დილის გრილი სიმშვიდე. შუადღის წებოვანი ხვატი. ჭრიჭინების გულისგამაწვრილებელი ხმა საღამოს და დაუსრულებელი ისტორიები კოცონის გარშემო.

როგორია შენი ზაფხული? არა, მაინცდამაინც ახლა რომ ატარებ, ის არა. აი, ის ზაფხული, შენში ამ სიტყვის ხსენებისას რომ სასიამოვნო მოგონებებსა და შეგრძნებებს აღვიძებს, მერე კი ერთიანად გიპყრობს და არდადეგებს, შვებულებას, ან, უბრალოდ, რამდენიმე დღის დაუვიწყარ თავგადასავლად ქცევას განდომებს.

ზაფხულები ერთმანეთისგან ნამდვილად განსხვავდება, თუმცა, ერთი რამ მაინც აერთიანებთ: თავგადასავლებისთვის განკუთვნილი ეს სეზონი ყოველთვის მალე გადის — როგორც ამაზე ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთი პერსონაჟი წუხს. თუმცა, ყველაფერი ის, რაც ზაფხულთან გვაკავშირებს, სულ ჩვენთანაა. ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ავყურებდით, სიმღერები, რომლებსაც მზის ჩასვლისას ვუსმენდით, ანდაც წიგნები, რომლების კითხვაშიც იმით გულდამშვიდებულები ვათენებდით, რომ მეორე დღეს დილაადრიან ადგომა არ მოგვიწევდა.

ამ ყველაფრის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეგახსენებს თიბისის ახალი კამპანია #სულშენთანაა. ასე იმასაც ხვდები, რომ აქ.ახლა შექმნილი მოგონებები ყველაზე მნიშვნელოვანია. მერე ხომ ყველაფერი ამბად იქცევა. ისევე, როგორც ის წიგნები, დაუვიწყარი ზაფხულების მეგზურებად რომ გვექცა.

ამ სტატიაში სწორედ ისეთ წიგნებს მოეყარა თავი, რომლებიც, გვინდა, არ გვინდა, ზაფხულისაა. საკითხავს სეზონურად არ ვყოფთ ხოლმე, თუმცა, ამ ამბების წაკითხვა ან გადაკითხვა ზღვაში ან სოფლის მდინარეში ჩაყურყუმელავებასავით გაგაგრილებს და თან გულს გაგითბობს — ისე, რომ მომავალ ზაფხულამდე გეყოს.

სტატიის კითხვის პარალელურად, შეგიძლია, იაპონელი მუსიკოსის, ჯო ჰისაიშის კომპოზიციას, ზაფხული, მოუსმინო.

controls_toggle
00:00

00:00
player_volume

ჩვენც სალტკროკელები ვართ

ფოტო: გამომცემლობა დიოგენე / On.ge

"საოცარია, მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის", — წერდა მალინი თავის დღიურში.

ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, მათ შორის, ჩვენი ზაფხულის მოგონებებიც და არდადეგებზე წაკითხული წიგნებიც. ბევრს ალბათ ახსოვს, როგორ ამოყო ივნისის ერთ დღეს თავი კუნძულ სალკტროკაზე, მერე კი მთელი ზაფხული მელკერსონებთან, მათ ახალ კეთილ მეზობლებთან და, რაც მთავარია, ბოცმანთან ერთად გაატარა. თუ არ გახსოვს, ან არც არასდროს აღმოჩენილხარ ამ მოგზაურობაში, იქნებ სწორედაც რომ დროა, ასტრიდ ლინდგრენის შესანიშნავ საზაფხულო წიგნს — ჩვენ სალკტროკელები ვართ — თუნდაც ოჯახის ბიბლიოთეკაში დაუწყო ძებნა. დარწმუნებული იყავი, რომ ეს გაცრეცილყდიანი წიგნი მართლაც დაუვიწყარ ამბებს გპირდება. შორეული ქვეყნის ფიორდებში ცურვა ისეთ ნაცნობ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ეს ყველაფერი შენს ბავშვობაში ხდებოდა.

დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z / ამ მთისა და იმ ბარისა

ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L / On.ge

ბავშვობაში წაკითხული წიგნები უმეტესად სათავგადასავლო, ან ზღაპრული მოგზაურობების შესახებ იყო ხოლმე. ჟიულ ვერნიდან ჰარი პოტერამდე, ზაფხულის გატარება ხშირად გვიწევდა ისეთ რეალობაში, რომელშიც წიგნების და ფანტაზიის გარეშე ვერასდროს აღმოვჩნდებოდით. თუმცა, ვინ თქვა, რომ ან ასეთი წიგნები, ან მსგავსი გამოცდილება გაქრა?

დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z ქართველი მწერლის ელის დოჯსონის რიგით მეორე გამოქვეყნებული ნამუშევარია, რომელიც 2018 წელს გამოვიდა და მალევე იქცა ახალგაზრდა მკითხველის (და არა მხოლოდ) საყვარელ საზაფხულო წიგნად. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძველებურადაა: მოგზაურობა შორეულ ეგზოტიკურ კონტინენტზე, იდუმალება და დაძაბული ატმოსფერო. თუმცა, ამას ფენტეზის ელემენტებიც ემატება, რამაც რომანი კიდევ უფრო გამორჩეულ საკითხავად აქცია.

სხვათა შორის, დოჯსონის წიგნებს და ზაფხულს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. მწერლის ამ დროისათვის ბოლო რომანი, ამ მთისა და იმ ბარისა, სწორედაც რომ ჭრიჭინების ხმაზე საკითხავი წიგნია, რომელშიც მოქმედება კვლავაც ეგზოტიკურმა სიუჟეტმა ამჯერად საქართველოს მთიანეთში გადმოინაცვლა.

იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან

ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა / On.ge

თუკი ამ ზაფხულისათვის ისეთი წიგნის წაკითხვა გაქვს დაგეგმილი, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს, დელია ოუენსის სადებიუტო რომანი სწორედაც რომ საშენო საკითხავია. თუმცა, სიტყვა "სადებიუტომ" არ დაგაბნიოს, რადგან ავტორმა წიგნი 70 წელს მიტანებულმა, 2018 წელს გამოსცა.

გამოცემიდან მალევე წიგნი მსოფლიო მოვლენად იქცა. რომანი, რომელიც ზუსტად ზაფხულისთვის შესაფერისი ატმოსფეროთი, სასიყვარულო ამბებითა და დაძაბული, დეტექტიური სიუჟეტითაა გაჯერებული, უკვე 100-ზე მეტი კვირაა, რაც The New York Times-ის ბესტსელერების სიას არ შორდება. 11 მილიონ გაყიდულ ეგზემპლართან ერთად, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან, სულ მალე ფილმადაც იქცევა — გადაღებები დასრულდა. მანამდე კი, სანამ, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს კინონამუშევარს ვიხილავდეთ, შეგიძლია, სულ ახლახან ქართულად თარგმნილი რომანი წაიკითხო.

ბაბუაწვერას ღვინო / მთელი ზაფხული ერთ დღეში

ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L / On.ge

მაშინ კი, როცა მსოფლიო მოვლენად აღიარებული წიგნებითა და ბესტსელერებით გადაიღლები, შეგიძლია, კვლავ კარგად ნაცნობ გარემოს დაუბრუნდე ბრედბერის სახით. შესაძლოა, მწერლის ბევრი სხვა ტექსტი უკვე წაიკითხე, თუმცა, რომანი ბაბუაწვერას ღვინო და მოთხრობების კრებული მთელი ზაფხული ერთ დღეში ის წიგნებია, რომელთა წაკითხვაც ზაფხულს ყველაზე მეტად შეჰფერის; ბაბუაწვერას ღვინო ბრედბერის ბავშვობისეული მოგონებებითაა ინსპირირებული. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება გამოგონილ ქალაქში ვითარდება, ყველაფერი ძალიან ნამდვილი და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნაცნობია. ისევ შორეული ოკეანისმიღმეთია და მასზე მცხოვრები იმ ადამიანის ბავშვობა, რომელსაც კი კარგად ვიცნობთ, თუმცა ბავშვობიდან — არა. ამის მიუხედავად, ბაბუაწვერას ღვინო, რომელიც სამასიოდე გვერდსა და ერთ ბოთლში მოქცეული ზაფხულია, მაინც საოცრად მძაფრ შეგრძნებებს ტოვებს.

აი, ერთ დღეში მოქცეული ზაფხულისთვის კი ამავე სახელწოდების წიგნს მიაკითხე, თუ შეიძლება. კრებულის ზოგიერთ მოთხრობას საერთოდ არაფერი აკავშირებს არც ზაფხულთან და არც, საერთოდ, დედამიწასთან, მაგრამ ბრედბერიზე საუბრის დასასრულს ალბათ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მისი კითხვისას გაჩენილი დეჟა-ვუს მომენტები, რეალურად, მწერლის წერის სტილი დამსახურებაა და არა ჩვენი გამოცდილებების.

შენი სახელი დამიძახე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა / On.ge

მიუხედავად იმისა, მთაში ისვენებ თუ ზღვაზე, ან თუნდაც საკუთარ აივანზე გაქვს აგარაკი მოწყობილი, ზაფხულს მსუბუქი რომანის სურნელი ყოველთვის თან დასდევს. ეს ხომ თავგადასავლებისა და მძაფრი შეგრძნებების დროა. ამიტომ, თუკი ჯერჯერობით ანდრე ასიმანის პოპულარული წიგნის წაკითხვა ვერ მოახერხე და არც ფილმი გინახავს, ამ ზაფხულს ეს რომანი აუცილებლად უნდა ჩაიგდო ხელში.

ეს ზაფხული გასული საუკუნის 80-იანი წლების იტალიაშია და ზუსტად ასეთი პირობებისთვის შესაფერისი გრაციოზულობითაა დაწერილი. საერთოდაც, პირველი სიყვარული ხომ ძალიან განსაკუთრებული რაღაცაა, თუმცა, როცა ეს ყველაფერი ზაფხულის პერიოდს ემთხვევა, უბრალოდ, დაუვიწყარ ისტორიად იქცევა. თანაც, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ამ ქიმიაში აღმოჩნდა, არამედ მათთვისაც, ვინც ამბავს წაიკითხავს და ყველაფერს თუ არ გაიაზრებს, შეგრძნების დონეზე მაინც განიცდის.

დაშლა

ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში / On.ge

ცოტათი სიყვარულზე, მაგრამ ალბათ მაინც უსიყვარულობაზეა ქართველი დრამატურგისა და მთარგმნელის, დავით გაბუნიას, სადებიუტო და ამ დროისათვის ბოლო რომანი დაშლა. ამ მომცრო წიგნს ყველგან წაიკითხავ, არა მხოლოდ ზომის, არამედ ფორმის გამოც. პერსონაჟები ერთმანეთს ენაცვლებიან თხრობაში, გარემო კი ნამდვილად ზაფხულის შესაფერისია — ის კი არა, ერთგვარი ნუგეშიც კია "ქალაქში ჩარჩენილებისათვის", რომ ასეთი საინტერესო ამბები, შესაძლოა, მათ თავსაც დატრიალდეს. თუმცა, აკი ვთქვით, ყველგან წაიკითხავო — ასე რომ, თუკი დასასვენებლად გაგიწევია, გზაში საკითხავად შეგიძლია თან გაიყოლო დაშლაც.

სად წახვედი, ბერნადეტ?

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა / On.ge

სულ ზაფხული და ზაფხული, როსღა გვეღირსოს სიგრილე?! თითქოს ჩამოწოლილი ალხი არ კმაროდეს, ახლა ისეთ წიგნებსაც გირჩევთ, სადაც სულ ზაფხული სუფევს. ჰოდა, თუკი ოდნავი ნიავის ამოძრავებას ელოდები, ან სულაც მოთმინებადალეულმა არაერთხელ წამოიძახე, ნეტავ, ანტარქტიდაზე ვიყოო, ეს სწორედ შენი შანსია, უფრო სწორად ბილეთი, რომელიც პირდაპირი რეისით მიდის ანტარქტიდაზე.

მართალია, ყველაფერი წინასაშობაოდ ხდება, მწველი მზის სხივების ნაცვლად კი წიგნის ფურცლებიდან დიდი ყინულები მოჩანს, სად წახვედი, ბერნადეტ? მაინც ისეთი წიგნია, ზაფხულში რომ უნდა იკითხო და მერე ყველას მასზე ელაპარაკო. რომანმა ბესტსელერების სიაში რამდენიმე ათეული კვირა დაყო, ორიოდე წლის წინ კი მის მიხედვით ცნობილი ფილმი გადაიღეს ქეით ბლანშეტით მთავარ როლში.


შენი ზაფხული სწორედ მაშინ დაიწყება, როცა ამას გადაწყვეტ. აი, ასე, ამ ამ წიგნებიდან (ან მანამდე მთელი წლის განმავლობაში ზამთრის სარჩოსავით ნაგროვები წიგნების გროვიდან) რომელიმეს ხელს დაავლებ და საკუთარ თავს განუცხადებ, რომ ახლა განახლებისა და თავგადასავლების დროა. ასე რომ, დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული თიბისის ახალ კამპანიასთან ერთად — #სულშენთანაა.