ელისი საოცრებათა ქვეყანაში — საბავშვო წიგნი, რომელიც ზრდასრულებისთვისაა
150 წელზე მეტია, ლუის კეროლის ელისის ისტორიები მრავალი მკითხველის, ხელოვანის, რეჟისორისა თუ დიზაინერის ყურადღებას იმსახურებს. BBC-ის ჟურნალისტი, ჰოლი უილიამსი წიგნის ამ უკვდავი მიმზიდველობის მიზეზებს იკვლევს.
საკვირველი არაა, რომ იმ წიგნებიდან, რომლებიც საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ მოგვითხრობენ, ელისის თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში და სარკისმიღმეთში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ადაპტირებული და გადათამაშებული ამბავია. ელისი კურდღლის სოროში ვარდება და სარკის მიღმა აბიჯებს იმ სამყაროებში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს; იქ, სადაც საკუთარი თავის შეგრძნებაც კი გარდაიქმნება; სადაც სასმელს შეუძლია, რომ დაგაპატარაოს, ხოლო სოკოს — გაგზარდოს; სადაც ბავშვები ღორებად იქცევიან და პატარა გოგოს დედოფლობა შეუძლია; სადაც ყვავილებს, ცხოველებსა და კარტებს ლაპარაკის უნარი შესწევთ, მაგრამ ლოგიკისა და ცოდნის ნასახი არ მოიპოვება.
ამ ყველაფრის მერე გასაკვირი არაა, რომ ლუის კეროლის ფანტასტიკური და აბსურდული ქმნილებების ახლებურად წარმოდგენის იდეა უაღრესად მიმზიდველია. წიგნმა, ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, რომელიც 1866 წელს გამოქვეყნდა და მისმა შთამბეჭდავმა 1871 წლის გაგრძელებამ — ელისი სარკისმიღმეთში — კულტურის ისეთ მრავალფეროვან სფეროებში მოღვაწე ხელოვანთა თაობები შთააგონა, როგორიც კინო, თეატრი, სახვითი ხელოვნება თუ პოპმუსიკაა. და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რისი მაგალითიც კეროლის ნაშრომის შესახებ ლონდონში შექმნილი სამუზეუმო გამოფენა, ელისი: უფრო და უფრო საკვირველი, გახლავთ.
"გამოფენის საწყისი წერტილი არის, რატომ — რატომ გამოიწვია ელისმა ამდენი შემოქმედებითი პასუხი?" — ამბობს კურატორი, ქეით ბეილი, — "ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად მე ელისის გავლენასა და უფრო ვრცელ კულტურულ, სოციო-პოლიტიკურ კონტექსტებზე დავიწყე ფიქრი — რატომ და როდის შეიქმნა მისი მრავალი განსხვავებული ინტერპრეტაცია და გადათამაშება? მე ამ ყველაფრის გამომწვევ ისეთ მიზეზებს ვეძებდი, რომლებმაც ეს ნაწარმოებები ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში გადაიტანა".
ელისი და მისი საოცრებათა სამყარო ნამდვილად ცხოვრობს ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში. ყველამ ვიცით, თუ როგორ გამოიყურება გიჟი მექუდის ჩაის წვეულება, კვერცხის ფორმის უიღბლო წყვილი და ჩეშირის კატის ფართე ღიმილი. ლურჯკაბიანი ქერა გოგოს ფოტო და ელისის თმის ლენტი კი ყოველთვის და აუცილებლად გაგვახსენებს ელისს (დიახ, არსებობს თავსაკრავის ტიპი, რომელსაც ელისის პატივსაცემად ჰქვია სახელი).
ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში დაიწყო მაშინ, როდესაც ჩარლზ ლუდვიგ დოჯსონმა — იმავე ლუის კეროლმა — 1862 წლის ზაფხულის ერთ შუადღეს რამდენიმე ბავშვის — ელის ლიდელისა და მისი დების გასართობად ამბების შეთხზვა დაიწყო. ამის მიუხედავად, მრავალი მკითხველისათვის არც ელისი და არც საოცრებათა ქვეყანა არაა მხოლოდ ბავშვობასთან დაკავშირებული — ეს სამყარო მათ ზრდასრულობაშიც მიჰყვებათ. მე, მაგალითად, დედოფლის პერსონაჟის გამოსახულებიან მაისურს ვფლობ; ვიცნობ ხალხს, ვისაც ამ ზღაპრისგან შთაგონებული ტატუები აქვს — დაწყებული "დამლიე" ბოთლებიდან, დამთავრებული მწეველი მუხლუხებით; წიგნების სტრიქონები გამუდმებით ახლებურად გადმოიცემა თანამედროვე ეპოქაში როგორც საინსტაგრამე შთამაგონებელი ფრაზები ("ზოგჯერ საუზმემდე თუნდაც ექვსი შეუძლებელი რამის მჯერა"); ზოგიერთი ადაპტაცია კი მხოლოდ და მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა, რაც სხვადასხვა ხელოვანთა მიერ კეროლის ამბავში მრავალშრიანი მეტაფორების პოვნამ და თავისებურად გადმოცემამ მოიტანა.
თუმცა, ელისმა პირველი გამოცემიდანვე გაარღვია "საბავშვო ლიტერატურის" საზღვრები — იმდენად, რომ, მაგალითად, გაზეთი, The Nation, წიგნს ბავშვებზე მეტად ზრდასრულებს ურჩევდა. კეროლმა იცოდა, რასაც აკეთებდა: მან წინდახედული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც წიგნის ილუსტრაციები ჯონ ტენიელს გააკეთებინა. ეს უკანასკნელი საბავშვო წიგნებთან არ ასოცირდებოდა — პირიქით, ის ცნობილი იყო როგორც ყოველკვირეული სატირული ჟურნალის, Punch-ის კარიკატურისტი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურებს ხატავდა. ტენიელი იმ დროს მწერალზე უფრო გავლენიანი გახლდათ — მას იმდენად არ მოეწონა ნახატების ორიგინალი ნაბეჭდის ხარისხი, რომ მათი ხელახლა დაბეჭდვა დაიჟინა, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, სარკისმიღმეთის გამოქვეყნებასაც ძალიან დიდი ხანი იმიტომ დასჭირდა, რომ კეროლი ტენიელის გრაფიკზე იყო დამოკიდებული.
"გაჩნდა კითხვა, ეს წიგნი მხოლოდ ბავშვებისთვისაა, თუ დიდებისთვისაც?" — ამბობს ბეილი, — "Punch-ის ილუსტრატორთან ერთად მუშაობა და მიზანში ზრდასრული აუდიტორიის ამოღება, რა თქმა უნდა, კეროლის ჩანაფიქრის ნაწილი იყო. ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილება გახლდათ".
ტენიელის გამორჩეულმა, ხშირად ლამაზმა და არცთუ ისე იშვიათად საშიშმა, შავ-თეთრმა გამოსახულებებმა სამუდამო პოპულარობა მაშინვე მოიპოვა. შესაძლოა, მას დღეს გაკვირვებოდა კიდევაც იმ ნივთთა რაოდენობა, რომლებიც Etsy-ზე მის მიერ შექმნილი გამოსახულებებით იყიდება; ან, შეიძლება, არც კი: გამოქვეყნებიდან ძალიან მალე ტენიელის ნახატები ვიქტორიანული პერიოდისთვის დამახასიათებელ ისეთ ნივთებზე დაიტანეს, როგორიცაა ნამცხვრების თუნუქის ყუთები და სათამაშო ბანქო.
ელისის ადაპტირება
ამგვარად, ელისის ვიზუალურმა მხარემ თავიდანვე ცენტრალური მნიშვნელობა შეიძინა. ტენიელმა ილუსტრაციებისთვის მაღალი სტანდარტი დააწესა და შექმნა საოცრებათა სამყაროს მრავალი ისეთი სახე, რომელიც პოპკულტურაში დღემდე ვრცელდება — დაწყებული წინსაფრიანი კაბიდან, დამთავრებული მექუდის ცილინდრით. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ელისს ასე მარტივად წარმოსახავენ სხვადასხვა ინტერპრეტაციაში, ისაა რომ ეს პერსონაჟი სიმბოლოებითაა სავსე — რასაც ხელოვანები ხშირად ერთდროულად იყენებენ კიდეც და თავისებურადაც წარმოიდგენენ.
თუმცა, ზოგიერთი რამ, რაც ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ელისის სამყაროს, ტენიელს სულაც არ ეკუთვნის. ელისის ადაპტირების პროცესი საკმაოდ სწრაფად დაიწყო — პირველი სასცენო ვერსია 1876 წელს დაიდგა. მაგრამ ელისის ქერათმიანად გამოსახვის ტრადიცია იქამდე არ დამკვიდრებულა, სანამ ის ჰოლივუდმა ქალ მსახიობთა გარკვეული "ტიპის" გავლენით არ ჩამოაყალიბა. რუთ ჯილბერტი, შარლოტა ჰენრი და კეროლ მარში ულტრაფემინურ, გრძელ კულულებიან ელისს 30-40-იან წლების ფილმებში თამაშობდნენ.
ამის მიუხედავად, ქერა ელისის სახე კოლექტიურ ცნობიერებაში მხოლოდ 1951 წელს ჩაიბეჭდა, როცა ეკრანებზე დისნეის ფერადი ანიმაცია გამოჩნდა. ასევე დისნეიმ გადაწყვიტა, რომ ელისს ცისფერი კაბა ეცვა (წიგნის პირველ ფერად ვერსიაში კაბა, რეალურად, ყვითელი იყო). და თუკი ფიქრობთ, რომ ჩეშირის კატა ვარდისფერი და იასამნისფერი "უნდა იყოს" ან კითხვისას ელოდებით, როდის იტყვის თეთრი კურდღელი "მაგვიანდება! მაგვიანდება! ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე!", იმედგაცრუებული დარჩებით — ეს ყველაფერი ასევე უოლტის ნახელავია.
ელისი, რომელსაც დღეს წარმოვიდგენთ, შესაძლოა, სწორედ ჰოლივუდის გავლენით შეიქმნა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საოცარი დეტალი საოცრებათა ქვეყნის პერსონაჟებში არის ის, თუ როგორ სწრაფად შეუძლიათ მათ გარდასახვა და ხელოვანის წარმოდგენაზე ისე მორგება, რომ მაინც წამიერად შევძლოთ მათი ამოცნობა.
ელისის სახე 300-ზე მეტ ილუსტრატორს აქვს შექმნილი: იქნება ეს ართურ რაქჰამის 1905 წლის უცნაური, ფერია-ბავშვისეული ხედვა, მუმინების ავტორისა და ილუსტრატორის — ტუვე იანსონის 1966 წლის შედარებით ნაზი, უფრო იმპრესიონისტული ცდა თუ პოლიტიკური კარიკატურისტისა და საბავშვო ილუსტრატორის — კრის რიდელის ვერსია, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა და სადაც მთავარი გმირი თავის რეალურ პროტოტიპს — ნამდვილ ელის ლიდელს მოგვაგონებს. ზოგიერთი მხატვარი თავის სტილს შეუკავებლად ავლენს: სალვადორ დალის ვერსიაში მის ჩამოღვენთილ საათსაც ვხვდებით; რალფ სტიდმანის გიჟი მექუდე და მარტის კურდღელი ისე გამოიყურებიან, თითქოს პირდაპირ ჰანტერ თომპსონის რომანისთვის, ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში, შექმნილი ილუსტრაციებიდან გადმოაბიჯესო. იაიაოი კუსამას 2012 წლის წიგნში კი საოცრებათა სამყარო მისი საფირმო კოპლებითა და გოგრებითაა გაფორმებული.
მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ამბები სიტყვათა თამაშსა და აბსურდულობაზეა დაფუძნებული, თავად ელისი იქცა ისეთ ხატად, რომელსაც ვიზუალურ მედიაშიც კი ეტალონად იყენებენ. როდესაც ქრისტოფერ უილდონმა პირველად გამოთქვა საბალეტო ვერსიის დადგმის იდეა, მისმა დიზაინერმა, ბობ ქროულიმ მაშინვე გაიფიქრა, რომ უსიტყვო საოცრებათა ქვეყნის შექმნა "სრული სიგიჟე" იყო. მაგრამ სამეფო ბალეტის 2011 წლის შოუ ნამდვილ ჰიტად იქცა — მეტწილად ქროულის დიზაინის გამო, რომელშიც ელისისთვის ნიშნეული სიმბოლოები ბალერინათა ჰაეროვან კაბებს და თანამედროვე სასცენო ხელოვნებას ჰარმონიულად შეერწყა, ოპტიკური ხელოვნების პროექციები კი — ჩეშირის კატის მრავალნაწილიან მარიონეტს. და ეს ყველაფერი არაა: გულების დედოფალმა შემაშფოთებლად უზარმაზარი კრინოლინ-ტახტრევან-ავზიდან გადმოაბიჯა, რათა პაროდიული ცეკვა შეესრულებინა ბალეტ მძინარე მზეთუნახავიდან და, ამგვარად, ლუის კეროლისეული ესთეტიკა წარმატებით შეზავდა ბალეტის ესთეტიკასთან.
"მაგია და მისტიკა"
ელისი ეტალონად მოდის სფეროშიცაა მიჩნეული. ვივიენ ვესტვუდი, ზაკ პოზენი, ვიკტორ & როლფი და ჯონ გალიანო — ყველას გამოუფენია კეროლის პერსონაჟებითა და ტენიელის ნახატებით შთაგონებული სამოსი პოდიუმზე. ეს სულაც არაა გასაკვირი: საოცრებათა სამყაროს გარდამქმნელი, სხვასამყაროსეული შესაძლებლობები მოდური ჩვენებებისთვის ზედგამოჭრილია.
"ვფიქრობ, მრავალი ადამიანია შთაგონებული ელისის ისტორიის მაგიით, მისტიკითა და სიგიჟით", — ამბობს ვოგის ლეგენდარული კრეატიული დირექტორი, გრეის კოდინგტონი. 2003 წელს სწორედ მან უხელმძღვანელა ენ ლებოვიცის ფოტოსესიას ვოგისთვის, სადაც დიზაინერებს საოცრებათა სამყაროს პერსონაჟები უნდა განესახიერებინათ. "გიჟი მექუდის როლში სტივენ ჯონსი იყო; ვიკტორი და როლფი Tweedledee და Tweedledum იყვნენ. ჟან პოლ გოტიე ჩეშირის კატად მოგვევლინა, რადგან ის მუდამ იღიმის და ზოლიან სამოსს ატარებს", — იხსენებდა შემდეგ კოდინგტონი.
ელისის ახლებურად გადათამაშება მხოლოდ ვიზუალური საკითხი არაა: რეინტერპრეტირების პროცესის დროს უეჭველად წამოიწევს წინ უფრო ფართო კულტურული და სოციალური ინტერესები. 2018 წელს ტიმ უოქერმა Pirelli-ს კალენდრისთვის საოცრებათა სამყაროს სერია მხოლოდ შავკანიანი ადამიანების მონაწილეობით გადაიღო, სადაც ელისს — მოდელი დაკი თოტი, გულების დედოფალს — რუპოლი, ჰერცოგინიას კი ვუპი გოლდბერგი განასახიერებდა. იდეის მთავარი ხიბლი ის იყო, რომ სრულად შავკანიანი ადამიანებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ძალიან ნაცნობი არქეტიპების განსახიერებით მათი გაუცხოება შეძლო.
"არასდროს მინახავს შავკანიანი ელისი, ამიტომაც მინდოდა გამერღვია ის ჩარჩო, რომელშიც ფანტასტიკური სამყაროს პერსონაჟებს ათავსებენ და ამგვარად სილამაზის განსხვავებული აღქმები გამომეკვლია", — ასე შეაფასა უოკერმა თავისი ფოტოსერია.
ელისი ხშირად გამხდარა სოციალური ცვლილების სახე თუ სიმბოლო. ბეილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე ადრეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც კეროლის ხედვა გამოიყენა, სუფრაჟისტების მოძრაობა იყო. მან არქივში 1911 წლის პიესა, ელისი ყეყეჩთა სამყაროში, აღმოაჩინა, "სადაც ნაჩვენები იყო, როგორ იქცა ელისი ახალი საუკუნის ახალი ქალების გმირად". ეს პიესა თანაბარი ანაზღაურების მოთხოვნის კამპანიის ნაწილი გახლდათ.
30-40-იან წლებში კეროლის ისტორია ახალი სახელოვნებო მოძრაობის — სიურრეალისტების ფუძემდებლური ტექსტი გახდა. სიურრეალისტები ფროიდის არაცნობიერის თეორიებს ხატავდნენ და, გასაკვირი არაა, რომ ისინი კეროლის ალოგიკურმა სიზმრისეულმა ნარატივებმაც მიიზიდა. 1936 წელს გაერთიანებულ სამეფოში პირველი სიურრეალისტური შოუს შეფასებისას, The Guardian-მა ელისი მათი ნახატების ასახსნელად გამოიყენა: "თუკი ლუის კეროლმა შეძლო ჩილიმის მწეველი მუხლუხებისა და საწყალი ყანჩების წარმოდგენა, რატომაც არ შეუძლია მაქს ერნსტს ან ჟოან მიროს ასეთივე სამყაროს ნახატებში წარმოსახვა?"
ერნსტის, ედვარდ ბარას, ლეონორა კარინგტონისა და დოროთეა ტანინგის ნახატები ალბათ ის ინტერპრეტაციებია, რომელსაც ტენიელ/დისნეის ხედვიდან ყველაზე შორს მივყავართ. ეს მხატვრები, პროპორციებითა და ბუნდოვანებით თამაშით, საოცრებათა სამყაროს ავბედითსა და შემაშფოთებელ ასპექტებს აძლიერებენ. აქ შეხვდებით გამოქვაბულისმაგვარ კორიდორებს, უზარმაზარ ბუნდოვან სახეებს და პატარა შემზარავ გოგოებს ყალყზე დამდგარი თმით. ეს ქვეცნობიერის მსუყე ნალექი უფროა, ვიდრე ვიქტორიანული ექსცენტრულობა — მაგრამ კეროლის ისტორიების გადაკითხვისას მსუბუქ აბსურდთან ერთად მრავლად შევხვდებით ფრუსტრაციას, შიშსა და რეალური საფრთხის შეგრძნებასაც.
სალვადორ დალის კეროლის წიგნით შთაგონებული წყლისებრი, აბსტრაქტული ილუსტრაციები მოგვიანებით, 1969 წელს გამოქვეყნდა — მაშინ, როცა ელისი კიდევ ერთ კულტურულ გარდატეხაში იყო ჩართული. იმ პერიოდისთვის საოცრებათა სამყარო განიხილებოდა როგორც ფსიქოდელიური გამოცდილება: გონების გამხსნელი ჰალუცინაცია, სადაც არსებები ლაპარაკობენ, შენი სხეული იცვლება და გრძნობ, რომ იძულებული ხარ, გამოიკვლიო, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.
ელისის ამგვარ ინტერპრეტაციებს ამ ეპოქაში მრავლად ვხდებით. ადრიან პაიპერმა და ჯოზეფ მაკჰიუმ შექმნეს ელისით შთაგონებული ფსიქოდელიური ხელოვნების ნამუშევრები, სადაც პერსონაჟები მკვეთრ ვარდისფერსა და ნარინჯისფერში არიან გახვეულნი. მუსიკოსებმაც გამოიყენეს ეს შთაგონება: დაწყებული Jefferson Airplane-ის მომხიბლავი, მონოტონური 1967 წლის ჰიტით, White Rabbit, დამთავრებული The Beatles-ის I am the Walrus-ით, რომელიც ჯონ ლენონმა წიგნში, ელისი სარკისმიღმეთში, არსებული ლექსით შთაგონებულმა დაწერა.
რალფ სტიდმანის ილუსტრაციები თავად ლენონს გამოსახავს მუხლუხად, ხოლო გერმანელი მხატვარი, ზიგმარ პოლკე ტენიელის ორიგინალ მუხლუხს თავის შთამბეჭდავ, კოპლებიან ნამუშევრებში იყენებს. უფრო მეტ წერტილებს ვხვდებით იაიაოი კუსამას 1968 წლის ნამუშევარში, მოხდენა, რომელშიც შიშველი, კოპლებით მოხატული მოდელები ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, ელისის ქანდაკების გარშემო პოზირებენ. "ელისი ჰიპების ბებია იყო. როცა ელისი თავს პატარად გრძნობდა, მან დაუფიქრებლად მიიღო აბები, რომ ამაღლებულიყო, — განაცხადა კუსამამ.
კურდღლის სოროში
ამ ყველაფერმა ისე შეცვალა ელისის აღქმა, რომ თავდაპირველ უმანკო ელემენტებს დღეს სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების აღსანიშნადაც კი იყენებენ: მწეველი მუხლუხი, სოკოები, თეთრი კურდღლის დევნა... 1971 წელს აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო ფილმში, ცნობისმოყვარე ელისი, საოცრებათა ქვეყნის პერსონაჟები სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულადაა გამოსახული: მუხლუხი მარიხუანას ეწევა; მარტის კატა ამფეტამინს მოიხმარს; ძილისგუდა კი — ბარბიტურატებს. ფილმის მიზანი ბავშვების გაფრთხილება იყო, მაგრამ, ამის ნაცვლად, მან მიმზიდველი ფსიქოდელიური გამოსახულებებით საკულტო სტატუსი მოიპოვა.
თუმცა ამ ეპოქის ყველა ელისი ასეთი ჰიპური არ ყოფილა — პიტერ ბლეიკის 1970 წლის ილუსტრაციებმა შეიძლება ფერადი ყვავილებითა და მოხაზულობებით მოგვხიბლოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მისი ხასიათი საკმაოდ ნაღვლიანია. ელისი დამთვალიერებელს მეტად დარდიანად აშტერდება; ციხეში გამომწყვდეული გიჟი მექუდე კი ძალიან წუხს. მიუხედავად ფერებისა, ეს პერსონაჟები ჯონათან მილერის 1966 წლის BBC-ის ადაპტაციის უცნაურ სამყაროს მოგვაგონებენ. შავ-თეთრი ფილმი, სადაც პერსონაჟები ცხოველების მაგივრად (ძირითადად, მაღალი ფენის წარმომადგენელ) "ტიპებს" განასახიერებენ, ელისის ადაპტაციებიდან ყველაზე მეტად ჰგავს სიზმარს. მაგრამ თუკი ორიგინალს ძალიან კარგად არ იცნობთ, ეს ვერსია თქვენთვის გაუგებარი იქნება და, ამავდროულად, ბავშვებისთვის შეუფერებელიც.
მილერი ავისმომასწავებელ ატმოსფეროს ქმნის და საოცრებათა სამყაროს ზრდასრულების ისეთ ულოგიკო რეალობად წარმოაჩენს, რომელშიც ბავშვი რის ვაივაგლახით ახერხებს გადარჩენას. ამასთან, როგორც იმ საზოგადოების სატირა, სადაც მმართველი კლასები ადამიანებს თავიანთ უაზრო ნორმებს ახვევენ თავს, ეს ინტერპრეტაცია მხოლოდ 1960-იან წლებში თუ შეიქმნებოდა.
გარდა ამისა, ელისი საოცრებათა ქვეყანაში, ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლაზე შექმნილ ამბადაც ხშირადაა წარმოდგენილი სცენისა და ეკრანის ადაპტაციებში. მომღერლის, Little Simz-ის 2017 წლის კონცეპტუალურ ალბომში, Stillness in Wonderland, კი ელისი თვითაღმოჩენის სახედაა გამოყენებული.
მაგრამ ელისის, როგორც სქესობრივი მომწიფების (გაიხსენეთ სხეულის ცვლილების ეპიზოდები) ან ადრეული ქალობის სიმბოლოდ წარმოჩენის შესაძლებლობამ უფრო საკამათო პერსპექტივებიც გააჩინა. გავიხსენოთ, თუნდაც, ანა გასკელის ელისის მსგავსი გოგოები, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს ჩაგრავენ, ზოგჯერ კი მათი სხეულები ერთმანეთშია გადახლართული. ამ ფოტოგრაფიული სერიის მიზანი უმანკო გოგოს იდეის თავდაყირა დაყენებაა.
ელისის ბოლოდროინდელი ინტერპრეტაციები კვლავ ასახავენ თანადროულ რეალობას. ასე რომ, გასაკვირი სულაც არაა 21-ე საუკუნეში მისი გაციფრულება. ამერიკან მაკჯის ბნელი ვიდეოთამაში ელისს ტრავმირებულ გმირად წარმოაჩენს, რომელიც გულების დედოფლის მსგავს ბოროტმოქმედებს თავის ბნელ არაცნობიერში ებრძვის. დეიმონ ალბარნის მიუზიკლში, wonder.land, კი კურდღლის სოროში ჩასვლით ციფრულ სამყაროში ამოვყოფთ თავს მარტოსულ თინეიჯერთან ერთად, რომელიც ელისს ონლაინ თამაშში თავის ავატარად ირჩევს.
"საოცრებათა ქვეყანა დასამუშავებლად ძლიერი მეტაფორა თუ იდეაა", — ამბობს ბეილი და ეს სწორედ ისაა, რაც მას აინტერესებს: როგორ შეძლო ერთი კაცის აბსურდულმა ისტორიამ, რომელიც პატარა გოგოს გასართობად შეიქმნა, მკითხველთა უამრავი თაობისა და ხელოვანისთვის მიეცა საშუალება, საკუთარი წარმოსახვის კურდღლის სოროში ჩასულიყვნენ.
"წიგნი უამრავ არაჩვეულებრივ იდეასა და კონცეფციას აერთიანებს, თუმცა ის ადგილს წარმოსახვისთვისაც ტოვებს", — ამბობს ბეილი, — "ის წარმოსახვის ნამდვილი ბიბლიაა".
კომენტარები