თამარ კორძაია ფეისბუქზე წერს, რომ რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს. ის მიზეზად რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის თანახმად პარტია "შარლ მიშელის სამუშაო ჯგუფში" ფრაქციაში გაერთიანდა. ის წერს, რომ პარტიის ორ წევრს, მას და ხათუნა სამნიძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობა უფრაქციოდ უნდა გაეგრძელებინა.

"გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6-წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ. პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი", — წერს კორძაია.

3 ივნისს პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. მასში სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე გაერთიანდნენ. ფრაქციას შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი ჰქვია.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გუშინ აღნიშნა, რომ მის თანაპარტიელს, თამარ კორძაიას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

პარლამენტში ეს უკვე მეორე ოპოზიციური ფრაქციაა. რამდენიმე კვირის წინ ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის შეიქმნა, რომელსაც პარტია ლელოს გარდა,დამოუკიდებელი დეპუტატები — სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ.