მეცნიერების თქმით, მსოფლიოში პირველად, ადამიანის დნმ სრულად გაშიფრეს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი აცხადებს, რომ მათ ადამიანის გენომის სრულად გაშიფვრა შეძლეს. ცნობისთვის, ადამიანის გენომი პირველად 20 წლის წინ გაიშიფრა, თუმცა, სრული გაშიფვრისთვის კვლავ იყო გარკვეული ნაწილი დარჩენილი. კვლევა Biorxiv-ზე გამოქვეყნდა.
თუ ეს შედეგები დადასტურდება, ადამიანის გენომის დარჩენილი 8%-იც იქნება ასახული და შეგვეძლება თქმა, რომ ადამიანი გენეტიკური სიზუსტით ვიცით.
"ამის გაკეთება იმდენად რთული იყო, რომ ეს აქამდე არავის შეეძლო", — თქვა კარენ მიგამ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
სისწორის შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება გენეტიკაში, რაც შესაძლებელი გახდა ორი კერძო ფირმის მიერ შემუშავებული დნმ-ის თანმიმდევრობის ახალი ტექნოლოგიით: საუბარია Oxford Nanopore-ზე და Pacific Biosciences-ზე. ამ ორი კომპანიის ტექნოლოგიას გააჩნია მცირე, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა სხვა მსგავს ინსტრუმენტებთან შედარებით.
"რაც ამ ჯგუფმა შეძლო, ესაა საქმის ბოლომდე მიყვანა", — ამბობენ ექსპერტები.
მკვლევრების თქმით, მათ შეძლეს და დნმ-ის ფუძეების რაოდენობა 2.92 მილიარდიდან 3.05 მილიარდამდე გაზარდეს, რაც მთლიანობაში 4.5%-იანი ნახტომია. ხოლო გენების ახალი რაოდენობა — ცილების მაკოდირებლები 19,969-ით გაიზარდა, ეს 0.4%-ია.
კვლევის შედეგები ჯერ კიდევ გადამოწმებას საჭიროებს, მაგრამ თუ ის დადასტურდება, ეს ადამიანის დნმ-ზე ჩვენს ცოდნას მნიშვნელოვნად განამტკიცებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები