითოეულმა ადამიანებთან თანაცხოვრება განსხვავებულ დროს დაიწყო. Mus musculus domesticus-მა ადამიანებთან თანაცხოვრება 12-15 ათასი წლის წინ დაიწყო, M. musculus musculus ჩვენთან აგერ უკვე 8 ათასი წელია, ცხოვრობს, ხოლო M. musculus castaneus-მა ჩვენთან ურთიერთობა შედარებით ახლახან — 3-5 ათასი წლის წინ წამოიწყო.
გიუნტერმა ლაბორატორიაში თაგვების რამდენიმე თაობა შეაჯვარა, შემდეგ კი თავდაპირველი თაგვების შთამომავლები საკვებთან დაკავშირებული შვიდი განსხვავებული თავსატეხით გამოცადა. თითოეული თავსატეხის შიგნით ფქვილის მატლი იყო მოთავსებული, რომლის თათში ჩაგდებაც თაგვს მხოლოდ თავსახურის ჩაწევით ან ამოწევით, მილიდან ქაღალდის ბურთის გამოძვრენით ან ლეგოთი აშენებული სათამაშო სახლის ფანჯრის გაღებით შეეძლო. თაგვები, რომელთა წინაპრებიც ადამიანებთან ერთად ყველაზე დიდხანს ცხოვრობდნენ, საუკეთესონი აღმოჩნდნენ ასეთი თავსატეხების ამოხსნაში.
"სავარაუდოდ, ეს ევოლუციური შედეგია, რადგან ცხოველები, რომლებზეც ცდები ტარდებოდა, თაობათა განმავლობაში ლაბორატორიის სტანდარტულ პირობებში ცხოვრობდნენ", — გვარწმუნებს გიუნტერი, — "საკუთარი წინაპრებისგან განსხვავებით, ამ თაგვებს ადამიანებთან არასოდეს უცხოვრიათ. ადამიანებთან თანაცხოვრებამ თაგვების გენეტიკა შეცვალა".
გიუნტერს სჯერა, რომ მსგავსი ამოცანების ამოხსნაში სახლის თაგვები იმიტომ გაუმჯობესდნენ და განვითარდნენ, რომ ადამიანები მათგან საკვებს მალავდნენ. გონთა ამ ჭიდილმა თაგვები აიძულა, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაეხვეწათ საკუთარი მეთოდები.
"ეს ცივი ომისეულ შეიარაღების რბოლას ჰგავს. როცა ჩვენ დავიწყეთ ჩვენი საკვების მათგან დამალვა, ისინი იძულებულნი გახდნენ, შედარებით ინოვაციური მეთოდებით მიეღწიათ საწადლისთვის".
იმის მიუხედავად, რომ ადამიანებთან თანაცხოვრებამ ცხოველების ზოგიერთი სახეობა "გააჭკვიანა" (მაგალითად, სახლის თაგვი), ხილის ბუზზე (Drosophila melanogaster) ამავე თანაცხოვრებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. ამ უკანასკნელებთან მომუშავე გენეტიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ლაბორატორიის ბუზები გაცილებით პასიურები არიან, ვიდრე მათი ველური ბიძაშვილები.
ხილის ბუზებმა ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმ 12 ათასი წლის წინ დაიწყეს, როდესაც ხილის სუნით გაბრუებულებმა, პირველად შეიბზუილეს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ადამიანების გამოქვაბულში. ამის შემდეგ ბუზებმა ჩვენთან და ჩვენს ნაგავთან ერთად მთელი დედამიწა შემოიფრინეს.
ადამიანებმა საუკუნეზე მეტია, რაც ეს მწერები, მათი ხანმოკლე სიცოცხლისა და შეჯვარების სიმარტივის გამო, გენეტიკურ მოდელად ავირჩიეთ. მას შემდეგ ხილის ბუზი შეუცვლელი ლაბორატორიული მოდელია, რომელსაც მკვლევრები უამრავი ბიოლოგიური შეკითხვისთვის პასუხების მოსაძებნად იყენებენ.
ხილის ბუზებთან მომუშავე გენეტიკოსებისთვის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობითაა ცნობილი, რომ ლაბორატორიის ბუზები თავიანთ ველურ ბიძაშვილებზე გაცილებით პასიურები არიან. ლაბორატორიიდან გაქცეული ბუზის დაჭერა გაცილებით ნაკლებ შრომას მოითხოვს, ვიდრე იმ ბუზის, რომელიც ღვინის ჭიქის თავზე დაბზუის.
"ყველამ, ვისაც ლაბორატორიის ბუზებთან უმუშავია, იცის, რომ თუ ბუზი სინჯარიდან გაიქცევა, მისი დაჭერა ძალიან მარტივია — უბრალოდ, თავზე ხელს ოდნავ დაკრავ და ჩამოვარდება", — ამბობს რობ კულატინალი, ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტის ევოლუციური გენეტიკოსი.
ამ გარემოების გამომწვევი მიზეზების გასარკვევად კულატინალმა ველური დროზოფილასა და ლაბორატორიის ბუზების გენომები შეადარა ერთმანეთს. შედეგად, მან არა მხოლოდ ის დაადგინა, რომ ლაბორატორიის ბუზები ველურ დროზოფილებთან შედარებით ფიზიკურად და სოციალურადაც გაცილებით ნაკლებად აქტიურები არიან, არამედ იპოვა მტკიცებულებაც, რომ ბოლო 50-100 წლის განმავლობაში ბუზებმა, რომლებიც ლაბორატორიებში ცხოვრობენ, სწრაფი ევოლუციური ცვლილებები განიცადეს.
ერთი ან ორი განსხვავებული გენის აღმოჩენის მაგივრად, კულატინალმა ცვლილებებს გენების მთელ სპექტრში მიაკვლია, განსაკუთრებულად კი იმ გენებში, რომლებიც ტვინში ახალი ნეირონების გაჩენაზე არიან პასუხისმგებლები. ამ სხვაობებს ლაბორატორიის ბუზების განსხვავებული ქცევის ახსნაც შეუძლია.
ზუსტად არ ვიცით, ეს რატომ მოხდა, თუმცა კულატინალს საინტერესო თეორია აქვს: "საკვლევ ლაბორატორიაში ბუზები ახალ კონტეინერში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა გადაიყვანო. როცა კონტეინერს ატრიალებ, სწრაფი ბუზები გაქცევას ახერხებენ, ხოლო ნაკლებად ჭკვიანები შიგნით რჩებიან. შესაბამისად, თაობათა განმავლობაში სულ ნარჩევი ბოთეების შეჯვარებით მიღებულ ბუზებთან გვიწევს მუშაობა და არა — გაქცეულ ათლეტებთან".
ამგვარად, რა საერთო აქვთ ძაღლს, ქათამს, მელიას, თაგვსა და ბუზს? მათი არჩევანის მიუხედავად, თითოეული მათგანის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ადამიანებს. ჩვენი ყოფის გაზიარებითა და ჩვენს ნარჩენებში ქექვით, ამ სახეობებს თავის გადასარჩენად ადამიანის მიმართ შიშის გადალახვა მოუწიათ.
"როდესაც ათასობით წლის წინანდელ მოშინაურების მცდელობების საწყის ფაზებზე იწყებ ფიქრს, ხვდები, რომ ამ პროცესის აუცილებელი პირველი ნაბიჯი ადამიანების მიმართ შიშის შემცირება უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შეშინებული ცხოველები ვერ ვითარდებიან და მრავლდებიან", — გვიხსნის პერ ჯენსენი.
თუმცა, ჩვენმა მონადირე/შემგროვებელმა წინაპრებმა ნამდვილად არ იცოდნენ, რომ ცხოველების მოშინაურებას ცვლილებათა მთელი რიგი "უფასოდ" დაემგზავრებოდა.
კომენტარები