სოციალური საწარმო ბიზნესპრინციპებით მოქმედი კომპანიაა, რომლის მისია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაა. იმისთვის რომ სოციალური საწარმო გახსნა, მთავარია, გქონდეს იდეა, რომელიც დაგეხმარება არსებული პრობლემა სხვა თვალით დაინახო და მის გადასაჭრელად ახალი შესაძლებლობები შექმნა.

თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იდეის არსებობა საკმარისი არ არის და მის განსახორციელებლად მხარდაჭერაა საჭირო. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ყოველ წელს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში სოციალური მისიის მქონე გამორჩეულ იდეებს არჩევს და თითოეულის განხორციელებისთვის 50 000 ლარიან გრანტს გასცემს.

ამ სტატიაში საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ სამ სოციალურ საწარმოს გაგაცნობთ.

ბაბალეს წინდა

ფოტო: ბაბალე

სხვადასხვა სტილის წინდების შექმნა ბოლო დროს ძალიან პოპულარულია საქართველოში, თუმცა ბაბალეს წინდებს სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ ისინი შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. წინდების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად ხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას და მათ დამოუკიდებელ, ღირსეულ ცხოვრებას სოციუმში. გარდა იმისა, რომ ყველა წინდა უნიკალური და განსხვავებული დიზაინისაა, მათი შეფუთვებიც გამორჩეულია და მათი საჩუქრად გამოყენება ყოველთვის მშვენიერი იდეაა.

ბაბალე ჩვენი საყვარელი სივრცეა. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება ხელნაკეთი აქსესუარები. რამდენიმე წლის წინ კი გადავწყვიტეთ წინდები გვეწარმოებინა, რადგან მსოფლიოში წინდა ქრომოსომის სიმბოლოა.

აცხადებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის თავმჯდომარე ლია ტაბატაძე.

საწარმოს მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები გახადოს უფრო რეალიზებული, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება.

ფოტო: facebook/Babalesocks

თითოეულ წინდას აქვს თავისი უნიკალური ჩასადები ყუთი, სადაც განთავსებულია ილუსტრაციის რეპროდუქცია და ლამაზად მოთხრობილი ამბავი მის შესახებ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წინდების ეტიკეტები და შესაფუთი ყუთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, რომელსაც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი სოციალური საწარმო მწვანე საჩუქარი ამზადებს.

მწვანე საჩუქარი

ფოტო: მწვანე საჩუქარი

სოციალური საწარმო მწვანე საჩუქარი გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ის ქაღალდის ნარჩენებს აგროვებს, ამუშავებს და მათი მეშვეობით სხვადასხვა სახის პროდუქტს ამზადებს.

მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოკა დარჩიას თქმით, საწარმოს შექმნამდე ის და მისი მეგობრები მოხალისეობრივად მაკულატურას აგროვებდნენ, წიგნებში ცვლიდნენ და სოფლის ისეთ სკოლებს ეხმარებოდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ მდიდარი ბიბლიოთეკა.

ამის შემდეგ მეტი და მეტი ადამიანი გვაწვდიდა მაკულატურას და ამიტომ გადავწყვიტეთ სოციალური საწარმო შეგვექმნა. დავდგით ყუთები ოფისებში, დავუკავშირდით სხვადასხვა კომპანიას, შევიძინეთ დანადგარები და გადავწყვიტეთ ყუთების დამზადება.

კოკა დარჩია.

საქართველოს ბანკის გრანტის მოპოვების შემდეგ, მათ შშმ პირებს ასწავლეს დიზაინის შექმნა, ფოტოშოპში და ილუსტრატორში მუშაობა. ზოგიერთი მათგანი საწარმოში დასაქმდა.

"ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები მიმბაძველობითაც ვითარდება და საჭიროა მათზე ბევრი საუბარი. ხშირად მომხმარებელთან გვიწევს ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროდუქტი, რომელსაც ისინი ნაგავსაყრელზე ყრიან", — ამბობს კოკა დარჩია.

ფოტო: facebook/Greengift.Geo

მწვანე საჩუქარში ძირითადად შესაფუთ ქაღალდსა და კონვერტებს ამზადებენ, თუმცა მათ პროდუქტებზე ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა და ამიტომაც დაიწყეს დღიურების და ფლიპჩარტების კეთებაც. მათი მიზანია, რომ პოლიეთილენის გადაამუშავონ და ცდილობენ დანადგარები მეტად ავტომატიზებული გახადონ.

იალონი

ფოტო: იალონი

საგურამოში არსებობს დღის ცენტრი, რომელიც შშმ პირებს ემსახურება. მათ დღის წესრიგში იდგა 13 წელს ზემოთ ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო საქმიანობების გარდა ისეთი მომსახურების გაწევაც, რომელიც მათ დასაქმებას შეუწყობდა ხელს. ცენტრის ბენეფიციარები ძირითადად საგურამოს გარშემო მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და, ასე თუ ისე, ჩართულები არიან სოფლის მეურნეობაში, შესაბამისად, მათი ინტერესები და შესაძლებლობები სწორედ ამ სფეროს უკავშირდება.

საგურამოში ბევრი აგარაკია, ამიტომ მებაღეობასა და ეზოს მოვლაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა. აქიდან გამომდინარე, ცენტრმა დააარსა სოციალური საწარმო იალონი, რომელიც მოსახლეობას აგარაკების დასუფთავებისა და გამწვანების სერვისებს სთავაზობს. მასში ცენტრის ბენეფიციარები არიან დასაქმებულნი.

ფოტო: იალონი

საქართველოს ბანკის კონკურსისთვის განაცხადი თავად შევავსე, ორი ეტაპი გავიარეთ, საბოლოოდ ჩვენი პრეზენტაცია ჟიურის ძალიან მოეწონა და სხვა ორგანიზაციებთან ერთად ჩვენც აგვარჩიეს. ცენტრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მსგავსი სოციალური საწარმოს არსებობა ეხმარება ჩვენს ბენეფიციარებს.

ამბობს დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი, ლია კილაძე.

ლიას აზრით, რადგან ქვეყანაში ბიზნესის დაწყება ისედაც რთულია. მითუფრო ძნელია ჩვეულებრივმა მეწარმემ სოციალური მისიაც დაისახოს. ის თვლის, რომ სწორედ სოციალური მეწარმეობაა გზა იმისა, რომ გადაიჭრას სხვადასხვა სოციალური პრობლემა — სოციალური მეწარმეობის დროს შეგიძლია მოერგო კონკრეტულ სეგმენტს და საქმის კეთება თუნდაც მცირე პრობლემების გადაჭრით დაიწყო.

საქართველოს ბანკი კი აგრძელებს სოციალური მისიის მქონე ბიზნესებისა და სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას. კომპანიის CSR მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ გოჩაშვილის თქმით, მათთვის "უცვლელი პრიორიტეტი და საუკეთესო გადაწყვეტილებაა" მსგავსი ინიციატივების წახალისება და ამ მიმართულებით ადამიანების, სფეროსა და ბიზნესების მხარდაჭერა.