რამდენიმე დღეა ქართულ მედია სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში 8-9 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტები გაუუქმეს. 4 აგვისტოს ამის შესახებ დაწერა ლიეტუვურმა გამოცემამ 15min.lt-მა. მედია წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ლიეტუვამ და სხვა ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილის ვიზიტები 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე სახელმწიფოს რეაგირების გამო გააუქმეს.

"ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობებმა განაცხადეს, რომ ვიზიტებზე უარი ეთქვა თბილისს, რადგან საქართველოს არ გამოუჩენია სურვილი, დაესაჯა მოძალადეები, რომლებიც 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ლგბტ აქტივისტებს ესხმოდნენ თავს", — წერია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მეორე მიზეზი, რის გამოც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, საქართველოს პრემიერმინსიტრს ვიზიტებზე უარს ეუბნებიან, მმართველი პარტიის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების ანულირება გახდა. მათივე ინფორმაციით, ღარიბაშვილის მიღებაზე უარს აცხადებს ვაშინგტონიც.

გამოცემის ჟურნალისტს ესაუბრა მთავარი არხი. სტატიის ავტორის თქმით, ინფორმაცია, ღარიბაშვილის ვიზიტების გაუქმებაზე თავდაპირველად ინტერნეტში ნახა, ხოლო შემდეგ მთავრობაში, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაამოწმა და დაადგინა, რომ სიმართლეს შეესაბამებოდა.

მისივე განცხადებით, როგორც წყაროებმა უთხრეს, ბალტიისა და სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ თბილისში მკაფიო სიგნალი უდნა გამოეგზავნათ.

"რამდენადაც ვიცი, ღარიბაშვილი ამერიკაშიც უნდა გამგზავრებულიყო და ის ვიზიტიც ჩაიშალა, ამიტომ მგონია ეს არის ერთგვარი მინი იზოლაციის მანევრია დასავლეთის მხრიდან", — აღნიშნა ჟურნალისტმა.

On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა ესტონეთის მთავრობის პრესსამსახურს. სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს დაგვიდასტურებენ, ხოლო დამატებით კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი მოგვიანებით გააკეთებს.

"ესტონეთი და საქართველო არიან ახლო პარტნიორები. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა პრობლემაზე, მათ შორის, რთულ პრობლემებზეც. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო მომავალში ისაუბრებს. ამ ეტაპზე, ჩვენ ჯერ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ მომავალი ვიზიტების შესახებ დეტალები დავადასტუროთ", — მოგვწერეს უწყებიდან.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, ის, რომ ბალტიის ქვეყნებში ღარიბაშვილის ვიზიტები გაუქმდა, "სრული სპეკულაციაა".

"8-9 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინსტრის ვიზიტები არ იგეგმებოდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში და ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დადასტურება შეიძლება უზრუნველყონ თითონ სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც. მოგეხსენებათ, რომ 8 აგვისტო გახლავთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც როგორც წესი, პრემიერი იმყოფება ქვეყანაში", — თქვა მან.

მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობს "მაღალი დონის ვიზიტებზე" და მხოლოდ მას შემდეგ მიეწოდება საზოგადოებას ამაზე ინფორმაცია, როცა ზუსტი თარიღები გადაწყდება.