კონსერვატორები ლიბერალებზე ხშირად ტყუვდებიან ყალბი ამბებით — კვლევა
როგორც წესი, გვირჩევნია დავიჯეროთ ის, რაც ჩვენს მსოფლმხედველობას ამტკიცებს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ონლაინ ინფორმაციას.
Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, კონსერვატორები, ისევე როგორც ლიბერალები უფრო ადვილად იჯერებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ მოლოდინებს და ხედვებს ამყარებს. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ კონსერვატორები უფრო მარტივად იჯერებდნენ დეზინფორმაციას.
"ლიბერალები და კონსერვატორები, ისევე როგორც ზოგადად ადამიანები მიდრეკილნი არიან დაიჯერონ ის, რაც სურთ. თუმცა, კონსერვატორები დეზინფორმაციის მსხვერპლი უფრო ხშირად ხდებიან. ეს იმიტომ, რომ ინტერნეტში მათთვის უფრო დიდი დეზინფორმაციაა, ვიდრე მაგალითად ლიბერალებისთვის," — განაცხადა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა კელი გარეტმა.
კვლევაში მონაწილეობა აშშ-ის 1 204-მა ზრდასრულმა მოქალაქემ მიიღო. მკვლევრები ყოველკვირეულად 20 ვირუსულ პოლიტიკურ თემას აგროვებდნენ, რომელთაგან ათი იყო სიმართლე და ათიც სიცრუე. კვლევამ აჩვენა, რომ 65% მემარცხენე ინფორმაციისკენ იხრებოდა, 10% მემარჯვენე იდეებს ამჯობინებდა, ხოლო დანარჩენი ნეიტრალური იყო. რაც შეეხება სიცრუეს და დეზინფორმაციას — 45,8% მემარჯვენე თემებს მოიცავდა, ხოლო 23,3% მემარცხენეს.
"ჩვენ დავინახეთ, რომ ძირითადი დეზინფორმაცია კონსერვატორებზე მოდის, შესაბამისად მათთვის სიმართლის გარჩევა უფრო რთული ხდება," — ამბობენ მკვლევრები.
მიუხედავად ამისა, თანაბარი დეზინფორმაციის შემთხვევაშიც, კვლევამ აჩვენა, რომ კონსერვატორებს მაინც უფრო გაუჭირდათ სიცრუისაგან სიმართლის გარჩევა.
აღსანიშნავია, რომ როდესაც საქმე ეხებოდა არაპოლიტიკურ ინფორმაციას, კვლევაში მონაწილე მხარეებმა თანაბარი შედეგები აჩვენეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ციფრულ სამყაროში გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებას სერიოზულად ვნებს და საჭიროა ადამიანების მეტი ინფორმირება.
"მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ვინც დეზინფორმაციის გარჩევის შესაძლებლობებში დარწმუნებული იყო, რეალურად სიცრუის მსხვერპლი უფრო ხშირად ხდებოდა," — ნათქვამია კვლევაში.
კომენტარები