ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებაზე პრეზიდენტ მიშელის რეაგირება ისევ არ იყო ადეკვატური. მისი განცხადებით, ადეკვატური რეაგირება ქართული ოცნების მოქმედებებზე მოქალაქეებს ექნებათ არჩევნებზე.

"სამწუხაროდ, კვლავ არ იყო ვითარების ადეკვატური პრეზიდენტ მიშელის რეაგირება და ეს განცხადება. მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე.

რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან მხარდამჭერები საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის, ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტს მიშელისაც, მათ შორის", — განაცხადა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს და საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს. ის დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებისთვის, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას — ყველაფერს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: