ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარლამენტის მანდატს ტოვებს, მაგრამ აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში დარჩება. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ უნდა მოხდეს.

"შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება... ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ ქართულ ოცნებას. ისინი იძულებულნი იქნებიან ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები ჩანიშნონ, მაგრამ მათ ნაკლებად ვკითხავთ ჩვენ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ჩანიშნავს თუ არა ვადამდელს არჩევნებს იმიტომ, რომ ამას ჩანიშნავს ქართველი ხალხი", — განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მან თანაგუნდელებს თხოვა პარლამენტში ფორმალურად დარჩნენ, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ქართულ ოცნებას ბოლომდე მიაყვანინონ.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: