მეცნიერები კოსმოსში ათასობით ჭიას გაუშვებენ, რათა კუნთების ატროფიის პრობლემა გადაჭრან.

მათი თქმით, კოსმოსური ფრენები ასტრონავტებზე ცუდად მოქმედებს. მაგალითისთვის, ორბიტაზე 6 თვის განმავლობაში ყოფნის შემთხვევაში, ასტრონავტმა შეიძლება კუნთების 40% დაკარგოს.

კვლევას ნოტინგჰემისა და ეგზტერის უნივერსიტეტები უძღვებიან. ეს შეიძლება კუნთების დისტროფიის დაავადების მკურნალობაშიც დაგვეხმაროს. დაავადება ხშირ შემთხვევაში გენეტიკურად გადაიცემა და კუნთების დასუსტებას იწვევს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები ნულოვანი გრავიტაციის პირობებში დააკვირდებიან ჭიებს და კუნთების დისტროფიის მკურნალობის ახალ თერაპიებზე იმუშავებენ.

ჭიებს კოსმოსში SpX-22-ით გაუშვებენ. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასვლის შემდეგ, ჭიები 6 დღის განმავლობაში სპეციალურ ინკუბატორში იქნებიან მოთავსებული.

ცნობისთვის, კონკრეტული ჭიები — ნემატოდები, რომლებიც ზომით 1-მმ არიან, ადამიანს ბევრი ბიოლოგიური მახასიათებლით გვანან. შესაბამისად, კოსმოსში ყოფნა მათზე ადამიანის მსგავს გავლენას მოახდენს, რაც კუნთოვანი მასის ცვლილებაზეც აისახება.

მეცნიერების თქმით, კვლევა მნიშვნელოვანია, როგორც ასტრონავტებისთვის, ისე დედამიწაზე მცხოვრები კუნთებთან დაკავშირებული სხვდასხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე