ეს აღმოჩენა, შესაძლოა, მარსზე სიცოცხლის არსებობაზე მიანიშნებდეს
2016 წელს NASA-ს Curiosity მოხეტიალემ წითელი პლანეტის ზედაპირზე თიხა აღმოაჩინა, რომელიც, მეცნიერების აზრით, დამაჯერებელ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ აქ ერთ დროს სიცოცხლე არსებობდა.
ორშაბათს, ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მარსზე დიდი ხნის მანძილზე სიცოცხლისთვის შედარებით სტაბილური პირობები უნდა ყოფილიყო. ეს, რა თქმა უნდა, არ ატმკიცებს, რომ აქ მართლაც არსებობდა სიცოცხლე, თუმცა იმედისმომცემ ნიშანს წარმოადგენს, რომ პლანეტაზე ამისთვის ხელსაყრელი პირობები იყო.
ახალი კვლევის გასაღები მინერალი გლაუკონიტია. Phyr.org-ის მიხედვით, დედამიწაზე გლაუკონიტი ხშირად გვხვდება მდინარის ნალექებში კალაპოტის ფსკერზე, ასევე კარბონატებსა და ქვიშაქვებში. სამივე მათგანს საერთო ის აქვს, რომ მათ ჩამოყალიბებას დროის ძლიან დიდი სტაბილური პერიოდი ესაჭიროება.
NASA-სა და ესპანეთის კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მარსის ნიმუშები ძალიან ჰგავს გლაუკონიტურ თიხას როგორც ფიზიკური სტრუქტურით, ასევე ქიმიური შემადგელობითაც. ამ აღმოჩენის საფუძველზე გუნდმა რამდენიმე ვარაუდი გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორი გარემო უნდა ყოფილიყო მარსზე იმისთვის, რომ მასზე ასეთი მინერალის ფორმირება მომხდარიყო.
თავდაპირველად, მათ ივარაუდეს, რომ მარსის ზედაპირის დიდი ნაწილი წყლით იყო დაფარული. ეს უკვე მიღებული ჰიპოთეზაა, თუმცა, ბოლო წლებში უფროდაუფრო მეტი მტკიცებულება იკვეთება აქ უძველესი მდინარეებისა და ტბების არსებობის შესახებ. ამის გარდა, კვლევაში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რა დროსაც არ უნდა ყოფილიყო მარსის ზედაპირზე ტბები, მაშინ პლანეტის ტემპერატურა, სავარაუდოდ, არც ძალიან მაღალი იქნებოდა და არც დაბალი, რათა ტბებს ვერც აორთქლება მოესწროთ და ვერც გაყინვა. შემდეგ კი, აღნიშნული თიხის დეპოზიტების ჩამოსაყალიბებლად, მარსზე ასეთი გარემო მილიონობით წელიწადს უნდა გაგრძელებულიყო.
თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს ან ოდესმე არსებობდა. მაგრამ, ზემოაღნიშნული გარემო საშუალო ტემპერატურითა და წყლით დაფარული პლანეტით საკმარისად დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო იმისთვის, რომ აქ სიცოცხლის საწყისი ფორმები წარმოქმნილიყო იქამდე, სანამ მარსი დღევანდელ სახეს მიიღებდა.
კომენტარები