OpenAI-ს ხელოვნურ ინტელექტს (AI), თუნდაც ChatGPT-ს, მომხმარებლები ფოტოებს არცთუ იშვიათად ვუზიარებთ. ეს მონაცემები ხშირად, თუ შესაბამის ფუნქციებს არ გავთიშავთ, მოდელების წვრთნისთვის გამოიყენება. ახლახან უკვე იმაზე შევიტყვეთ, რომ კომპანიის AI აგენტებმა მომხმარებლების მოწოდებული ფოტოები საჯარო საიტებზე გამოაქვეყნეს.

როგორც კომპანიამ განაცხადა, "მომხმარებლების მოწოდებული" 53 ფოტო გამოქვეყნდა "სურათების ჰოსტინგის საიტებზე ბმულების სახით, რომლებიც საჯაროდ განთავსებული არ ყოფილა". მეორე მხრივ, სურათების პოვნა მაინც შესაძლებელი იყო, თუნდაც ბმულები საჯაროდ არ ყოფილიყო განთავსებული.

ასევე იხილეთ: როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?

OpenAI-დან განაცხადეს, რომ "ეს ამ მონაცემების გამოყენების მისაღები გზა არაა". კონფიდენციალურობის პოლიტიკაში კომპანიას ჩამოთვლილი აქვს, როგორ შეიძლება გამოიყენონ მომხმარებლებისგან მიღებული მონაცემები, თუმცა, ცხადია, ამ ტიპის ქმედება შიგნით ნახსენები არ არის.

კომპანიამ განაცხადა, რომ ჰოსტინგის პროვაიდერებთან თანამშრომლობდა საიტებიდან ფოტოების ამოშლაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანი ონლაინ მაინც საკმაო ხანს დარჩა. როგორც განმარტეს, დაზარალებულ მომხმარებლებს ამის შესახებ ვერ შეატყობინეს, რადგან მათი "ტექნიკური მიდგომა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა" ზღუდავს, რომ სურათები თავდაპირველ მომწოდებლებს "ხელახლა დაუკავშირონ". არ უპასუხიათ კითხვაზე, თუ როგორ გაიგო ლაბორატორიამ, რომ ფოტოები მომხმარებლების მიერ იყო მოწოდებული.

ეს სიახლე პოსტიდან შევიტყვეთ, რომელშიც ლაბორატორიას მსგავსი სხვა შემთხვევები აქვს შემოკრებილი. მოდელები სატესტო გარემოს უკვე არაერთხელ დაუსხლტნენ და მოიქცნენ თვითნებურად. როგორც OpenAI-მ განაცხადა, კომპანია სამომავლოდაც განაგრძობს მსგავსი ინციდენტების გამოვლენას. თქვეს ისიც, რომ აგენტების ქმედებების შესატყობინებლად არაერთ დაზარალებულს დაუკავშირდნენ, მათ შორის მთავრობებს, უნივერსიტეტებსა და საჯარო სააგენტოებს.

ცნობისთვის, ახლახან ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ანტონი ალბანესმა, განაცხადა, რომ OpenAI-ს აგენტები შეიჭრნენ მონაცემთა ბაზებში, რომლებსაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მართავს. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ არაერთი შემთხვევიდან, რომლებიც OpenAI-ს მოდელების წვრთნისა და ტესტირების პროცესებს უკავშირდება.

იხილეთ: OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა

OpenAI-ს განცხადებით, აგენტებმა მომხმარებლების მიწოდებული სურათები ინტერნეტში მანამ დაპოსტეს, სანამ კომპანია უსაფრთხოების ახალ პროცედურებს დანერგავდა, თუმცა უცნობია, ზუსტად როდის ან რატომ მოხდა ეს. დაცვის ახალი მექანიზმები მას შემდეგ აამოქმედეს, რაც კომპანიის აგენტები Hugging Face-ის სისტემაში შეიჭრნენ.

სხვათა შორის, კომპანიას მათემატიკოსები ბრალს სდებენ იმაში, რომ OpenAI-მ სფეროში მრავალწლიანი თავსატეხების ამოსახსნელად მათი შრომა გამოიყენა. ლაბორატორია ამას უარყოფს.

ასევე იხილეთ: OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა

მონაცემთა დაცულობასთან დაკავშირებული ეჭვები სამსახურებში AI-ს გამოყენებასაც ართულებს და კლიენტებისთვის LLM-ზე მომუშავე ასისტენტების მიყიდვასაც.

OpenAI-მ განაცხადა, რომ Enterprise ვერსიის მომხმარებლები ავტომატურად ირიცხებიან მოდელების წვრთნის პროცესიდან. მეორე მხრივ, სხვა მომხმარებლებისთვის წვრთნაში მონაწილეობა ავტომატურია, თუ ამაზე განზრახ არ იტყვიან უარს (ამისათვის პარამეტრებში Data Controls სექციიდან Improve the model for everyone ფუნქცია უნდა გათიშოთ).

და მაინც, AI-ს პასუხზე მოწონების ან დაწუნების ხატულას თუ დააჭერთ, ეს ინტერაქცია მაინც გახდება ხელმისაწვდომი სამომავლო მოდელების საწვრთნელად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.