ქარი თბილისის ქუჩებში — ელექტრო მოპედების ბრენდის ამბავი
თბილისი პატარა ქალაქი ნამდვილად არ არის და ურბანული დაგეგმარებითაც დიდად ვერ დაიკვეხნის. ქალაქის ქუჩები თანამედროვე გამოწვევებს ვერ უძლებს. ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია. ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და თბილისის ვიწრო ქუჩებში სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება.
იგივე პრობლემებთან დადგომის შემდეგ, ევროპასა თუ აზიაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ალტერნატიული ტრანსპორტის ძიება დაიწყო. ორბორბლიანი ტრანსპორტი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. დიდი ქალაქების განსამუხტად პატარა და ეკონომიური ტრანსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თბილისიც არ არის გამონაკლისი. დაუსრულებელი საცობებისა და ავტომობილების მზარდი რიცხვის ფონზე, ადგილობრივ მომხმარებლებს შორისაც იზრდება მოთხოვნა ისეთ ტრანსპორტზე, რომელიც კომფორტული, სწრაფი და იაფია.
მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სტარტაპი ცდილობს მოიფიქროს და შექმნას ახალი გზები, რომლებიც ქალაქების განმუხტვაში და ავტომობილების რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება. უბერი, აიქარი და სხვა კომპანიების შექმნის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო.
ქალაქში ჯერ ელექტრო სკუტერები გაჩნდა. ბოლო პერიოდში კი თბილისის ქუჩებში, სრულად ელექტრო, ეკოლოგიურად სუფთა და ჩუმი მოპედებიც გამოჩნდნენ.
ეს ქარია — "თბილისის ახალი სუნთქვა".
იმისათვის რომ ამ წამოწყების შესახებ მეტი გაგვეგო ჩვენ "ქარის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და არტისტს, მაქსიმე მაჩაიძეს ვესაუბრეთ.
"როდესაც ბრენდს ქმნი გიწევს მისი მომცველი სამყაროც წარმოიდგინო. ეს გულისხმობს ვიზუალურ სტილს, საკომუნიკაციო ენას, ატმოსფეროს და ასე შემდეგ. ასე გამოვიდა, რომ ჯერ ამ სამყაროს აგება დავიწყეთ და “ქარი" მის წიაღში თითქოს თავისით გაჩნდა. ამმხრივ “ქარი”არის არამხოლოდ ცალკეული პროდუქტის ან სერვისის სახე, არამედ ჩვენი გამოგონილი სამყაროს ბუნებრივი ნაწილი", — ამბობს მაქსიმე.
ქარის შექმნის პროცესში მონაწილეობას კომპანიის თითოეული წევრი იღებდა. ბრენდი თავის თავში რამდენიმე რამეს აერთიანებს — რაიდინგის კულტურის სიყვარული, ქართული კალიგრაფიის ავთენტურობა, ურბანული ტანისამოსი და კიდევ უამრავი რამ არის ის, რაც ქმნის ქარს.
როგორ მიმდინარეობდა ბრენდის ფორმირების პროცესი
თავდაპირველად არსებობდა ლოგო.
"ამ ლოგოს ვიყენებდით პრინტებად, ვბეჭდავდით მაისურებზე და მერე ვიფიქრეთ, მოპედებიც შემოგვეყვანა. ასე როცა უყურებ ცოტა მისტიკურ თუ ალქიმიურ ელფერსაც იძენს — თითქოს ჯერ რაღაც სიმბოლოს ქმნი, და რაზეც მერე ამ სიმბოლოს აღბეჭდავ, შენი სამყაროს ნაწილად იქცევა. ასე მოუვიდა ტანსაცმელს, ვენდინგ მანქანებს და მოპედებსაც"
ქარი რამდენიმე ნიუანსის ერთმანეთთან შეხამებით შეიქმნა. თავდაპირველად მოპედების ფერი შეირჩა, შემდეგ ყურადღება სხვა დეტალებზე გამახვილდა და როგორც მაქსიმე გვეუბნება — ქარის ბრენდმაც შეიძინა ელექტროძრავი.
რა პრობლემის გადაჭრას ცდილობს "ქარი"
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ დიდი ქალაქების განტვირთვა სტარტაპების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ ქარი, როგორც ბრენდი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, მას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს.
"რა თქმა უნდა, ეს მთელი აბსტრაქცია პრაქტიკულ და საჭირო სერვისზეა დამყარებული — უკვე ვამჩნევთ, რომ ქარის მოპედები ქალაქში გადაადგილების ახალ ტრადიციას თუ ფორმას ქმნიან — ასეთი ქალაქია, ითხოვს ჩასასუნთქ სივრცეს", — გვიამბობს მაქსიმე მაჩაიძე.
თბილისში მოპედები გაცილებით მსუბუქად და კომფორტულად მოძრაობენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტრანსპორტი.
რატომ გადაწყდა ელექტრო მოპედების შემოყვანა?
"ბევრი უპირატესობა აქვს ელექტრო მოპედს. უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე სხვა სახის ტრანსპორტი. გარდა ამისა, ელექტრო ენერგია ქარის სულისკვეთებასაც ემთხვევა", — ამბობს მაქსიმე მაჩაიძე NEXT.On.ge-სთან საუბრისას.
ელექტრო მოპედები ნამდვილად კარგი წამოწყებაა. პრობლემაა ჰაერის დაბინძურებაც და ელექტრო მოპედები ამ პრობლების გადაჭრის ერთ-ერთ გზადაც შეიძლება მოგვევლინოს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, ქარის უპირატესობა ნათელია. თქვენ შეგიძლიათ იმოძრაოთ ქალაქის მასშტაბით სწრაფად და მოხერხებულად და თან, თქვენი გადაადგილებით ბუნებასაც არ დააზიანებთ.
ქარის აპლიკაცია
ქარის გამოყენება საკმაოდ მარტივია, თუმცა, იმისათვის რომ თქვენ მგზავრობა შეძლოთ აუცილებლად დაგჭირდებათ აპლიკაცია. მის გადმოწერას Play Store-დან და App Store-დან შეძლებთ.
Qari App ქარის გამოყენებისთვის აუცილებელი აპლიკაციაა. აქედან ჯავშნით მოპედებს, იწყებთ და ასრულებთ მგზავრობებს, ამოწმებთ სამოძრაო ზონებს, იღებთ ინფორმაციას ფასდაკლებებზე, ეკონტაქტებით ქარის გუნდს და ა.შ. თითოეული საჭირო დეტალი აპლიკაციაშია თავმყორილი.
მაქსი გვეუბნება, რომ ავტორიზაციისთვის აპლიკაცია მართვის მოწმობას მოგვთხოვს.
მოპედების ტარება ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობითაა შესაძლებელი.
თუ მოწმობა ჯერ არ გაქვთ, ამისი მოგვარებაც მარტივად შეიძლება — ქარი უფასო ტრენინგებს ატარებს, ტრენინგის მერე კი მოპედების გამოყენება თამამად შეგეძლებათ.
ვისთვის ქრის ქარი
ორბორბლიანი ტრანსპორტი ჩვენს ქვეყანაში ფეხს ახლა იკიდებს და დაინტერესებაც საკმაოდ დიდია. ქარის კარი ყველასათვის ღიაა და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"ჩვენ ნებისმიერ ადამიანს მივესალმებით, ვისაც რაიდინგი აინტერესებს, ტანსაცმელი მოსწონს ან უბრალოდ ჩვენი ხედვითაა დაინტერესებული. ასეთ სივრცედ წარმოგვიდგენია ქარი — ბრენდი რომელიც ყველას თავის ნაწილად აგრძნობინებს თავს".
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს — ქარის ონლაინ მაღაზია კიდევ უფრო გაფართოვდება და მრავალფუნქციურ მარკეტად იქცევა. ონლაინ მაღაზიაში უკვე ემატებიან სხვა ბრენდები და თანამედროვე არტისტები, ექსკლუზიური პროდუქტებით.
"ზოგადადაც ვაპირებთ, ქარის ესთეტიკური მხარე ბევრი ხელოვანის დახმარებით გავამდიდროთ და შევქმნათ პროდუქტების პლატფორმა არამხოლოდ ბრენდებისთვის, არამედ ლოკალური არტისტების ნამუშევრებისთვისაც", — ამბობს მაქსი
ამ ეტაპზე კი, იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბრენდმა ნამდვილად შთამბეჭდავი სტარტი აიღო და ქალაქის ესთეტიკასაც მშვენივრად მოერგო. ელექტრო მოპედების მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტზე მოთხოვნა რეალურად არსებობს და მათი არსებობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვნია. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ხანაა და თუ ტრანსპორტის განვითარების ისტორიას დავაკვირდებით მიხვდებით, რომ მოპედების, სკუტერების, ავტომობილების თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებების ელექტროფიკაცია გარდაუვალი მოვლენაა.
კომენტარები