ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც ბლოკი კავშირში გაწევრიანებისთვის მიზნობრივ "საგზაო რუკებს" შესთავაზებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, მიზნობრივ "საგზაო რუკებს" — რომლებიც წევრობისკენ მიმავალ მკაფიო, ეტაპობრივ გზას და მოლაპარაკებების სავარაუდო ვადებს განსაზღვრავს — მხოლოდ ოთხ მოწინავე ფავორიტ ქვეყანას — მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვასა და ალბანეთს შესთავაზებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალისხმევა ათწლეულების განმავლობაში გაწელილი პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად, მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ სხვა კანდიდატები, რომლებიც პროცესის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან (როგორიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა), საგზაო რუკებს ვერ მიიღებენ. "საგზაო რუკის" მიღების შანსს მიღმა რჩება საქართველოც (თურქეთსა და სერბეთთან ერთად), ვინაიდან ქვეყნების ევროპული განაცხადები დემოკრატიული და სასამართლო სისტემის უკუსვლის გამო შეჩერებულია.

სექტემბრის დასაწყისში, "კავშირის მდგომარეობის შესახებ" სიტყვით გამოსვლისას, კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ მიზნობრივ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ კანდიდატ ქვეყნებს, "რომლებმაც ყველაზე მეტი პროგრესი აჩვენეს".