თუ უკვე ან ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ და პირდაპირი მნიშვნელობით წერას ჰყავხარ ატანილი, დრო მოვიდა, შენს მუზებს თავი მოუყარო და ლიტერატურულ ასპარეზზე პირველი ნაბიჯები გადადგა. ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა (წინათ ცნობილი, როგორც შემოდგომის ლეგენდა), დაიწყო და ქართულ პროზაში ახალი ხმების ძიებას შეუდგა.

ვის და როგორ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა, გქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი — ანუ იყო პროფესიული ან უმაღლესი სასწავლებლის (როგორც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის) მოქმედი სტუდენტი.

პირველ, შესარჩევ ეტაპზე საჭიროა, აპლიკაცია შეავსო და გაგზავნო ნებისმიერი ჟანრისა და თემატიკის პროზაული ნაწარმოები, რომელიც მოცულობით იქნება არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი გვერდი. აპლიკაციის შევსება 16 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლია.

რა ხდება შემდეგ?

ლეგენდა 2019-ის იმპროვიზაციული ტური წინანდლის მამულში

ფოტო: ლეგენდა / Facebook

შესარჩევი ეტაპის მონაწილეებიდან ჟიური გამოავლენს 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორს, რომლებიც გადაინაცვლებენ ფინალურ, იმპროვიზაციულ ტურში. ეს ტური მუხრანში გაიმართება, სადაც ფინალისტები კონკურსის ჟიურისგან დავალებას მიიღებენ. დავალება საკონკურსო დღის წინა საღამოს ცხადდება: ეს შეიძლება იყოს ფრაზა, სიტყვა, ან სხვა რამ, რაც შენი ფინალური ნაშრომის ინსპირაცია უნდა გახდეს.

საკონკურსო დღე 12 საათს გრძელდება: სწორედ ამ დროში უნდა შეძლო იდეების თავმოყრა, საუკეთესოს ამორჩევა, დაწერა, "გაშალაშინება"... თუმცა, არ შეგეშინდეს, რადგან ყურადღების გაფანტვის შანსი მცირეა — ფინალისტებს წერის პროცესში ტელეფონთან წვდომა შეზღუდული აქვთ.

როგორ ვლინდებიან გამარჯვებულები

კონკურსის ჟიური ფინალისტების ტექსტებს ადგილზევე ეცნობა წინასწარ, თუმცა, მათ მოგვიანებითაც აქვთ დრო, მოთხრობები უფრო დაკვირვებით წაიკითხონ და იმსჯელონ. ამ პროცესში, ისევე, როგორც შესარჩევ ეტაპზე, მონაწილეების ანონიმურობა დაცულია: მოთხრობები დაშიფრულია და ჟიურიმ არ იცის, ვის ტექსტს კითხულობს.

როგორც წესი, წლის მიწურულს ვლინდება გამარჯვებული, რომელსაც ლეგენდის სიმბოლო გადაეცემა. მასთან ერთად, ჯილდოვდებიან მეორე და მესამე ადგილების მფლობელებიც.

ლეგენდა, როგორც ლიტერატურული მოვლენა

ლეგენდა 2020-ის გამარჯვებულმა გოდე გორგილაძემ 2023 წელს პრემია საბა მიიღო სადებიუტო კრებულისთვის რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე

ფოტო: საბა

ლეგენდა, ან როგორც თავიდან ეწოდებოდა შემოდგომის ლეგენდა, 2009 წელს დაფუძნდა ნინო კალანდიასა და მარიამ სეხნიაშვილის ინიციატივით. კონკურსს თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია ჯეოსელი (მოგვიანებით სილქნეტი) ერთობლივად ახორციელებდნენ. 2025 წელს თსუ-მ კონკურსის დაფინანსება შეწყვიტა, რის შემდეგაც ლეგენდამ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით განაგრძო არსებობა.

სხვადასხვა წელს ლეგენდაში გაიმარჯვეს ან მონაწილეობა მიიღეს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დღეს უკვე ცნობილმა სახელებმა, მათ შორის, მარი ბექაურმა, ივა ფეზუაშვილმა, დათო გორგილაძემ, მინდია არაბულმა და ბექა ადამაშვილმა. ეს უკანასკნელი, რომელიც 2019 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა, ლეგენდის შესარჩევი ეტაპის ჟიურის წევრიცაა.

ამ და სხვა ლიტერატურული სიახლეების გასაცნობად, შემოგვიერთდი მკითხველთა ჯგუფში ერთი გვერდიც და...