"ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის"? — კობახიძის ფერისცვალება
ქართულმა ოცნებამ ბოიკოტი შეწყვიტა და ოპოზიციური ტელევიზიის, მთავარი არხის ეთერში მივიდა. პირველი, ვინც ეს წესი "დაარღვია", პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იყო. ერთ საათზე მეტხნიანი ინტერვიუს დიდი ნაწილი ექსპრემიერ გახარიას დაეთმო და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ქართული ოცნების ყველა "ცოდვა" სწორედ მას მიეწერა.
On.ge გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას.
"ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის"?
თვეების წინ კობახიძე ამბობდა, რომ "ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის", რომ გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის დაშლის დროსაც "საქმის კაცი" იყო, რომ ის პარლამენტში "გოიმური" ოპოზიციის წარმომადგენლებს "მასტერკლასს" უტარებს. დღე კი აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვები მხოლოდ "გუნდურობის საუკეთესო გამოხატულება" იყო. ჟურნალისტის კითხვას წარსულში ქართული ოცნების მხრიდან გახარიას ქების შესახებ კობახიძემ სწორედ ასე უპასუხა.
"როდესაც ხარ კონკრეტული გუნდის წევრი, რა თქმა უნდა, გმართებს შენი გუნდის ინტერესების დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა", — დასძინა მან.
"ოცნების" თავმჯდომარე მთელი ინტერვიუს განმავლობაში ცდილობდა გახარიას დაკავშირებას "მთავარ მტერთან" — ნაციონალურ მოძრაობასთან. მეტიც, კიევში დაგეგმილი საბოტაჟის სცენარიც ახსენა.
მან ჩამოთვალა გახარიას მინისტრობისა თუ პრემიერმინისტრობის დროს ჩატარებული სპეცოპერაციები და თქვა, რომ ეს არის ლოგიკური ჯაჭვი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯი კონკრეტული ადამიანის მხრიდან, რომელიც ასუსტებდა ქართულ ოცნებას.
კობახიძის მტკიცებით, "რაც კი პრობლემა დაუგროვდა ქართულ ოცნებას მცირე მონაკვეთში, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული". დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხისას კი მან დასძინა, რომ არ იცის, ეს იყო არასწორი მენეჯმენტის ბრალი თუ "გავლენების" შედეგი, მაგრამ "ფაქტი სახეზეა".
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ინტერვიუს დროს არაერთხელ ახსენა, რომ ვერ მოისმინა პასუხი, რაში სჭირდებოდა გახარიას ნიკა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება და ესეც ნაციონალური მოძრაობისა და ექსპრემიერი ერთობლივ ინტერესებს დაუკავშირა. მისი თქმით, როცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, "ბუნებრივია, ეჭვები არის ძალიან მძაფრი".
"იყო გარკვეული გეგმა, 2-3 დღის ცნობილი ამბავი შეგვიძლია გავიხსენოთ, ამასთან დაკავშირებით იყო სრული თანხვედრა. იქ, შიგნით როგორ დამყარდა ეს ურთიერთობა, პირდაპირი იყო ეს კავშირი, არაპირდაპირი დ ა.შ., ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს უბრალოდ თანხვედრა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას თავისი ლოგიკით არ მიუღია გადაწყვეტილება და სხვა ლოგიკით და სხვა კავშირებით მიიღო. პატარა დეტალები არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში", — აღნიშნა მან.
ჟურნალისტის კითხვას, რა შეიძლება ყოფილიყო გახარიას მოტივი, კობახიძე თითქოს არ პასუხობს და ამბობს, რომ ეჭვისა და ვარაუდების სივრცეში არ შევა, ამავდროულად, თითქოს სასხვათაშორისოდ ახსენებს მერკანტილურ ინტერესებსა და ორ მილიონს.
"მე არ მინდა ჭორაობაში შევიდე და რომ ვთქვა რაღაცა გარკვეული ეჭვები, რომელზეც გარკვეული ინფორმაციებიც იყო, მაგალითად მერკანტილური მოტივები და ა.შ., შეიძლება ჭორაობა გამოვიდეს. [...] მე ვფიქრობ, რომ მოტივი უფრო მეტად იყო მერკანტილური, სხვადასხვა გაგებით, ვიწრო, ფართო გაგებით, ვიდრე პირდაპირი ინტერესი, რომ მაინცდამაინც სააკაშვილი ჩამოეყვანა საქართველოში".
მისი თქმით, ამ ყველაფერს ემატება "ეჭვები, უფრო სწორად, ინფორმაცია" გახარიას პარტიის დღევანდელ დაფინანსებასთან დაკავშირებით და იკვრება "ლოგიკური ჯაჭვი". მას არ დაუკონკრეტებია, რა დაფინანსება გულისხმობს, მაგრამ არც უარყო ჟურნალისტის დამაზუსტებელი შეკითხვა დავით კეზერაშვილს ფინანსებზე, რის შესახებაც დაუდასტურებელი ინფორმაცია ანტიოპოზიციურ ვებგვერდზე "სანდო წყაროზე" დაყრდნობით გავრცელდა.
ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ "ამას ემატება წარსულში განხორციელებული ქმედებებიც, რომლებიც ამყარებს ეჭვს, რომ გახარია გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო".
გავრილოვის ღამე
გავლენების ქვეშ გახარიას ყოფნის დასტურად კობახიძეს გავრილოვის ღამეც მოჰყავს — ანუ ღამე, როცა ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს მაშინ, როცა ისინი უშუალოდ კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე რუსი კომუნისტი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.
კობახიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას გაუჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა 20 ივნისს. მართალია, ამ დღიდან უკვე ორი წელი გავიდა და პარტია მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალის გამოყენებას (რა დროსაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ათეულობით კი დაშავდა) ამართლებს, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ "დამნაშავეც" არსებობს და ეს სწორედ გახარიაა.
ქართული ოცნების თავმჯდომარე გავრილოვის ღამიდან ორი წლის თავზე ამბობს იმას, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ აქტივისტები: ოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი, სპეცრაზმი პარლამენტის ეზოში უნდა ყოფილიყო და არა ეზოს გარეთ და ა.შ.
"ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, დაშლის ოპერაცია, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. [...] რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რატომ არ იქნება გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები. [...] საბოლოოდ ჯამში, იძულება იყო ტყვიების გამოყენება, იმისთვის, რომ მოგერიებული შტურმი პარლამენტზე".
მეტიც, კობახიძე ორი წლის შემდეგ გვეუბნება, რომ ჭიშკრის დაცვა მარტივი იყო და ადამიანების რაოდენობა არ იყო ისეთი, რაც "იძლეოდა უფრო მეტ საფრთხეზე ფიქრის საშუალებას".
მისი ინფორმაციით, ოპერაციას გეგმავდნენ ორნი: გიორგი გახარია და მისი მოადგილე, კახაბერ საბანაძე. მან ტყუილი უწოდა გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ იმ დროს პარლამენტში დეპუტატები არ იყვნენ და თავადაც მრავალი არაეთიკური გამონათქვამის ავტორმა, დასძინა:
"როდესაც სიმართლე შენს მხარეს არ არის, მაშინ გადადიხარ არაეთიკურ გამონათქვამებში".
კობახიძის ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს პირადად დაურეკა გახარიას ბაქოდან და გაუკვირდა, როცა მან უთხრა, რომ "ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას". მან აღნიშნა, რომ დამატებით ვეღარ იმსჯელებს, ეს იყო შეცდომა თუ "შეცდომა". ამასთან, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ გახარია "გარკვეული გავლენებით შეიძლება მოქმედებდა", თუმცა, მისი თქმით, ვერ შევა იმ საკითხში, ექსპრემიერს "აქვს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან, იმასთან თუ ამასთან". ჟურნალისტის კითხვას, რამ შეუშალა ხელი გახარიას, კობახიძე ასე პასუხობს:
"როდესაც მას დავუკავშირდი, მისი ხელიდან, ასე რომ ვთქვათ, ჟარგონზე თუ როგორც არის, ისინი შედიოდნენ პარლამენტში. უბრალოდ, საბოლოო ჯამში მოუწია ე.წ. სპეცნაზს თავის დაცვა, ეს არის ჩემი ლოგიკა და ამან განაპირობა საბოლოო ჯამში ის, რომ მიზანი ვერ იქნა მიღწეული შტურმის ორგანიზატორების მხრიდან".
მან თავისი პოზიცია "გაამყარა" კიდევ ერთი მაგალითის მოყვანით. კერძოდ, კობახიძის თქმით, 2019 წლის ზამთარში, როცა ოპოზიციამ პარლამენტს ალყა შემოარტყა, გახარიას პოზიცია იყო, რომ ალყა არ უნდა გახსნილიყო და პარლამენტს მუშაობა უნდა შეეჩერებინა თუნდაც თვეების განმავლობაში, თუმცა ამას ვერ მიაღწია.
ჟურნალისტის კითხვას, თუ უკმაყოფილება მანამდეც არსებობდა, რატომ დააწინაურეს გახარია და წარადგინეს პრემიერმინისტრად, კობახიძემ უპასუხა, რომ იყო მოსაზრება მისი წასვლის შესახებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება "რაღაცამ" შეცვალა. მისი თქმით, გუნდი გახარიას მაქსიმალურად "ამაგრებდა" როგორც საჯაროდ, ისე შიგნიდან.
"თქვენ გახსოვთ, მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო. ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, ამას ვაკეთებდით გუნდის შიგნით. [...] 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, არაერთი ლიდერი საუბრობდა და იყო ასეთი მოსაზრება, რომ უმჯობესი იყო გიორგი გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. და ეს საკითხი მომწიფებულიც იყო რაღაც მომენტში, თუმცა რაღაცამ შეცვალა ეს გადაწყვეტილება და ჩვენც დავეთანხმეთ. რაღაცამ შეცვალა, არა ვიღაცამ", — აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს "გარე ფაქტორი" გახარიასთან იყო დაკავშირებული და ვერ დაასახელებს, თუმცა "როდესღაც" შეიძლება ამაზე ისაუბროს.
კობახიძემ თქვა ისიც, რომ უკვე 2021 წლის 17 თებერვალს გახარიას პირველი გეგმა ჩავარდა და "როგორც ჩანს", გადადგომა ალტერნატიული მექანიზმი იყო, რომელიც შეიძლება წარმატებულიც გამხდარიყო, მაგრამ ქართული ოცნება არ დაიბნა და პარტიის "მყისიერი მოქმედების" წყალობის გეგმა "ბ" ვერ განხორციელდა.
ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა ისიც, რომ მაშინ, როცა მისი განცხადებების საფუძველზე შსს-ს გამოძიება დაუწყია, რატომ არ იწყება გამოძიება ახლა, როცა ქვეყნის ექსპრემიერს მმართველი პარტიის ლიდერები უმძიმეს ბრალდებას — სახელმწიფო გადატრიალებას უყენებენ. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ამბობს, რომ დაიწყება თუ არა გამოძიება, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ და მას არ აქვს განცხადების გაკეთების უფლება, რათა ზეწოლად არ ჩაითვალოს.
სპეცოპერაციებზე საუბრისას კობახიძემ თქვა ისიც, რომ უკვე ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში "თმის ღერი არავის ვარდება".
"მანამდე თუ გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული მიზეზების გამო, დღეს უკვე ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს, ყველა ოპერაცია ტარდება ისე, რომ თმის ღერი არავის ვარდება".
ჟურნალისტის კითხვას, რატომ უწოდებდნენ ქართულ ოცნებაში გიორგი გახარიას კრიზისმენეჯერს, თუ არაეფექტურ მენეჯმენტთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, კობახიძე პასუხობს, რომ ამის საშუალება გუნდს კოვიდის პერიოდმა მისცა, "როდესაც კარგად აეწყო საბოლოო ჯამში ამ პროცესების მართვა და ამის სათავეში იდგა გახარია".
ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, იანვარში, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია გახარიასთან დაპირისპირებაზე, ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.
სხვა თემები
ინტერვიუს მცირე ნაწილი სხვა მიმდინარე თემებსაც დაეთმო. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რატომ არაფერი გააკეთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში შესულიყო, როცა ნიკა მელიას დასაკავებლად ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი ამბობს, რომ ეს ორი სხვადასხვა სამართლებრივი მოცემულობაა და მელიას კონკრეტული სავარაუდო დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. კობახიძე არაფერს ამბობს პანსიონთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებებზე და უცნობია, რატომ არ მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარე გამოძიებას საკმარის სამართლებრივ საფუძვლად იმისთვის, რომ პანსიონში პოლიცია შევიდეს. თუმცა გაუგებარი ალბათ არც არის — კობახიძემ დღესაც გაიმეორა, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს არ უნდა დაუპირისპირდეს.
"ჩემს პოზიციაც დავაფიქსირებ ცალსახად, რომ იქ, რა თქმა უნდა, უნდა შესულიყო სახალხო დამცველი, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს. რაც შეეხება იმას, სახალხო დამცველის არშეშვება იძლევა თუ არა სპეცოპერაციის ჩატარების ან პანსიონის დახურვის საფუძველს, არ იძლევა სამართლებრივად. აქ იყო სხვა ვითარება", — განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რამდენიმე სხვადასხვა შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ორმაგი სტანდარტია. კერძოდ, პოლიციის განსხვავებული რეაგირება მაშინ, როცა გია გაჩეჩილაძე ისტორიულ, ბერლინის კედლის ფრაგმენტს აზიანებს და როცა ელენე ხოშტარია რკინის დროებით ბარიკადზე წარწერის გაკეთებას ცდილობს; როცა დმანისში ადამიანებზე ძალადობენ და როცა გუმათში კედელზე აბრახუნებენ; როცა პოლიცია მობილიზებულია ნიკა მელიას ოფისიდან გამოსაყვანად, ხოლო დმანისში ძალადობის აღსაკვეთად არასაკმარისი რაოდენობითაა.
კობახიძის თქმით, უცნობის დაჯარიმების საფუძველი არსებობდა, ამასთან, პარლამენტის "პიკეტირების აღკვეთა იყო საჭირო". რაც შეეხება დმანისს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ იქ რთული ვითარება იყო და მნიშვნელოვანი იყო საქმისთვის, რომ პროცესი შერიგებით დასრულებულიყო.
გარდა ამისა, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, შეიძლება თუ არა გიორგი გახარიას ჰქონდეს რამე კომპრომატი ქართული ოცნების შესახებ, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა:
"კომპრომატები რა უნდა ჰქონდეს? ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაიტანოს, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც გუნდურობისთვის და გუნდისთვის არის კონფიდენციალური, შიდა სამზარეულოდან გამომდინარე".
ინტერვიუს ბოლოს, ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალ არჩევნებში ჩართული არ იქნება და მასთან ბოლო კომუნიკაცია მაშინ ჰქონდა, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.
"ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამის სურვილიც, მაგრამ ეს იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია არ არსებობს".
კომენტარები