წელს ორბიტაზე ხისგან დამზადებულ და სელფისჯოხიან ხელოვნურ თანამგზავრს გაუშვებენ
როგორც Defense One იუწყება, 2021 წელს დედამიწის ორბიტაზე ხისგან დამზადებული პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება იგეგმება, რომელიც თან სელფის ჯოხსაც წაიღებს.
WISA Woodsat ფინური ქიუბსატ სტარტაპ Arctic Astronautics-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ხელოვნური თანამგზავრია, რომელიც გარედან ხის ფანერებითაა დაფარული. ნივთიერება კოსმოსის მძიმე პირობების მიმართ საკმაოდ კარგი გამძლეობით ხასიათდება.
9 ივლისს ESA-მ პატარა ხის ქიუბსატი დაადასტურა, რომლის გაშვებაც Rocket Lab Electron-ის რაკეტით წელსვე იგეგმება. ეს ხელოვნური თანამგზავრების ტექნოლოგიის ისტორიაში ახალი ამაღელვებელი ნაბიჯია, რადგან ტრადიციულად, თანამგზავრებში ლითონსა და მის შენაერთებს იყენებდნენ. მასში ხის გამოყენება გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თანამგზავრი ატმოსფეროში შემოსვლისას მთლიანად დაიწვება, აქედან გამომდინარე, ამ ტიპის თანამგზავრები კოსმოსური ნაგვის პრობლემის გამწვავებას ხელს სულაც არ შეუწყობს.
წინასწარი გამოცდის დროს კომპანიამ სატესტო საფრენი ბუშტი ქიუბსატის ზომის ყუთით გაუშვა, რომელიც არყის ხისა და მისი ფანერებისგან იყო დამზადებული. Arctic Astronautics-ის მთავარი სტრატეგიული ოფიცრის, იარი მაკინენის თქმით, ნივთიერება დედამიწის ზედა ატმოსფეროში კარგად გაჩერდა.
Arctic Astronautics-ის გარდა ხის ხელოვნური თანამგზავრების შექმნაზე მუშაობს იაპონური ფირმა Sumitomo Forestry, რომელმაც გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ კიოტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2023 წელს, კოსმოსში ხის თანამგზავრის გაშვებას აპირებს. ამან, Defense One-ის მიხედვით, ფინურ სტარტაპს მეტი მოტივაცია მისცა.
WISA ქიუბსატი მთლიანად ხისგან არაა დამზადებული — მას შიგნიდან მეტალის ფირფიტები აქვს, რომლებმაც ელექტრონიკა უნდა შეინარჩუნოს ერთ ადგილას. თუმცა, ეს კომპონენტებიც ისეა დამზადებული, რომ დაწვის შემთხვევაში ისინი კვალს არ დატოვებენ.
კომპანიის თქმით, პატარა სატელიტმა კვამლი მაშინ უნდა გაუშვას, როდესაც ორბიტაზე კოროზიული ატომური ჟანგბადით დაიწყებენ მის ბომბარდირებას. თანამგზავრის დაშლის პროცესს პატარა კამერა გადაიღებს.
გუნდი იმედოვნებს, რომ ქიუბსატი ორბიტაზე ორ წელს გაჩერდება, რაც ხის ფანერებიანი ყუთისთვის შთამბეჭდავი მიღწევა იქნება.
კომენტარები