მეცნიერებმა ზეგიგანტური ვარსკვლავის — ბეთელგეიზეს ელვარების კლების მიზეზი დაადგინეს
2019 წლის ბოლოს ასტრონომებმა რაღაც უცნაური შეამჩნიეს: დედამიწიდან 550 სინათლის წლით დაშორებული ბეთელგეიზეს, ორიონის თანავარსკვლავედის წითელი გიგანტის ელვარება თანდათან მცირდებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი 10-ჯერ უფრო კაშკაშაა ჩვენ მზესთან შედარებით.
უცნაურმა მოვლენამ, რომელსაც შემდგომ "ნათების დიდი შემცირება" უწოდეს, მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი იფიქრა, რომ იგი ზეახალ ვარსკვლავად უნდა აფეთქებულიყო.
მაგრამ, მეცნიერთა გუნდის წყალობით, რომლებმაც ჩილეს ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT) გამოიყენეს, დადგინდა, რომ ვარსკვლავის ნათების შემცირება მისი გარდაუვალი სიკვდილის ნიშანი არ არის — მათი აზრით, სავარაუდოდ, ჩვენსა და ბეთელგეიზს შორის მტვრის გიგანტური ღრუბელი მოძრაობს.
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა თავიანთი თეორია ახალ კვლევაში აღწერა, რომელიც გუშინ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. ვარსკვლავი მტვრის საფარმა გადაფარა და ზეგიგანტის ზედაპირის ტემპერატურის დაცემა გამოიწვია.
მათი თქმით, ნათების დიდი შემცირება, ბეთელგეიზე აირის გიგანტურ ბუშტს უშვებდა, რომელიც, შემდგომ, შორდებოდა ვარსკვლავს. მისი ზედაპირის ტემპერატურის შემცირების შედეგად კი, აირი კონდენსირდა და მყარ მტვრის ღრუბლად იქცა.
"ჩვენ პირდაპირ დავაკვირდით ეგრედ წოდებული ვარსკვლავური მტვრის ჩამოყალიბებას", — აღნიშნა ოფიციალურ განცხადებაში მიგელ მონტარგესმა, გუნდის ხელმძღვანელმა და პარიზის ობსერვატორიის ასტრონომმა.
"ცივი, განვითარებული ვარსკვლავებიდან წამოსული მტვერი, როგორიც, მაგალითად, ბეთელგეიზიდან წარმოიშვა, შესაძლოა, სიცოცხლისა და მისთვის ხელსაყრელი პლანეტის საშენ ბლოკად იქცეს", — ამბობს განცხადებაში ემილი ქენონი, კვლევის თანაავტორი და ასტროფიზიკის დოქტორი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან.
მოკლედ რომ ითქვას, ბეთელგეიზი ზეახალ ვარსკვლავად არ ფეთქდება — მეტიც, ჩვენს გალაქტიკაში ზეახალის ანთება XVII საუკუნის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
კომენტარები