რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქციამ დაძაბულობის ფონზე ჩაიარა, რადგან ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე ტერიტორიაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მობილიზდნენ. ცნობილია რამდენიმე ჟურნალისტის, ასევე, პოლიციელების დაშავების შესახებ, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. უცნობია ისიც, რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ — 5 ივლისისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მოძალადეებს პოლიცია პერიოდულად აკავებდა.

პარლამენტთან მდუმარე აქციის მონაწილეებმა შეკრება 19:00 საათის შემდეგ დაიწყეს. ისინი 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასა და ღირსების მარშის ჩაშლას აპროტესტებდნენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

ტერიტორიაზე უფრო ადრე მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფები და სანამ აქცია დაიწყებოდა, ძალადობაც მოასწრეს. დაშავებულია პალიტრანიუსის ოპერატორი, სამი ადამიანი კი პოლიციამ იქვე დააკავა ან შესაძლოა, მხოლოდ განარიდა.

მდუმარე აქციას შეუერთდა თბილისი პრაიდიც. პარლამენტთან მივიდნენ ტრანსგენდერი ქალებიც, თუმცა მათზე მისვლამდე ფიზიკურად იძალადეს.

ფოტო: თამუნა გეგიძეOn.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.g

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძეOn.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

აქტივისტებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლგბტ დროშა გაშალეს. მათ ჰაერში ფერადი კვამლი გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მდუმარე აქციის პარალელურად, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდნენ, კონტრაქციას მართავდნენ.

თუმცა უნდა აღინიშოს, რომ 5 ივლისთან შედარებით, ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული და უსაფრთხოების მკაცრი ზომები იყო მიღებული.

პოლიცია ქაშუეთთან მდუმარე აქციის მონაწილეებს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებისგან იცავს

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ქაშუეთთან იდგნენ, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. ისინი ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ — ისროდნენ ქვებით სავსე ბოთლებს, ქვებს, რკინის ნაჭრებს, შუშის ნამსხვრევებს და პიროტექნიკასაც კი.

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

მათ მდუმარე აქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა, თუმცა პერიოდულად ჯებირებს მიღმა გადასვლას ცდილობდნენ, იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. მათ პოლიციას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც შეასხეს.

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

პოლიციამ ძალადობრივი კონტრაქციის აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა. ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

დაახლოებით 23:00 საათისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან აქტივისტები, შემდეგ კი ჟურნალისტები გაიყვანა, ძალადობრივი ჯგუფები კი პარლამენტთან მიუშვა. რუსთაველის გამზირზე მორბენალმა ჯგუფმა მალევე მიაღწია პარლამენტის წინ აღმართულ ევროკავშირის დროშამდე, აძვრნენ ბოძზე და დროშა ჩამოაგდეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ანალოგიურად მოიქცნენ 5 ივლისსაც.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა განახლებულია. პარლამენტთან რამდენიმე ჰომოფობი დარჩა, რომლებიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში არიან და უმისამართოდ იგინებიან.

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge


5 ივლისს 53 ჟურნალისტს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაუზიანეს ტექნიკა. დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს კი, შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა კიდევ სამი ადამიანის დაკავების შესახებ, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან.

პრაიდის კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. ისინი თავს დაესხნენ სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებს, ასევე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალება შეაგდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.