რამდენად ახლოს ვართ კოსმოსურ ტურიზმთან — ჩვენ, დედამიწა და მილიარდერები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მეცნიერებიდან ტურიზმამდე

კოსმოსში ადამიანის მოგზაურობის ისტორია 60 წელს ითვლის. ასტრონავტიკის საერთაშორისო ასოციაციის (FAI) კლასიფიკაციის თანახმად, 2021 წლის 20 ივლისამდე კოსმოსში 41 ქვეყნის 574 წარმომადგენელია ნამყოფი, რაც ამჟამინდელი მსოფლიო მოსახლეობის 0.000007%-ს შეადგენს. ამ რიცხვების შემხედვარე შეიძლება კოსმოსში გაფრენაზე ოცნების რაციონალურობაზე დაფიქრდეთ, თუმცა, 2021 წლის ივლისმა ბევრი რამ შეცვალა.

აქამდე კოსმოსში გამგზავრება ადამიანისგან სპეციფიკურ სამეცნიერო ცოდნასა და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა, რაც ადეკვატურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კოსმოსში გაფრენა დიდ რესურსებს უკავშირდება და მსგავსი ფრენებისთვის ფინანსებს სწორედ სამეცნიერო მისიების ფარგლებში იღებდნენ ისეთი კოსმოსური სააგენტოები, როგორსაც, მაგალითად ჩვენთვის კარგად ნაცნობი NASA წარმოადგენს.

არასამეცნიერო მიზნით, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და უბრალოდ, კონკრეტული მისიის გარეშე, ოცნების ასასრულებლად კოსმოსში გაფრენაზე დიდი ხანია საუბრობენ. ამ ჩვენი პატარა "ლურჯი წერტილისთვის" კოსმოსიდან თვალის შევლების სურვილი, ალბათ, ყველას ჰქონია, ვისაც ცაში ერთხელ მაინც აუხედავს და ასტრონავტების არსებობის შესახებ ინფორმაციასაც ფლობს. მოკლედ რომ ვთქვათ, კოსმოსური ტურიზმის იდეა დიდი ხანია მწიფდება, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა ასევე დიდ რესურსსა და ძალისხმევას მოითხოვს.

იქიდან გამომდინარე, რომ სამთავრობო სააგენტოები, რომელთაც კოსმოსში გაფრენისთვის შესაბამისი ტექნოლოგია გააჩნიათ, სამეცნიერო მიზნებს ნაკლებად სცდებიან ხოლმე, კოსმოსური ტურიზმის იდეის ხორცშესხმა კომერციულმა კომპანიებმა აიღეს საკუთარ თავზე და ახლა, კოსმოსური ტურიზმის მომავალ ინდუსტრიას უკვე ორი გამოკვეთილი მოთამაშე ჰყავს — Blue Origin და Virgin Galactic. ორივე მათგანის სათავეში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან — ჯეფ ბეზოსი და რიჩარდ ბრენსონი და სწორედ ისინი ვიხილეთ ივლისში, კოსმოსში გაფრენილი ორი განსხვავებული რაკეტის ბორტზე.

ფოტო: Aïda Amer/Axios

Blue Origin-ისა და Virgin Galactic-ის ივლისის სადემონსტრაციო ფრენების მიზანი კოსმოსური ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენა და იმის დამტკიცება იყო, რომ კომპანიებს შესწევდათ ძალა, მსურველები კოსმოსში გაეყვანათ. შეიძლება ითქვას, რომ მილიარდერებთან ერთად ბორტზე უკვე იყვნენ კოსმოსური ტურისტები. მაგალითად, ბეზოსის ხომალდის ეკიპაჟის შემადგენლობაში იყო 18 წლის ჰოლანდიელი ოლივერ დაიმენი, რომელმაც უცნობია, რამდენი გადაიხადა ბორტზე მოსახვედრ ბილეთში, თუმცა მანამდე ამ ბილეთის ფასი 28 მილიონი დოლარი გახლდათ. ოლივერი კოსმოსში ნამყოფი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, ხოლო ამავე მისიაში მონაწილეობდა უკვე კოსმოსში ნამყოფი უხუცესი ადამიანი — 82 წლის ველი ფანკი, რომელსაც ბეზოსმა ოცნება აუსრულა და 60 წლიანი მცდელობის შემდეგ, კოსმოსში გაიყვანა.

აღნიშნული ფაქტი, მილიარდერების კოსმოსური ფრენების პირველი პრეცედენტი ბევრი მეცნიერისგან გარკვეულ შიშებს გამოიხმობს. შიშებს, რომლებიც კოსმოსური ტურიზმის სათავეებიდანვე საკმაოდ მკვეთრი და რელევანტურია — კოსმოსური ტურიზმის განვითარების პირდაპირპროპორციულად გაიზრდება კოსმოსური რაკეტებით გარემოსთვის მიყენებული ზიანიც. უფრო კონკრეტულად, კოსმოსურმა რაკეტებმა შეიძლება გლობალური დამაბინძურებლების სიაში უფრო მაღლა გადაინაცვლონ.

კოსმოსური ტურიზმი და გლობალური დათბობა

ფოტო: fi.edu

გლობალური დათბობა ბევრს მომავალი თაობების პრობლემად მიაჩნდა, თუმცა ყოველწლიურად ვრწმუნდებით, რომ ეს ასე არაა — კლიმატის ცვლილების შედეგებს უკვე ვიმკით. ამის მაგალითად მიმდინარე ზაფხულიც კმარა — ასობით სიცხისგან დაღუპული ადამიანი კანადაში, უპრეცედენტო ხანძრები, მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზები და წყალდიდობები. ამ ყველაფრის უკან, ინდუსტრიულ პერიოდში, ატმოსფეროში კონცენტრირებული უპრეცედენტო რაოდენობის სათბურის აირებია. მათ შორისაა და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ნახშირორჟანგი. ნახშირორჟანგი (CO2) სათბურის აირია, რომელიც ანთროპოგენული საქმიანობისა (დეფორესტაცია, წიაღისეული საწვავის წვა) და ბუნებირვი პროცესების (რესპირაცია, ვულკანის ამოფრქვევა) შედეგად გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ გასული 171 წლის მანძილზე, ადამიანის საქმიანობის შედეგად, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია დაახლოებით 48%-ით გაიზარდა და ისიც აღსანიშნავია, რომ გასული 20 000 წლის მანძილზე ნახშირორჟანგს ბუნებრივად ამ დონისთვის არ მიუღწევია. აღნიშნულზე NASA-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.

ფოტო: BBC

Psy.org-ის ცნობით კი, ბოლოდროინდელ კვლევებზე დაყრდნობით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის კიდევ 2 გრადუსით მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყინულის ფენების დნობა გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე, რაც მსოფლიო ოკეანის დონეს 13 მეტრით ასწევს. ამას უკვე ვხედავთ. ანტარქტიდაზე რეკორდული ტემპერატურა ივლისში დაფიქსირდა, ხოლო ივლისის ბოლოს გრენლანდია უკვე ყოველდღიურად 9.37 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს.

ეს ყველაფერი, ანუ კლიმატის ცვლილების აშკარა ნიშნები, რომელთაც გლობალური დათბობის სახით მოვიხსენიებთ, ატმოსფეროში სათბურის აირების უპრეცედენტო კონცენტრაციასთანაა კავშირში. უფრო კარგად რომ წარმოიდგინოთ, გარს გვაკრავს აირების დიდი მასა, რომელიც დიდი რაოდენობით სითბოს შთანთქავს და გლობალური ტემპერატურის მატებას პირდაპირ იწვევს. ჩვენ ახლა ერთგვარ კოლბაში ვართ, რომელშიც მზის სხივები აღწევს, მაგრამ უკან ვერაფრით გადის.

21-ე საუკუნეში კლიმატის აშკარა ცვლილებასთან ბრძოლაში არაერთი სახელმწიფო ჩაერთო, ამის მაგალითი პარიზის კლიმატის შეთანხმებაა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეყნების მხრიდან ემისიების შემცირების კუთხით აღებული ვალდებულებები საკმარისი სულაც არ არის. რამდენიმე დღის წინ 14 000-მა ექსპერტმა მოაწერა ხელი პლანეტის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ხელშეკრულებას. ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ისინი ატმოსფეროში კონცენტრირებულ მეთანისა და ნახშირორჟანგის რეკორდულად მაღალ დონეზე მიუთითებენ და ხელისუფლებებს მყისიერი მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ამ სიტუაციის ფონზე, რომელიც ზემოთ აღვწერე, კოსმოსურ ტურიზმზე საუბარი ნაკლებად ადეკვატური შეიძლება იყოს. თუმცა, ტენდენციები და მილიარდერების მისწრაფებები სხვა რამეზე მიუთითებს. ზოგი მეცნიერი მათი რესურსების მიმართვის მიზნობრიობას უწუნებს, ილონ მასკის შემთხვევაში კი პატარა ცვლილებები შეიმჩნვა — მილიარდერი 100 მილიონ დოლარს გადაუხდის მას, ვინც ატმოსფეროსთვის ნახშირბადის არიდების საუკეთესო ტექნოლოგიას შესთავაზებს კაცობრიობას.

იმისთვის, რომ რაკეტამ დედამიწის გრავიტაციას დააღწიოს თავი, მან უდიდესი რაოდენობის საწვავი უნდა გამოიყენოს. ეს ერთგვარი ფასია, რომელსაც ჩვენც ვიხდით და გარემოსაც ვახდევინებთ, რადგან სამეცნიერო მიზნები და ის აღმოჩენები, რომელსაც ცაში აჭრილი რაკეტების შედეგად ვიღებთ, კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ცოდნაა.

როგორც The Guardian იუწყება, ერთი რაკეტის გაშვება მხოლოდ 4 მგზავრის ფრენისთვის 200-300 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს გარემოში. მაგრამ ამ ყველაფერს ის ფაქტი აუარესებს, რომ გაფრქვეული აირები ზედა ატმოსფეროში გროვდება, სადაც ისინი წლების მანძილზე რჩება. რაკეტები, ნახშირორჟანგთან ერთად, საწვავისა და მეთანის წვის შედეგად სხვა მავნე აირებსაც გამოყოფს, რამაც, შესაძლოა, ოზონის შრეს მიაყენოს ზიანი.

აღსანიშნავია, რომ საბედნიეროდ, რაკეტის გაშვება გლობალური დამაბინძურებლების სიაში ჯერ საკმაოდ დაბალ ადგილზეა. NASA-ს მიხედვით, გასულ წელს ორბიტაზე ასვლას 114 რაკეტა შეეცადა. თუმცა, რამდენად გაიზრდება რაკეტების რიცხვი იმ შემთხვევაში, თუკი კოსმოსში მოგზაურობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს (ნებისმიერი, რომელსაც ამ გამოცდილებაში კოლოსალური თანხის გადახდა შეუძლია), ადვილი წარმოსადგენია.

გამოდის, ამ მოცულობის რესურსები, როგორც კომპანიებმა, ასევე კოსმოსურმა ტურისტებმა იმისთვის უნდა დახარჯონ, რომ ოცნების ასრულების საპირწონედ გარემოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ. ჰო, საკითხი ზუსტად ასე დგას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ რაკეტების გაშვების მეტად ენერგოეფექტურ და ნაკლებად დამაბინძურებელ ალტერნატივებზე. ერთ-ერთი ასეთი იდეის ფარგლებში, იაპონიაში რაკეტის ასაფრენად მიკროტალღური სხივების გამოყენებაზე მუშაობენ, რაც როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, მომავალში რაკეტებისთვის საწვავის კარგი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს.

რა ღირს?

ფოტო: Sarah Grillo/Axios

გარემოზე ზემოქმედების პოტენციალის გარდა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, კოსმოსურ ტურისტად ქცევა ფინანსურადაც არც ისე იაფი დაგიჯდებათ. თუმცა, როგორც კომერციულ ორგანიზაციებს სჩვევიათ, ხანდახან შეიძლება კოსმოსში გასამგზავრებელი ბილეთი სრულიად შემთხვევითაც კი მოიგოთ. ასე ხდება ახლაც, Virgin Galactic კოსმოსში გასამგზავრებელ ბილეთს ათამაშებს და მისი მოგება თქვენც შეგიძლიათ.

გამომდინარე იქიდან, რომ კოსმოსური ტურისტებისთვის კომერციული ფრენები ჯერ დაზუსტებით დაგეგმილი არაა და გასულ თვეში მხოლოდ ამ ინდუსტრიაში პირველი რეალური ნაბიჯების მომსწრენი ვიყავით, ზუსტი ფასის განსაზღვრა რთულია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კომპანია უზრუნველყოფს ტურს, რა სიმაღლეზე, ტური კოსმოსურ სასტუმროსაც მოიცავს, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთი გექნებათ დედამიწაზე დასაკვირვებლად და ა.შ.

ამის მიუხედავად, გარკვეული პროგნოზები უკვე არსებობს, მით უფრო მაშინ, როცა ვიცით, რომ ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსურ ხომალდზე მსურველის მოხვედრა 28 მილიონი დოლარი ღირდა. მოკლედ რომ ვთქვათ, კოსმოსური მოგზაურობა, დასაწყისისთვის მაინც, თითო მსურველს ათობით მილიონი დოლარი მაინც დაუჯდება. მათ კი, ვინც კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას უნდა დაელოდოს იმისათვის, რომ ნაკლებ ფასად შეძლოს მოგზაურობა, დეკადის მოცდა მაინც მოუწევთ. MoneyTransfers.com-ის ექსპერტმა ივარაუდა, რომ სუბორბიტული მოგზაურობის ფასი 100 000 დოლარი 10 წელიწადში იქნება. რიჩარდ ბრენსონი ამბობს, რომ კოსმოსი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და კოსმოსური მოგზაურობის ფასი 250 000$ იქნება. თუმცა, რთული სათქმელია, როდის. ამ ეტაპზე, ბრენსონის ცნობით, Virgin Galactic-ის კოსმოსურ ხომალდზე მოსახვედრი ბილეთის ფასი 450 000 დოლარია. Bank of America-ს პროგნოზით კი, 30 წელიწადში კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიის ღირებულება 2.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

კოსმოსური სასტუმროები

ფოტო: Orbital Assembly

კოსმოსური ტურიზმის კიდევ ერთი პოტენციური მიმართულება კოსმოსური სასტუმროებია. დროდადრო არაერთი ასეთი სასტუმროს დიზაინს ვხვდებით, ვიგებთ მასში არსებული პირობების შესახებ. ისიც კი გათვლილია, თუ როგორ შეიძლება ასეთ სასტუმროებში ხელოვნური გრავიტაციის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური სასტუმროები შეიძლება უფრო შორეულ პერსპექტივად მიგაჩნდეთ, ვიდრე სუბორბიტული ფრენისას დედამიწისთვის რამდენიმე წუთით თვალის შევლებაა, ასეც არაა საქმე.

კომპანიათა ნაწილი აპირებს, რომ კოსმოსური სასტუმროები რეალობად უახლოეს მომავალში აქციოს. ასეთია მაგალითად Orbital Assembly Corporation, რომელიც მიზნის მიღწევასა და კოსმოსში სასტუმროს გახსნას 2030 წლამდე აპირებს.

გაერთიანებულ სამეფოში კოსმოსური ტურისტული სააგენტოც კი შეიქმნა და მას RocketBreaks ჰქვია. მან შეიძლება Orion Span-ის პირველი კოსმოსურ სასტუმროზე — Aurora Station-ზე მოსახვედრი ბილეთის შეძენა გაგიადვილოთ. ჯერ კიდევ 2019 წელს, Orion Span სასტუმროს ორბიტაზე გაშვებას 2022 წლისთვის აანონსებდა და იმასაც აცხადებდა, რომ 7 თვის განმავლობაში ყველა ნომერი წინასწარ დაჯავშნილი იყო. სასტუმროში დარჩენა ერთდროულად 6 ადამიანს შეუძლია (აქედან ტურისტი 4-ია), ბილეთის ფასი ერთ პერსონაზე კი 9,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ვიზიტორები დედამიწიდან 320 კილომეტრის დაშორებით, ორბიტაზე იმოძრავებენ და კოსმოსურ სასტუმროში 12 დღეს დაჰყოფენ. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, უკვე 1 წელიწადში, Aurora Station-მა შეიძლება კოსმოსურ ტურისტებს უმასპინძლოს.

მეცნიერება, ტურიზმი, თუ ორივე

ფოტო: Getty Images

უდავოა, რომ ადამიანის კოსმოსური მოგზაურობის საზღვრების გაფართოება გარდაუვალია. მით უფრო მაშინ, როცა სხვა პლანეტების ათვისების და მათზე ადამიანური სიცოცხლის გავრცელების იდეა საკმაოდ შთამბეჭდავი და სასარგებლოცაა. ეს ყველაფერი მარსით დაიწყება.

თუმცა, როგორც უწინ იყო (ორბიტაზე, მთვარეზე თუ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე), ამჯერადაც, მარსზე პირველად სპეციფიკური სამეცნიერო ცოდნის მქონე ადამიანები გაემგზავრებიან და კიდევ დიდი ხანი, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს თქვენი სურვილი თუ ოცნება, მარსზე მხოლოდ ტურისტული მიზნებით, ალბათ, ვერ გაემგზავრებით.

ვის არ გვინდა კოსმოსში მოგზაურობა? მაგრამ ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, გარკვეული ზიანი და სარგებელი დგას.

ზიანი პლანეტას ეხება და ეს ზემოთ დეტალურად ავხსენი, სარგებელი კი კომპანიას, რომელსაც კოსმოსში გაჰყავხართ და თქვენ, ვინც დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ. იმისათვის, რომ სარგებელმა გადაწონოს ზიანი, კაცობრიობისთვის მეტი რამის მიცემა უნდა შეგეძლოთ, ვიდრე ოცნების ასრულებაში მილიარდერებისთვის გადახდილი ფულია. იმაზე მეტის, ვიდრე კოსმოსიდან დედამიწისთვის გადაღებული ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსება და საკუთარი მღელვარებისა და შეგრძნებების შესახებ სტატუსების წერა იქნებოდა. რაღაც რეალურის, რასაც ადამიანების გადარჩენა შეუძლია.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამ მომენტისთვის 10 ასტრონავტი იმყოფება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამეცნიერო საქმიანობაშია ჩართული. მიკროგრავიტაციის პირობებში ატარებენ მნიშვნელოვან ცდებს, ცდილობენ დაბეჭდონ გადანერგვისთვის გამოსადეგი ორგანოები, ჩაატარონ მნიშვნელოვანი ექსპერიმენტები და დიახ, იმასაც ცდილობენ, დაზუსტებით იცოდეთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს თუნდაც მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის კოსმოსში მოგზაურობას თქვენს ორგანიზმზე.

მაშინ, როცა მილიარდერები კოსმოსში გადიან და უახლოეს მომავალში კოსმოსურ ტურისტებად ქცევას გვპირდებიან, რთულია პერსონალურ გადაწყვეტილებამდე დავიყვანოთ ის, განვითარდება თუ არა კოსმოსური ტურიზმი. თან, რეალურად, ეს ისეთი ქვეყნების მოქალაქეებზე ნაკლებადაა დამოკიდებული, როგორიც საქართველოა — ქვეყანა სადაც საშუალო ხელფასი 1500 ლარამდეა (1 022.9 ლარი ქალები, ხოლო კაცები —1 473.4 ლარი, 2021, საქსტატი). რომ არაფერი ვთქვათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებზე, საქსტატის მონაცემებთან მიმართებაში, თუ საშუალოსტატისტიკური ქართველის შემოსავალთან ახლოს ხართ და მომავალში შემოსავლის მილიონებამდე გაზრდის გეგმებსაც ჯერ ვერ სახავთ, განათლების გზა უნდა აირჩიოთ. აირჩიოთ, ან თქვენს შვილებს შეუწყოთ ხელი ამ გზის არჩევაში.

თუ კოსმოსში მოგზაურობა გინდათ, თქვენ უნდა შეძლოთ და გააკეთოთ არჩევანი მეცნიერებასა და ტურიზმს შორის. დედამიწის მომავალსა და რამდენიმე წუთით მისი ზედაპირის ზემოდან შეთვალიერებას შორის. საფრთხესა და სარგებელს შორის. აწმყოსა და მომავალს შორის. მომავალს, რომელიც უკვე აქაა და კლიმატის ცვლილების ხელით, უამრავ ადამიანს მსხვერპლად აქცევს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის რაკეტების საფრენად საწვავის ნაცვლად მიკროტალღური სხივების გამოყენება დამაიმედებლად ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი რაკეტის ემისიებს ვერც შევადარებთ, გარემოზე გავლენა ამ მეთოდსაც ექნება. მომავალში კი იქნებ თქვენ იქცეთ ადამიანად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ისეთი ტექნოლოგიის შექმნაში, რომელიც კოსმოსურ ტურიზმს გარემოზე ნაკლები ზიანის მომტანად აქცევს. უბრალოდ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ტურიზმის ნაცვლად, მეცნიერების არჩევა მოგიწევთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ