კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სხვისი პერსონალური მონაცემები გამოიყენა, ერთ-ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე ყალბი ელექტრონული საფულე შექმნა და სისტემაში უნებართვოდ შეღწევით საკუთარ ანგარიშზე დაახლოებით 73 000 ლარი უკანონოდ დააგენერირა და მიითვისა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ერთ-ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით ელექტრონული საფულის ანგარიში შექმნა.

შემდგომში იგი უნებართვოდ ჩაერია კომპიუტერულ სისტემაში და სხვა ანგარიშიდან მის მიერ შექმნილ ელექტრონულ საფულეზე მართლსაწინააღმდეგოდ დააგენერირა და ასახა 73 000-მდე ლარი, რომელიც შემდგომ თავადვე განკარგა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — წერის უწყების განცხადებაში.