მომავალი ექიმი და 13 წლის მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდა — ნიკა სოციალურ ქსელში გავრცელებული ორი პოსტის დახმარებით ცდილობს აგვიხსნას, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა და ამასთან, ამომწურავად გასცეს პასუხი საზოგადოების ნაწილისთვის აქტუალურ კითხვას — ცვლის თუ არა ვაქცინა ადამიანის დნმ-ს.

"დავიწყებ იქიდან რომ პანდემიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. კორონავირუსმა დაგვაკარგინა ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები თუ ნათესავები. საქართველოში მას უკვე ემსხვერპლა 5600-ზე მეტი სიცოცხლე. ადამიანურმა და ეკონომიურმა დანაკარგმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

საქართველოში გვაქვს 3 ტიპის ვაქცინა. ესენია:

  1. m-RNA ვაქცინა (ფაიზერი);
  2. ვექტორული ვაქცინა (ასტრაზენეკა);
  3. ტრადიციული ვაქცინები (სინოფარმი და სინოვაკი).

დავიწყებ m-RNA ვაქცინის ახსნას. ვიცით რომ ჩვენი ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან. თითოეული უჯრედი კი მრავალ ცილას შეიცავს. ცილები მთავარი "საშენი მასალაა" ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. როგორ აწარმოებს უჯრედი ამ ცილებს?

დავიწყოთ იმით, რომ ცილების აწყობის ინსტრუქციები უჯრედის დნმ-შია ჩაწერილი გენების სახით. დნმ უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. აქ ინახება სრული ინფორმაცია თუ როდის და როგორ შეიქმნას ესა თუ ის ცილა. ცილის აწყობა უჯრედის ბირთვში არ მიმდინარეობს, ცილა სინთეზირდება უჯრედის განსაკუთრებულ სტრუქტურებზე, რომლებსაც რიბოსომები ჰქვია. რიბოსომები ბირთვის გარეთ, უჯრედის ციტოპლაზმაში მდებარეობს. ინსტრუქცია ბირთვიდან რიბოსომებს უნდა გადაეცეს, ამიტომაც საჭიროა შეიქმნას შუამავალი, რომელზეც გადაიწერება ინფორმაცია და იგი ამ ინფორმაციას ადრესატამდე მიიტანს. ამ პროცესს ტრანსკრიფცია ეწოდება რაც გადაწერას ნიშნავს. ამ დროს გენის დნმ-ის თანმიმდევრობა რიბონუკლეინის მჟავის მოლეკულაზე გადაიწერება. ასეთი ტიპის რნმ-ს ინფორმაციული რნმ (ი-რნმ, იგივე messenger RNA) ეწოდება რადგან ის დნმ-სა და რიბოსომას შორის ინფორმაციის გაცვლაზეა პასუხისმგებელი. m-RNA-ს მოლეკულა მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს და საკმაოდ არასტაბილურია.

შემდგომ შუალედურ პროცესს გადავახტები და პირდაპირ რიბოსომებთან მივალ. აი, ის სტრუქტურები რაც ზემოთ ვახსენე და რომლებზეც ცილის აწყობა მიმდინარეობს. რიბოსომებზე ჯერ m-RNA-ის "კოდი იშიფრება" და შემდეგ ამ გაშიფრული ინფორმაციის მიხედვით ხდება ცილის აწყობა. ამიტომაც ამ პროცესს ტრანსლაცია ეწოდება, რაც თარგმნას ნიშნავს და ასეცაა. m-RNA-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა სრულიად სხვა ამინომჟავურ ენაზე უნდა "გადაითარგმნოს".

ახლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ნაწილი დაიმახსოვრეთ! ცილის აწყობის პროცესში ინფორმაციის ნაკადი შემდეგი მიმართულებით მიედინება:

დნმ➡️რნმ➡️ცილა

ამას მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრალური დოგმა ეწოდება და ყველა ცოცხალ უჯრედში ყოველთვის, ყოველთვის მიმდინარეობს ამ თანმიმდევრობით და მიმართულება ყოველთვის ცალმხრივია. ეს კი იმას ნიშნავს რიმ ცილისგან ვერასოდეს შევქმნით რნმ-ს,
ხოლო რნმ ვერასოდეს დაბრუნდება უკან ბირთვში სადაც დნმ-ია.

ანუ რა გამოდის?!
m-RNA-ს მოლეკულა, რომელიც ფაიზერის ვაქცინის ძირითადი ნაწილია მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს უჯრედში. მასში ჩაწერილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა აეწყოს ერთი კონკრეტული ცილა, კონკრეტულად სპაიკ პროტეინი.

ცალკე აღებული სპაიკ პროტეინი საკმაოდ უვნებელია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმის მიერ უცხოდ აღიქმება და აქედან გამომდინარე ხდება იმუნური პასუხის გამომწვევი.
იმუნური პასუხი ვლინდება ანტისხეულების გამომუშავებით და სპეციფიური T ლიმფოციტების აქტივაციით, რომლებიც დაუყოვნებლივ გააუვნებელყოფენ უცხო ცილას. გარდა ამისა მათ მახსოვრობის უნარი აქვთ და ამიტომ მომავალშიც დაგვიცავენ ნამდვილი ვირუსისგან.

თავად რნმ მოლეკულა უჯრედში მალევე დეგრადირდება და ნადგურდება. ვაქცინაში შემავალი ყველა დანარჩენი კომპონენტი არის მხოლოდ დამხმარე და ესენია: ლიპიდები ანუ ცხიმები, შაქარი და მარილები, პოლიეთილენგლილოლი/პოლისორბატი.

კითხვა: ცვლის თუ არა ვაქცინა ადამიანის დნმ-ს?!
პასუხი: რა თქმა უნდა, არა! ჩვენი უჯრედები ემორჩილებიან მოლეკულური ბიოლოგიის ცენტალურ დოგმას!

ახლა გადავიდეთ ვექტორულ ვაქცინებზე, როგორიცააა ასტრაზენეკას ვაქცინა. მასში გამოიყენება მოდიფიცირებული ვირუსი, ანუ ადენოვირუსის ვექტორი. ეს იმუნურ სისტემას აწვდის "მესიჯს", შემდეგ კი ხდება საპასუხო რეაქცია იმუნოგლობულინების გამომუშავებაში.

ვექტორული ვაქცინა — კორონავირუსის გენის, ე.წ. წვეტის ცილის (spike protein) გენის მიბმა რომელიმე ვექტორთან (გადამტანთან) — უვნებელ ვირუსთან, მაგალითად რეკომბინანტულ ადენოვირუსთან. გადამზიდავი ვირუსი ახდენს კორონავირუსის სპაიკ ცილის მიტანას და იმუნური სისტემა იწყებს ლიმფოციტების და ანტისხეულების გამომუშავებას. ასეთი ვაქცინებია: Oxford/AstraZeneca, Johnson & Johnson და Sputnik V. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეაშინა Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინამ უიშვიათესი (!) თრომბოემბოლიების გამო.

კითხვა: რატომ იწვევს ძალიან, ძალიან იშვიათად (მილიონში 3-4 შემთხვევაში) ვექტორული ვაქცინები პროთრომბოზურ თრომბოციტოპენიებს?!
პასუხი: ამ უიშვიათეს გართულებას იწვევს ადენოვირუსის ვექტორი, როდესაც ციტოზოლში გადადის იქ სისხლი დედდება მილიონიდან 4 შემთხვევაში, იმუნური პასუხის დროს ხდება თრომბოციტების "შეწებება", რაც თავისთავად თრომბოემბოლიას წარმოქმნის.

ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არის ძალზედ უიშვიათესი გართულება. სტატისტიკურად, ასტრაზენეკას ვაქცინა მილიონი აცრილიდან 4 ადამიანში წარმოქმნის თრომბოზს, ხოლო კოვიდ ინფიცირებულებს რომ შევადაროთ, მილიონი ინფიცირებულიდან თრომბოემბოლია უვითარდება 165000 ადამიანს! ანუ შედარებაც არ შეიძლება! ვაქცინაციის სარგებელი რამდენიმე ათეულობით-ათასჯერ აჭარბებს ყველა შესაძლო უიშვიათეს რისკს.

ტრადიციული ვაქცინებში, როგორებიცაა სინოფარმი და სინოვაკი, გამოიყენება ინაქტივირებული ვირუსი, ანუ დასუსტებული კორონავირუსი რომელსაც არ გააჩნია გამრავლების უნარი! ესეც იმუნურ სისტემას აწვდის ერთგავარ მესიჯს და შემდეგ გამომუშავდება ანტისხეულები.

ტრადიციული მეთოდი გულისხმობს დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსის შეყვანას ორგანიზმში, იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად, რომელიც ვლინდება იმნოგლობულინების გამომუშავებით. ეს ძველი მეთოდია, ამ ტიპის ვაქცინებმა დაამარცხეს უამრავი მწვავე ინფექციური დაავადება.

ამ ვაქცინებს პრაქტიკულად გართულებები არ აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ვაქცინები დაბალეფექტურია ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებთან შედარებით.

კითხვა: რატომ ინფიცირდებიან ორჯერ ვაქცინირებული პირები⁉️
პასუხი: არსებული ვაქცინები არ არის ინფექციისგან დაცვის 100% გარანტიით.
ყველა ვაქცინა გარკვეულწილად იცავს ინფიცირებისგან, მაგალითად ფაიზერის და მოდერნას ვაქცინა გიცავთ 95% ინფიცირებისგან. ანუ თუ 100 ადამიანი უნდა დაინფიცირებულიყო, მხოლოდ 5 დაინფიცირდება და 95 არა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს 5-ივე შემთხვევა წავა მსუბუქი ფორმით!

კითხვა: შესაძლოა თუ არა, რომ ვაქცინამ დაგმართოთ კოვიდ-19?!
პასუხი: ამის მცირე თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რადგან არცერთ ვაქცინაში არ გამოიყენება ცოცხალი ვირუსი!

კითხვა: 2-3 წლის მერე რას გამოიწვევს?
პასუხი: დამერწმუნეთ არაფერსაც არ გამოიწვევს. m-RNA მოლეკულას მომავალში, რადგანაც ტრანსკრიფცია-ტრანსლაციის შემდეგ ის უჯრედში დეგრადირდება და მალევე ნადგურდება. ანუ იმუნური პასუხის შემდეგ უკვე აღარაფერი ხდება ორგანიზმში.

კითხვა: ბევრი მეკითხება, რატომ გვყავს კოვიდით გარდაცვლილი ადამიანები, რომლებსაც ძლიერი იმუნური სიტემა ჰქონდათ?!
პასუხი: იმუნური ფაზის დაწყების დროს, როდესაც ციტოკინები იწყებს გამომუშავებას, ამ პერიოდში თუ გაუმართლა ადამიანს და მისი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია არ იქნება აგრესიული, თავისივე თავის მიმართ გადარჩება, ანუ კოვიდი კი არ კლავს, კოვიდისგან გააგრესიულებული ორგანიზმი ციტოკინების შტურმით ინელებს თავისივე ორგანოებს და პოლიორგანული უკმარისობა ვითარდება, რის შედეგადაც ვითარდება ავტო-იმუნური დაავადებები.

დაბოლოს, ვაქცინამ დაამარცხა ბევრი ვერაგი დაავადება, ვაქცინა დამარცხებს კოვიდს. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ადამიანური ცხოვრების დასაბრუნებლად.

აიცერი! ვაქცინა გვიცავს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!"