როდესაც შოპინგზე მიდიხარ, იქ რამდენიმე სახის პროდუქტი გხვდება — ისინი, რომელთა ყიდვაც აუცილებლად გჭირდება და ისინი, რომელთა შეძენაც შენს სურვილზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელს ისეთი კომპანიები აწარმოებენ, რომლებსაც მომხმარებელთა დისკრეციულ სექტორში აერთიანებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სექტორში არსებული ფირმები არა მომხმარებელთა აუცილებელ საჭიროებებზე, არამედ მათ სურვილებზე არიან ორიენტირებულნი.

აქ მხოლოდ ფუფუნების საგნები არ იგულისხმება. მაგალითად, სამოსის ტარება ადამიანისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, მაგრამ თუ გინდა, რომ ტანსაცმლის რომელიმე ბრენდი გეცვას, მაშინ დამატებითი ბიუჯეტი უნდა გაიღო და საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილო.

კომპანიები, რომლებიც სამომხმარებლო საქონლის დისკრეციულ სექტორს წარმოადგენენ

ფოტო: Maranda Vandergriff / Unsplash

ამ სექტორის წარმატებულ კომპანიებში ფულის ჩადებით ბევრი ინვესტორი ინტერესდება, რადგან მსგავს ფირმებს აქვთ მთავარი — მომხმარებელთა სიყვარული. ეს ბიზნესის კეთებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როგორც წესი, კომპანიების შემოსავლები სწორედ მათ კლიენტებზეა დამოკიდებული.

სტატიის მომდევნო ნაწილში გიყვებით რამდენიმე კომპანიის შესახებ, რომლებიც სამომხმარებლო საქონელს აწარმოებენ. მათი პროდუქტის შეძენა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს და საკუთარი ნაწარმი მსოფლიოს მასშტაბით გახადეს პოპულარული.

Nike

ფოტო: Barrett Ward / Unsplash

ეს კომპანია სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ინდუსტრიაში ნამდვილად დომინანტია. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ნაიკი ცდილობს გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი ბრენდი. ამ ბრენდის ნაწარმის შეძენა მომხმარებელთა სურვილზეა დამოკიდებული, რადგან სპორტული აღჭურვილობის ყიდვა ნამდვილად არ არის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი — ამიტომ, ეს კომპანია მომხმარებელთა დისკრეციულ სექტორს მიეკუთვნება.

ნაიკის ბიზნეს მოდელი მომხმარებელთა ფავორიტ, მსოფლიოში ცნობილ სახეებს დაეყრდნო და ეს კომპანია ამ გზით მივიდა მილიონობით ადამიანის გულამდე. მაიკლ ჯორდანმა დიდი ხანია დატოვა საკალათბურთო მოედანი, თუმცა ნაიკის ბრენდის ქვეშ გამოშვებული Air Jordan-ები დღემდე პოპულარულია მსოფლიოში. ნაიკი მსოფლიოს სპორტული სამოსის ბაზარზე ლიდერია და მნიშვნელოვნად უსწრებს უშუალო კონკურენტებს — ამ კომპანიამ იცის როგორ შეგაყვაროს საკუთარი პროდუქტი და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმი არც პურია და არც წყალი, ადამიანთა უმრავლესობას ის ჰაერივით სჭირდება.

Starbucks

ფოტო: Lisa / Unsplash

წყურვილის მოკვლა ონკანის წყლითაც არის შესაძლებელი, მაგრამ თუ ამის საშუალება გაქვს, უმჯობესია, სტარბაქსში შეიარო და გემრიელი ყავა მიირთვა. მილიონობით ადამიანის დილა სტარბაქსით იწყება — ეს კომპანიაც მომხმარებელთა დისკრეციულ სექტორს მიეკუთვნება.

კომპანიის წარმატებას მისი სტაბილურად მზარდი გაყიდვები აჩვენებს. მართალია, პანდემია ამ სექტორსაც შეეხო, მაგრამ სტარბაქისის გუნდი 2021 წელს შემოსავლების ზრდას ელოდება. არსებული მდგომარეობით, სტარბაქსი მსოფლიოს მასშტაბით 33 ათასზე მეტ ფილიალს ფლობს და მომავალი 10 წლის განმავლობაში კიდევ 22 ათასით ზრდას გეგმავს.

McDonald's

ფოტო: Brett Jordan / Unsplash

მე-20 საუკუნის შუა ხანებში გაბრწყინების შემდეგ მაკდონალდსმა გრძელი გზა გაიარა. მისი მთავარი კონცეფცია სტაბილურად გემრიელ საკვებსა და მომსახურების ინოვაციურ მიდგომებშია, რის გამოც ამ კომპანიის ნაწარმი მსოფლიოში უამრავ ადამიანს უყვარს.

მართალია მაკდონალდსი საკვებს აწარმოებს, მაგრამ ის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კატეგორიაში არ შედის — კომპანია მომხმარებელთა დისკრეციულ სექტორს მიეკუთვნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაკდონალდსში სტუმრობა უფრო მეტად სურვილის დაკმაყოფილებასთან არის კავშირში და არა — აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან.

კომპანია ინვესტორებისთვის მიმზიდველია იმის გამოც, რომ მზარდ დივიდენდებს იხდის. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მაკდონალდსი ზრდის მეწილეებისთვის გასაცემ თანხებს, რაც მას ბირჟაზე კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. როგორც ცნობილია, მოგების დაახლოებით 70%-ს ეს კომპანია დივიდენდებისთვის ანაწილებს.

მომხმარებელთა ფავორიტი კომპანიების აქციები და მათში ფულის დაბანდების უპირატესობები

ფოტო: Luis Villasmil / Unsplash

სამომხმარებლო საქონლის დისკრეციული ბიზნესი ეკონომიკის რამდენიმე სექტორშია წარმოდგენილი, თუმცა ყველა მათგანი ეყრდნობა ძირითად კონცეფციას — შეძლოს და ფული დაახარჯვინოს ადამიანებს ისეთ საქონელსა და მომსახურებაში, რომლის მოხმარებაც მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი კომპანიების მიზანია ისე შეაყვაროს თავი მომხმარებლებს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ადამიანებმა მათი პროდუქცია შეიძინონ.

სამომხმარებლო საქონლის დისკრეციული კომპანიები ბიზნესის ამ სფეროებში გვხვდება:

  • ავტომობილებისა და მოტოციკლების წარმოება;
  • საბურავებისა და ავტომობილების ნაწილების წარმოება;
  • მშენებელობა;
  • სამომხმარებლო საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება;
  • ტანსაცმლისა და ძვირადღირებული საქონლის წარმოება;
  • საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება;
  • სასტუმროები, დასასვენებელი სახლები და კაზინოები;
  • სარესტორნო მომსახურება;
  • განათლებისა და სხვა სახის მომსახურების მიწოდება;

მომხმარებელთა დისკრეციულ სექტორში შემავალი კომპანიების აქციების ფასები ეკონომიკის ზრდისა და კლების პარალელურად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა, ეს სექტორი აღდგენის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა — გასათვალისწინებელია, რომ აქ მომხმარებელთა გულთამპყრობელი კომპანიები შედიან, რომლებსაც საკუთარი ერთგული კლიენტებისთვის თავის შეხსენება ნამდვილად არ უჭირთ.

როგორც წესი, ინვესტორებისთვის ბევრად ხელსაყრელია ბრენდულ კომპანიებზე კონცენტრირება, რადგან თითოეული ასეთი ფირმის ბიზნეს მოდელი ერთგვარ წარმატების ფორმულას წარმოადგენს. მათ შესწევთ ძალა ჩამოიშორონ კონკურენტები და მაქსიმალურად გაუმკლავდნენ კრიზისებს — ეს მათ, სხვა კომპანიებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.