რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, ბრალი კი ტრადიციულად ოპოზიციას დასდო.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.

დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა

ირაკლი კობახიძე

შეთანხმების ანულირება ბევრი პრობლემური საკითხის კვლავ პრობლემურად დატოვებას ნიშნავს, თუმცა კობახიძემ პირობა დადო, რომ ისინი შესრულდება, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა. კერძოდ, მან არჩევნებზე ახალი ზღვრის შესახებ ისაუბრა და ახალი პირობაც წამოაყენა.

ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაში ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.

რა გავიგეთ "ოცნების" ბრიფინგიდან

ფოტო: თბილისის მერია

რამდენიმეწუთიანი განცხადება, რომლის შემდეგაც "ოცნების" ლიდერმა დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა, კობახიძემ საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვით დაიწყო. ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მომუშავე კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, მან ოპონენტების ყველა სახის პროტესტი სიყალბედ შეაფასა.

ამის შემდეგ კობახიძემ ჩამოთვალა ყველაფერი, რაც მისი აზრით დოკუმენტის პუნქტებიდან შეასრულეს. ხაზი გაუსვა, რომ ისინი კეთილსინდისიერად იცავდნენ შეთანხმებას და ისიც კი თქვა, რომ დოკუმენტი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის დროსაც გაითვალისწინეს და ისინი არა არსებული წესით, არამედ შეცვლილი კანონით დაამტკიცეს, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა ამ საკითხზე მომუშავე არცერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

კობახიძის აზრით, ეს ნაბიჯები არ იყო საკმარისი, რადგან იმავეს არ აკეთებდა ოპოზიციის დიდი ნაწილი. მან უმნიშვნელოდ გამოიყვანა ენმ-ს გარდა სხვა ყველა ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება და შარლ მიშელის შეთანხმებაში მონაწილეობა.

ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედების მიუხედავად, ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პარტიიდან 4-მა, ოპოზიციური პოლიტიკოსების უმრავლესობამ, დღემდე არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება იყო.

როდესაც საუბარია პოლარიზაციაზე, ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლარიზებული პოლიტიკური მოცემულობის ორ სხვადასხვა პოლუსზე დგანან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. როდესაც ამ ორი ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ერთს აქვს მოწერილი შეთანხმებაზე ხელი, ბუნებრივია, პოლარიზაცია ვერ შემცირდება და მით უმეტეს, ვერ დასრულდება.

იმ ოპოზიციური პარტიების ჯამური ელექტორალური მხარდაჭერა, რომლებმაც 19 აპრილის შეთნხმებას ხელი მოაწერეს, მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, რაც ბუნებრივია, საკმარისი არ არის", — განაცხადა მან.

ამის შემდეგ კობახიძემ ხაზგასმით თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციისგან მკაცრად არ ითხოვენ შეთანხმების შესრულებას. მისი თქმით, ამ შეთანხმების "ცალმხრივი ერთგულება" ქართული ოცნებისთვის შეურაცხმყოფელია და ამ ვითარებაში მისი ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად ესახებათ.

"შეგახსენებთ, რომ გასული 100 დღის განმავლობაში შეთანხმებაზე ხელის არმომწერმა პარტიებმა განახორციელეს ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გამართეს შეხვედრები სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აღმასრულებელი სტრუქტურების წევრებთან. ამავე პერიოდში საქართველოს ეწვივნენ შარლ მიშელის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. თუმცა ამ ფონზეც კი, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე. გარდა ამისა, შეთანხმების ხელმომწერი ერთ-ერთი პარტია, ლელო უხეშად არღვევდა შეთანხმებას. მათ შორის, მან მხარი არ დაუჭირა შეთანხმებით გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმას. [...]

ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ თვლიან საჭიროდ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და აღსრულება მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების რეჟიმზე გადავიდა. არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, როცა მთავარი ოპოზიციური პარტია შეთანხმებას ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია", — განაცხადა მან.

მისი თქმით, შეთანხმების ანულირების ფონზე, ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა იქ ასახულ პუნქტებს. კობახიძის განმარტებით მოვლენები ასე განვითარდება:

  • საარჩევნო და სასამართლო რეფორმას გაატარებენ;
  • შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღება;
  • კონსულტაციის საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები ოპოზიციურ პარტიებზე, ვინც "კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას აჩვენებს";
  • თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერი იცვლება და არჩევნები მათი კეთილი ნებით დაინიშნება.

კობახიძეს არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტეს, რომ 43%-იანი ბარიერი 53%-იანი გახდეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამას მათი სურვილით და კონკრეტული პირობებით გააკეთებენ:

"მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული".

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმის, გამო რომ არჩევნებზე 43%-ის აღების მოლოდინი არ აქვთ. ის ამას უსაფუძვლო ეჭვს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს არჩევნების მეორე დღესვე გამოჩნდება, რადგან გაცილებით მეტს აიღებენ.

ფოტო: ანანო მუშკუდიანი / On.ge

"წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არათუ 43%-ს, არამედ 3, 4, 5 და 6 პროცენტით მეტზე ვილაპარაკოთ და იმაზე ნაკლები დაჯდეს. ჩვენი მონაცემების და ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი მგონია მე პირადად, შეიძლება ოპტიმისტი ვარ ზედმეტად, მაგრამ არ მგონია. საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლები შედეგის აღება კი წარმოუდგენლად მიმაჩნია, არათუ 43%-ზე", — განაცხადა მან.

რაც შეეხება საპარლამენტო თანამდებობების განაწილებას, მდინარაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ოპოზიციის "ქცევიდან" გამომდინარე მიიღებენ. უარყოფითი ქცევების მაგალითად კი მან ენმ-ს წევრის პროტესტის მოიყვანა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე კონსულტაციას მათი ქცევიდან გამომდინარე. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ისევ მაგიდებზე დახტის, ჟურნალისტებს იყენებს ცუდად, ნაწილს რა თქმა უნდა, რადიკალიზაციაზეა გადასული და აბსოლუტურად წარმოუდგენელია მასთან თანამშრომლობა, მათთან რაიმეზე საუბარი და მათი წარმომადგენელი ვერ შეძლებს კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქცია შეასრულოს და მაგიდაზე შეხტომისთვის და პიკეტთან ავარდნისთვის გამოიყენებს ამ პოზიციას, იმასთან ვერ იქნება ამაზე კონსულტაცია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათი ქცევა დაგვარწმუნებს იმაში, რომ შესაძლებელია, რელევანტური და კონსტრუქციული იყოს, ამ შემთხვევაში, ამაზე ვისაუბრებთ", — განაცხადა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები მოქმედი კონსტიტუციური წესით გაგრძელდება. მან მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, თავი შეიკავონ "საბოტაჟისგან" და მიიღონ არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის.

რა ბედი ელის რიგგარეშე არჩევნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას უკან გადადგმულ ნაბიჯად და პარტნიორებისთვის თვალებში ნაცრის შეყრად აფასებენ. საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ამ პირობებში რთულია რიგგარეშე არჩევნების მომავალზე საუბარი, რადგან ქართულმა ოცნებამ ეს საკითხები ბუნდოვან კრიტერიუმებს დაუკავშირა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი წარმოუდგენლად უპასუხისმგებლოა და მასხრად იგდებს იმ დემოკრატიულ პროცესს, რომლის იმედიც მოქალაქეებს აქვთ.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, თუმცა ეს ნაბიჯი კრიზის კიდევ უფო მეტად გააღრმავებს

ვახუშტი მენაბდე

"პოლიტიკური დესტაბილიზაციის კარგ საფუძველს ქმნის, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო რეაქციებზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ უსიამოვნო იქნება.

53% კი არ თქვეს, მათ თქვეს, რომ რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთ, თუ დავინახავთ, რომ ოპოზიციას კოალიციურ მთავრობაში მუშაობის პასუხისმგებლობა აქვსო. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ბუნდოვან კრიტერიუმებზე ვსაუბრობ. 53% არ არის პირობა, სასხვათაშორისოდ ნათქვამი პროცენტი იყო. სინამდვილეში აქ საუბარია იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებს იმ შემთხვევაში დანიშნავენ, თუ ოპოზიცია მოიქცევა პასუხისმგებლიანად.

რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია გადის შეთანხმებიდან და ამის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც უნდა დარჩეს პარლამენტში, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და ა.შ. ასე უნდა წავიკითხოთ ოცნების განცხადება — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავედით შეთანხმებიდან, თუ ოპოზიცია მაინც დარჩებით პარლამენტში, გააგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, დავნიშნოთ თუ არა რიგგარეშე არჩევნები არჩევნების შედეგების მიუხედავად. ანუ თუ ჩვენს ამ დესტრუქციულ ქმედებას თქვენ მშვიდად შეხვდებით და არ უპასუხებთ რადიკალური ნაბიჯებით, კი ბატონო. რაც მე მგონია, რომ სამართლიანი არ არის. ცხადია, მე არ ვამბობ იმას, რომ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს, მე ვამბობ, რას გულისხმობს ოცნება, როცა ამას ამბობს", — განაცხადა მან.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე კი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.

"ზოგადად ხომ არ ებმის ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტოს. ეს შეთანხმება იყო აქ მთავარი ამბავი და შეთანხმებაზე უარის თქმა ნიშნავს ყველაფრის ანულირებას [...] ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა შედეგი დადოს ქართულმა ოცნებამ, ისინი 4 წლის ვადით მაინც რჩებიან ხელისუფლებაში, ანუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე", — აცხადებს დოლიძე.

როგორ აფასებენ ანულირებას არასამთავრობო სექტორში

საიას ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ეს ქვეყანას აბრუნებს 19 აპრილამდე არსებულ კრიზისში, სადაც პოლარიზების დონე უფრო მაღალი იყო.

"ის, რომ ქართული ოცნება შეთანხმებას არღვევდა, ჩვენ მედიატორების მხრიდანაც მოვისმინეთ, მათ შორის, სასამართლოს ნაწილთან მიმართებით ქართულმა ოცნებამ დაარღვია შეთანხმება და ამ კონტექსტში ჩვენ მოვისმინეთ, ასევე, განცხადებები იმაზე, რომ შესაძლოა ფინანსური სანქციები ყოფილიყო გამოყენებული.

ამ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება, უბრალოდ, ხელს იღებს ამ შეთანხმებიდან, ანუ ანულირებას უკეთებს, როგორც მათ თქვეს, რა თქმა უნდა, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და დაბრუნება 19 აპრილამდე არსებულ მდგომარეობაში — იმ პერიოდში, სადაც პოლარიზების დონე იყო საკმაოდ მაღალი და პოლიტიკური კრიზისი ძალიან ღრმა, — განაცხადა მან.

ეს არის, ფაქტობრივად, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის თვალში ნაცრის შეყრა

ნინო დოლიძე

ნინო დოლიძე ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება არ არის მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება და გამოდის, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოატყუა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ აქვს პასუხისმგებლობა და ერთი ხელის მოსმით შეთანხმების გაუქმება, როდესაც ამას მთელი დასავლეთი უყურებს, ქვეყნის იმიჯზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე აისახება.

"როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირის და აშშ-ს მედიაციით ამდენი ხნის კრიზისის შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელსაც უნდა დაელაგებინა ქვეყანაში სიტუაცია და ეს 43% იქნებოდა ერთგვარი ნიშნული, რის შემდეგ შეიძლებოდა დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები ან არ დანიშნულიყო, გამოდის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა ამ მცდელობას ხაზი გადაუსვეს. ამას, დარწმუნებული ვარ, მოჰყვება ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან", — განაცხადა მან.

ამ გადაწყვეტილებით "ოცნებამ" პირდაპირ გვითხრა, რომ უარი თქვეს ევროპულ მომავალზე. იმიტომ, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის დოკუმენტი არ იყო განხილული, როგორც მხოლოდ პარტიებს შორის შეთანხმება, ეს იყო ქვეყნის წინსვლის გზა

ეკა გიგაური

დოლიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ქვეყანაში არ არიან, თუმცა მათთან კომუნიკაცია აუცილებლად ექნებათ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული ოცნებისთვის ევროპისკენ სწრაფვა არის მხოლოდ სიტყვები, რეალურად კი, ისინი ამისთვის არაფერს აკეთებენ. გიგაურის თქმით, ქვეყანაში ასეთი საკითხები არა კონკრეტული პარტიის კეთილი ნებით, არამედ, კანონების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

"იქ გაწერილი თითოეული ნაბიჯი ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში გატარებულიყო კონკრეტული რეფორმები და გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩამოგვაყალიბებდა, როგორც უფრო მეტად ევროპულ სახელმწიფოს მმართველობის სტრუქტურით და ა.შ. ამ ყველაფერზე ქართულმა ოცნებამ პირდაპირ უარი თქვა.

რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ამ დოკუმენტში მოცემული ვალდებულებები შეასრულეს, ეს არ არის ასე — ზოგი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს და ზოგი საერთოდ არა, ამიტომ ამაზე საუბარი არასერიოზულია. იმ შემთხვევაში, თუკი მათ ჰგონიათ, რომ ეს შეთანხმება შეასრულეს, რატომ გადიან შეთანხმებიდან, რატომ აკეთებენ ანულირებას? ამიტომ, ეს ასე არ არის და ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავთ", — განაცხადა მან.

რას ფიქრობს ოპოზიცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ანულირებას უკვე მოჰყვა კრიტიკული რეაქცია ოპოზიციაში. დოკუმენტის ხელმომწერი პარტიები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოიტყუა. მათი თქმით, აპელირება იმაზე, რომ ენმ-მ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, არასწორია, რადგან ეს შეთანხმება არა მათთვის, არამედ ქვეყნისთვის დაიდო. ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად

ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე, განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს, ვინაიდან ეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით აღებული ვალდებულება იყო, ახლა კი შეთანხმება არ არსებობს, შესაბამისად არც ვალდებულება. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული გადამგდებია და მათთან შეთანხმებას არანაირი ფასი არ აქვს, ისევე, როგორც კრემლთან.

"იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება — ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. როგორ არ დავუშვათ ეს — ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის", — წერს ჯაფარიძე ფეისბუქგვერდზე.

მისივე თქმით, ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მათ დაინახეს, 43%-ის აღების შანსი არ აქვთ.

"გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მარკერით უხაზავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ; გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე. აპელირება იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა.

ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი. ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე", — ამბობს ჯაფარიძე.

ამ მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. მისი თქმით, შეთანხმებაზე უარის თქმა არის ქვეყნის ყველა პარტნიორსა და მოქალაქეზე უარის თქმა.

"ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესაა მათი მიზანიც — სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!", — წერს სამნიძე Facebook-ზე.

შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს — არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო გადაწყვიტეს

ხათუნა სამნიძე

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს, ირაკლი კობახიძის განცხადებას კი დესტაბილიზაციის მცდელობად და საზოგადოების რადიკალიზაციისკენ მიმართვას. სწორედ ამიტომ, ლელოში არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავენ.

"ქართულმა ოცნებამ კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, რომ ისინი 43% ვერ დააგროვებდნენ არჩევნებში. მოვუწოდებთ საზოგადოებას და ოპოზიციურ ძალას, დავიწყოთ კონსულტაციები სასწრაფოდ.

ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ. თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება", — განაცხადა ხაზარაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ანულირება იმის დასტურია, რომ მმართველი გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია.

"ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ეს მორიგი უტიფარი განცხადება ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით", — აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერია ამ სიტუაციაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

"ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმის მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოჰყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან", — აცხადებს ბოკერია.

მომხდარს გამოეხმაურა სალომე სამადაშვილიც და მმართველ გუნდთან ერთად ყოფილი თანაგუნდელებიც გააკრიტიკა. სამადაშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით, პირდაპირ ხელი შეუწყო "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას.

"ეს იყო ქართული ოცნების გეგმა. ძალიან სამწუხაროა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ. როდესაც ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებს საბაბად, საბაბი არ უნდა მისცე შენს მოწინააღმდეგეს იმისათვის, რომ ქვეყანა წაიყვანოს კატასტროფისკენ", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კი მიშელის დოკუმენტის ანულირება ქვეყანაში "გაცხადებული დიქტატურის" გამყარებაა.

"სწორედ ამის გამო არ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს და სწორედ ამის გამო არ შევედით პარლამენტში, რადგან ზუსტად ვიცოდით, რას მოიმოქმედებდა მამა და მარჩენალი, რომელმაც მთელი საქართველო გადააგდო არაერთხელ. რა თქმა უნდა, არც ამჯერად თქვა უარი გადაგდებაზე და ძალაუფლების შემომტკიცებაზე კრემლთან შეთანხმებული სცენარებით", — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


თვითმართველობის არჩევნები მორიგი შეთანხმების მიღწევის და პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების საწყისი უნდა გამხდარიყო, თუმცა ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო რთულია იმის პროგნოზირებაც კი, რა რეჟიმში გაგრძელდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება — ველოდოთ თუ არა მორიგ ბოიკოტს, პიკეტირებებს, თუ ისევ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.