"მე ხომ შექსპირი არა ვარ" — ზაირა არსენიშვილის ცხოვრება და დროება
"აი, ახლა, კომპრესორის გაბმულ დუგდუგში, ბულდოზერის გუგუნში, მიწის სიღრმიდან ამოტანილი ქვა-ღორღის ხრიალსა და მეტრომშენებელთა გადაძახილებში... ამ ყურისწამღებ, მუდმივ ხმაურში, ვგრძნობ, რომ ჩემკენ შორეული ხმები მოიკვლევენ გზას...", — როცა რომანში ვა, სოფელო ეს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული სიტყვები ამოვიკითხე, გულში მწარედ გამკენწლა: ბავშვობაში, როგორც კი ბაბუაჩემი დააპირებდა, გვერდით მივესვი და მოეყოლა, თუ როგორ აშენდა ჩვენი ორსართულიანი სახლი ან როგორ გახდა რომელიღაც სოფლის სკოლის დირექტორი, ხოლო ბებია იმის გახსენებას დაიწყებდა, თუ სად გაიცნო ბაბუ ან როგორ მიიღო სამედიცინო განათლება, მაშინვე თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. სულ ოდნავადაც კი არ მაინტერესებდა მათი ისტორიები და ეზოში სხვა ბავშვებთან ან კიდევ კომპიუტერისკენ უფრო მიმიწევდა გული. ვა, სოფელოს კითხვისას დავრწმუნდი, ბავშვური თავქარიანობით რამდენი ღირებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან.
ზაირა არსენიშვილმა სწორედ იმის გამო, რომ მის გარშემო მყოფ ახლობელ თუ შორეულ ადამიანებს ყოველთვის გაფაციცებით უგდებდა ყურს, თანაც ძალიან მცირე ასაკიდან, თავის რომანში ერთმანეთზე უფრო უნიკალური, გამორჩეული და მნიშვნელოვანი ამბები შემოგვინახა. მან არა მარტო თავისი ოჯახის საყვარელი წევრების, არამედ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოში დაუჯერებელი სისასტიკით დადუმებული უამრავი ადამიანის ხმები მოიტანა ჩვენამდე.
ამის გამო ზაირა არსენიშვილი ჩემთვის არა მხოლოდ დიდ მწერლად, არამედ იმ უახლოეს ადამიანად იქცა, რომელსაც თავის დროზე ყური არ ვათხოვე. ოღონდ ჩემს პირად გამოცდილებაზე მეტად სამწუხარო ისაა, რომ ქართველი მკითხველების დიდმა ნაწილმაც მხოლოდ დაგვიანებით შენიშნა ის: ზაირა არსენიშვილი 2015 წელს გარდაიცვალა, მის შესახებ ბევრმა კი მხოლოდ 2019 წელს გაიგო, როცა მისი მეორე რომანი ვა, სოფელო ხელმეორედ გამოიცა. მართალია, დღეს ყველგან, სადაც ლიტერატურაზე ჩამოვარდება სიტყვა, ხშირად ახსენებენ ამ რომანსაც, თუმცა მე მეტი მინდოდა გამეგო თვითონ ავტორზე, რომელსაც პირადად ვეღარ შევხვდებოდი და მოვუსმენდი.
როგორც ზაირა არსენიშვილს უყვარდა ოჯახის ისტორიის საფუძვლიანად გახსენება, ისე მოიგონა უწინდელი ამბები მასზე საუბრისას ზურაბ არსენიშვილმაც, მისმა უმცროსმა ბიძაშვილმა, რომელთან ერთადაც თელავში იზრდებოდა.
"ჩვენი პაპა, გიო არსენიშვილი ერთი ჩვეულებრივი გლეხი იყო სოფელ იყალთოდან. როგორც იმ დროს ბევრი სხვა, ისიც მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. ერთხელაც თუშ მეცხვარეებს მოჯამაგირედ დაუდგა და ასე დაიწყო მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც ბეჯითი შრომით დაიმსახურა, გარკვეული ოდენობის ცხვრები მიიღო და სოფელში, იყალთოში დაბრუნდა. აქ მოხდა გაყრა, ოჯახში ძმებმა ქონება გაიყვეს და პაპაჩვენი სოფლის თავში დასახლდა. დანარჩენი ძმები და გვარის სხვა ნათესავები სოფლის ბოლოში სახლობდნენ, შარაგზასთან ახლოს. რატომ არის მნიშვნელოვანი [მისი ბიოგრაფიისთვის] სოფლის თავში დასახლება? გარდა იმისა, რომ იქ მეცხვარისთვის აუცილებელი საძოვრები იყო, ეს იყო თავადების, მაყაშვილების უბანი. თავადების უბანში ცხოვრებამ კი ძალიან კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა მთლიანად ჩვენს ოჯახზე. ჩვენ არ მოვსწრებივართ ამას, მაგრამ თაობიდან თაობაზე გადმოდიოდა ის განათლება და კულტურა, რაც მაშინ პაპაჩემმა თავადაზნაურობასთან ურთიერთობით შეიძინა. მითუმეტეს, პაპა ძალიან კარგი მომღერალი იყო, პირველი ხმა ჰქონდა გამორჩეული და ხშირად ეპატიჟებოდნენ თავადები. ასე დაიწყო მან საქმიანობა და ცხვრის ფარის გარდა მოიწყო საკირი — ადგილი, სადაც კირი იწვება. მოკლედ, ფეხზე დადგა. ჰყავდა ოთხი შვილი და ძალიან პატარა, ოროთახიან, ნახევრად ფიცრულ სახლში ცხოვრობდა. ოთხივე შვილს მისცა ჯერ პირველადი განათლება თელავში, რაც იმ დროს ძალიან რთული ამბავი იყო და შემდეგ თბილისში სწავლის გაგრძელებაშიც შეუწყო ხელი", — ჰყვება ზურაბ არსენიშვილი.
ის იმ ამბებსაც იხსენებს, რაც უკვე ვა, სოფელოს მკითხველებისთვისაც ნაცნობია:
"მაგრამ მერე ყველაფერი იცვლება გასაბჭოების შემდეგ: პაპაჩემი, რა თქმა უნდა, ხვდება კულაკების სიაში და მას თავისი წვრილმანი, საარსებო ქონება ჩამოართვეს. მოგვიანებით [1938 წელს] დაიჭირეს ბიძაჩემი, ვანო [ზაირას მამა], არაფრის გამო, როგორც ხდება ხოლმე. ის ეკონომისტი იყო და სამსახურში თქვა ერთხელ, რომ ამ გზით ეკონომიკას ვერ ავაშენებთო და დაასმინეს ამის გამო. დაიჭირეს და დიდხანს გვეგონა, რომ გადაასახლეს და თურმე ერთ კვირაში კრწანისში დახვრიტეს, რაღაც თვეები კი ბებიაჩემი, მამიდაჩემი და სხვა ნათესავები "პერედაჩებს" უგზავნიდნენ, როცა ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. ზაირა ამ დროს ბავშვი იყო, სკოლის ასაკის, მაგრამ ყველაფერს უკვე ხვდებოდა", — ამბობს ზურაბ არსენიშვილი.
ასე იქცა რეპრესიები და ზოგადად საბჭოთა რეჟიმის ბოროტება 1933 წელს დაბადებული ზაირა არსენიშვილის შემოქმედების ქვაკუთხედად. ამ მწერლის, სცენარისტისა და მუსიკოსის თელავში მდებარე სახლის მახლობლად მცხოვრები თეატრის რეჟისორი კოტე მირიანაშვილი იგონებს, რომ არა მხოლოდ ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, არამედ ზაირას საცხოვრებელმა გარემომაც დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებით ხედვაზე.
"საქმე იმაშია, რომ სახლი, რომელშიც ის ცხოვრობდა, არის თელავში ე.წ. ნადიკვრის უბანში, ეს უბანი კი გაშენებულია თავადი ვახვახიშვილების ციხესიმაგრესთან ახლოს. ზაირას სახლის მოპირდაპირედ იდგა დიდი ორსართულიანი ლამაზი სახლი, რომელიც ბოლშევიკებმა ჩამოართვეს ვახვახიშვილს და იქ გახსნეს მილიცია. ამის გამო ხალხის დაჭერა და სხვა მსგავსი პროცესები მის ახლობლად ხდებოდა, თელავი ისეც პატარა ქალაქია. ასევე ადგილობრივები, რომლებსაც დახვრეტას უპირებდნენ, ქალაქის ცენტრიდან, გეპეუს შენობიდან უნდა გამოეყვანათ და სწორედ არსენიშვილების სახლის წინ უნდა გაევლოთ და მიეყვანათ გიგოს გორაზე, რომელსაც თელავურ გოლგოთას უწოდებენ. მაგალითად, მეც კი, რომელიც ქალბატონ ზაირასთან შედარებით გაცილებით უმცროს თაობას ვეკუთვნი, მახსოვს, ბებია როგორ მიშლიდა იმ მხარეს ველოსიპედით წასვლას და თამაშს, რადგან ყველამ იცოდა, რომ იქ ადამიანები იყვნენ დამარხული, ზოგი ცოცხლადაც კი. მოკლედ, ეს ყველაფერი იყო ხალხის მეხსიერებაში დალექილი. ქალბატონ ზაირას კი ემოციური მეხსიერება ძალიან ძლიერი ჰქონდა და მის გარშემო მომხდარი ამბები სულ აინტერესებდა", — აღნიშნავს კოტე მირიანაშვილი.
მშობლიური სახლი და ქალაქი ზაირა არსენიშვილისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო და თავისი შემოქმედებით მან თელავი ქართულ ლიტერატურულ რუკაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილადაც მონიშნა.
"თელავი. ნადიკვრის 22. ძველებური, ერთსართულიანი, აგურის სახლი. ზაირას სახლი. სახლი, რომელიც ჩვენად მიგვაჩნდა ზაირას მეგობრებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს. აქ, ამ მაღალჭერიან ოთახებში, ამ ხის აივანზე, ამ მშვენიერ ბაღში, 50 წლის მანძილზე, ზაფხულობით, მიედინებოდა ჩვენი – ერთმანეთს მიჯაჭვული მეგობრების – ერთად ცხოვრება", — წერს რეჟისორი და ზაირა არსენიშვილის უახლოესი მეგობარი, ლანა ღოღობერიძე.
თელავის სახლის მიმართ, რომელიც ხშირი თავშეყრების ადგილი იყო, განსაკუთრებით ზაფხულობით, ზაირა არსენიშვილს გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა: "ძირითადად თბილისში ცხოვრობდა და საქმიანობდა, მაგრამ მთელი გულითა და სულით იყო თელავში. აქაური სახლი ისე უყვარდა, გვირეკავდა და სულ კითხულობდა, როგორც ადამიანს", — იხსენებს ზურაბ არსენიშვილი.
"ზაირა მამიდასთან ცხოვრობდა და ზაფხულობით ხშირად ვსტუმრობდით, აუცილებელი რიტუალებივით. ძველი, ერთსართულიანი, აგურის სახლია, მე-19 საუკუნეში აშენებული, რომელზეც ახლა მისი მემორიალური დაფაა განთავსებული და ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობაა თელავში თავისი შიდა ეზოთი და პატარა აივნით. სტუმრობების დროს ვხედავდი, რომ ის მუდმივად მუშაობდა: მის მაგიდაზე გაშლილი იყო ხელნაწერები, საბეჭდი მანქანა", — ჰყვება კოტე მირიანაშვილი.
მართალია, ადვილი მისახვედრია, რომ ზაირა არსენიშვილის შემოქმედება მეტწილად ავტობიოგრაფიულია და ავტორის პიროვნებაზეც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, მაგრამ მისი ხასიათის, შინაგანი ბუნების უკეთ გასაცნობად და მისი პორტრეტის შტრიხების კიდევ უფრო მკაფიოდ მოსახაზად, ახლობელი ადამიანების მოგონებები დაგვეხმარება.
"სკოლა დაამთავრა ფრიადებზე და წიგნების დიდი მოყვარული იყო, ძალიან ბევრს კითხულობდა. მერე თბილისში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მან ასევე მიიღო მუსიკალური განათლება და ხანგრძლივი დროის მანძილზე ორკესტრში ვიოლინოზე უკრავდა, რაც მისი საარსებო წყარო იყო დიდხანს. ლიტერატურასთან ერთად მას მუსიკაც ძალიან უყვარდა", — ამბობს ზურაბ არსენიშვილი. სწორედ ამ მუსიკალური გამოცდილებით შეიქმნა ზაირა არსენიშვილის პირველი რომანიც რეკვიემი.
"უკეთილშობილესი, ძალიან მოსიყვარულე ადამიანი იყო. განსაკუთრებით უყვარდა და აინტერესებდა ახალგაზრდები. ზოგადად ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და მუდმივად აგროვებდა ცნობებსა და მასალებს: მისთვის ყოველი სიტყვა, ყოველი ადამიანი, ყოველი პატარა ამბავი საინტერესო იყო, იმახსოვრებდა ამ ყველაფერს და მერე ამ ამბებს მის წიგნებში ვპოულობდით", — იგონებს კოტე მირიანაშვილი.
ზაირა არსენიშვილი 81 წლის ასაკში ისე მიიცვალა, რომ ოჯახი არ შეუქმნია და არც შვილები ჰყოლია:
"ძალიან თავისუფლების მოყვარული ქალბატონი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. როცა ვსაყვედურობდით ხოლმე [თუ რატომ არ ქმნიდა ოჯახს], გვპასუხობდა, მოიცადეთ ახლა, ვიღაცის მოვლაზე დროს ვერ დავხარჯავ, მე ჩემი საქმეები მაქვსო. ბედნიერი ქალი იყო და ბედნიერადაც დაასრულა ცხოვრება", — იხსენებს ზაირას ბიძაშვილი, ბატონი ზურაბი.
ვინც ზაირა არსენიშვილის შემოქმედებას გაცნობია, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მას მდიდარი სამწერლობო ენა აქვს და მისი თითოეული ნაწარმოები ლამის სიტყვის კონას უტოლდება ლექსიკური მარაგით. როგორც კოტე მირიანაშვილი აღნიშნავს, მას არა მარტო წერის სტილი, მეტყველებაც შესაშურად სიტყვაკაზმული ჰქონდა:
"საუბრისასაც ისეთ სიტყვებს ამბობდა ხოლმე, ლაპარაკიც ლიტერატურულად საოცრად გამართული ჰქონდა. სასაუბრო ენა ხომ სხვაა და წერის კიდევ სხვა. ზაირას კი საუბარიც ისე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ თან თელავური აქცენტით ლაპარაკობდა. წამღერებასავით. თან ეს კუთხური ინტონაციის მელოდია მან თავის ტექსტებშიც გადაიტანა და არ ვიცი, ეს როგორ მოახერხა".
საბედნიეროდ, ზაირა არსენიშვილის ნატიფი სიტყვების წაკითხვასთან ერთად, შემორჩენილი ჩანაწერების საშუალებით მისი მოსმენაც შეგვიძლია. მაგალითად, საბჭოთა რეპრესიებზე 2011 წელს ჩაწერილი ეს ინტერვიუ, რომელიც მარტო იმად რად ღირს, ნახოთ, როგორ ეთამაშება საუბრისას თითებით დიდი მწერალი კუბოკრულ სუფრას, როგორ გაიბრწყინებს მის თვალებში ნაპერწკლები, როცა თავის წიგნზე საუბრობს, როგორ სევდიანდება, მამის დახვრეტის ამბავს რომ იხსენებს და როგორ უმკაცრდება ხმის ტონი სტალინის ხსენებისას.
რომანში ვა, სოფელო ბევრი რამაა მომნუსხველი, მკითხველის არსებას მთლიანად რომ მოიცავს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ქალებს შორის უბადლო მეგობრობის, მხარდაჭერისა და ურთიერთგაგების შთამაგონებელი ეპიზოდებია, რაზეც რატომღაც იშვიათად საუბრობენ ხოლმე. თუნდაც ორი საკვანძო პერსონაჟის, მაკას და ევას მეგობრობა გავიხსენოთ:
"ოჰოჰო, როგორ დასცინოდა [მაკა] ყველასა და ყველაფერს: თავის თავსაც, ყოფილ საქმროებსაც, სიბერესაცა და სიკვდილსაცა, რომელსაც თავის უკანასკნელსა და ყველაზე ერთგულ საქმროს უწოდებდა: "აი, ვინ არ გიღალატებს, ევავ, აი, ვინ იქნება შენი ერთგული საუკონოდა და სამარადჟამოდ. ჰოდა, მე თუ სამოთხეში მიკრეს თავი, როგორც უმანკო ქალწულსა, იცოდე, არ შეშინდე, გამოვიპარები და შენთან მოვალ ჯოჯოხეთში, დავსხდებით ცეცხლთან და მივეფიცხებით მუგუზლებს", — ვკითხულობთ წიგნში.
მართალია, ზაირა არსენიშვილი თავის სიცოცხლეში სულ მზრუნველი და საყვარელი ხალხის გარემოცვაში იყო, მაგრამ მას არნახული მეგობრობა აკავშირებდა ლანა ღოღობერიძესთან, რომელთან ერთად ისეთი ცნობილი ფილმების სცენარები შექმნა, როგორებიცაა როცა აყვავდა ნუში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, დღეს ღამე უთენებია და სხვა.
"მიხარია, რომ ერთად ჩამოვლიეთ ჩვენი წუთისოფელი" — ასეთი წარწერით მაჩუქა ზაირამ თავისი წიგნი ქარი, ამწევი ფარდის. ეს ორი წლის წინ იყო, 2013 წელს. მაშინ ეს სიტყვები უტყუარი მეგონა, წუთისოფელიც ერთად ჩამოვლიეთ და ბოლომდეც ერთად უნდა გვევლო, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება, ზაირამ უეცრად გადამასწრო", — წერს ლანა ღოღობერიძე 2015 წელს უახლოესი მეგობრის ხსოვნისთვის პატივის მისაგებ ტექსტში.
ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი და კლასიკოსი კინორეჟისორი იმასაც იგონებს, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ზაირასთან:
"როცა ზაირა პირველად შემხვდა ამ ორმოცდაათიოდე წლის წინათ, თვალში მომხვდა იმ დროისათვის უჩვეულო, ვარდისფერი, ფაშფაშა კაბა და რაღაცნაირი შუქით განათებული თვალები. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს შუქი ადამიანისა და საერთოდ სიცოცხლისადმი მისი დაუდგრომელი ინტერესის ანარეკლი იყო. და მაშინვე, როგორც ერთი ნახვით შეყვარების შედეგი, დაიწყო ჩვენი საერთო ცხოვრება — ყოველდღიურობასა და შემოქმედებაში. პირველი სცენარი, რომელიც ერთად მოვიფიქრეთ და დავწერეთ, იყო როცა აყვავდა ნუში და მერე ყველა სხვა. ჩვენი ერთად მუშაობიდან ყველაზე მეტად გააფთრებული ჩხუბები მახსოვს, მაშინ ზაირას თვალებში ის, სიყვარულით განათებული სხივიც ქრებოდა და მრისხანება ისადგურებდა, და ჩვენი გზებიც სამუდამოდ იყრებოდა... იყრებოდა იმისათვის, რომ მეორე დღესვე ახალი ენთუზიაზმით და შეხმატკბილებით შევდგომოდით ფიქრსა და წერას".
ზაირა არსენიშვილის პიროვნებაზეც ყველაზე ხელშესახები მოგონებებიც ქალბატონმა ლანამ შემოგვინახა:
"წავიდა ამ ქვეყნიდან ზაირა — მარად მბორგავი და მშვიდი, ჭვინტაკებიანი (როგორც იტყოდა თვითონ) და სულგრძელი, ფორიაქა დიდი და წვრილი ამბების გამო და ისე ბუნებრივად თავმდაბალი, ყველა გაჭირვებულის მოსარჩლე და ხელისგამწვდომი. და მაინც მის მთელ არსებობას ორი რამ განსაზღვრავდა: ერთი — ინტერესი და თანაგრძნობა ყოველი, ახლობელი თუ შორეული, კარგი თუ ცუდი, საინტერესო თუ ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ; და მეორე — წერის ჟინი. წერის გარეშე უბრალოდ არსებობა არ შეეძლო. ასე წერდა ჯერ ხელით, ქაღალდის ისეთ ნაგლეჯებზე და ისეთი უწვრილესი ასოებით, რომ მერე თვითონაც მოთქვამდა, ვერაფრით ვერ გამირჩევია, რა დავწერეო; მერე — ერთ ძველთაძველ რემინგტონზე და ბოლოს, უდიდესი გადატრიალება მის ცხოვრებაში — კომპიუტერზე! მაგრამ ამ გზაზე ახალ ხიფათებს გადააწყდა და რა ვაი-ვაგლახი ატყდებოდა ხოლმე, როცა რაიმე ფრაზა, ან გვერდი დაეკარგებოდა!"
მართალია, თავისი წიგნების ხელახალ გამოცემასა და ქართველი მკითხველის დაგვიანებით აღიარებას თავად ზაირა არსენიშვილი ვერ მოესწრო, მაგრამ ახლა მაინც რომ ვიცნობთ მის შემოქმედებას და სხვებშიც ინტერესი დღითიდღე იზრდება, ამაში დიდი წვლილი ფილოლოგსა და რედაქტორს, ქალბატონ ანა ჭაბაშვილს მიუძღვის: სხვებთან ერთად სწორედ მისი განსაკუთრებული მონდომებით დამუშავდა და გამოიცა არსენიშვილის წიგნები სულაკაურის გამომცემლობის მიერ.
"ზაირა არსენიშვილის არსებობა ბავშვობიდანვე ვიცოდი. ჩემი მშობლები თბილისის იმ თაობას და იმ წრეს ეკუთვნოდნენ, რომელიც შემდეგ მან თავის რომანებსა და მოთხრობებში აღწერა. ბავშვობაში მამას ოპერაში რომ დავყავდი, მიჩვენებდა საორკესტრო ორმოს და დამანახვებდა ხოლმე, აი, ის, მევიოლინე, ზაირა არსენიშვილიაო. შემდეგ, როცა წამოვიზარდე, ზაირას სახელი უკვე ვიცოდი, როგორც ქალბატონი ლანას ფილმების სცენარისტისა. მისი შემოქმედება თანდათანობით გამოჩნდა. 60-იანებიდან მოყოლებული, ჯერ მოთხრობები და რომანების ნაწყვეტები იბეჭდებოდა სალიტერატურო ჟურნალებში, შემდეგ პირველი რომანი, რეკვიემი გამოვიდა 90-იანებში. სამწუხაროდ, ეს მარტო ამბად მქონდა გაგონილი — როგორღაც ისე მოხდა იმ მძიმე წლებში, რომ მაშინ ვერ წავიკითხე. შემდგომ, 2003-ში, ვა, სოფელო გამოსცა გივი კიკილაშვილმა, წავიკითხე და სამუდამოდ შემიყვარდა, როგორც მწერალი. მაშინ პირადად არ ვიცნობდი და ვნატრობდი, რომ გამეცნო. ადრე ამის საშუალება როგორღაც არ მომეცა, მაგრამ ბოლოს, ფიქრია ყუშიტაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე შევხვდი. მივედი და გამოვეცნაურე. ძალიან გაუხარდა და მთხოვა, მამაშენის [მიხეილ ჭაბაშვილის] მოგონებების წაკითხვა მინდა და იქნებ წიგნი მომაწოდოო. მართლაც მივედი და მივუტანე. არაჩვეულებრივად მიმიღო, წამოსვლა აღარ მინდოდა", — ამბობს ანა ჭაბაშვილი.
ის იმასაც იხსენებს, თუ როგორ გაცოცხლდა ხელახლა ზაირა არსენიშვილის შემოქმედება ქართული ლიტერატურული საზოგადოების ფართო წრეებში:
"ადრე მის შემოქმედებას მკითხველთა მხოლოდ გარკვეული წრე იცნობდა და მას შემდეგ, რაც ვა, სოფელო წავიკითხე, სულ ვოცნებობდი, რომ ხელახლა გამოცემულიყო მისი ნაწარმოებები და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეპოქალური რომანი. წლების შემდეგ ნატვრა ამისრულდა — სულაკაურის გამომცემლობამ უკვე გამოსცა მისი სამი წიგნი: ორი რომანი ვა, სოფელო (2019), რეკვიემი (2021) და მოთხრობების კრებული კენჭები (2020). მეამაყება, რომ ეს წიგნები ჩემი მონაწილეობით მზადდება გამოსაცემად".
ერთი მხრივ, ზაირა არსენიშვილის წიგნები ამჟამად თვალსა და ხელს შუა იყიდება და არაერთი ტირაჟი ამოიწურა უკვე, თუმცა ქალბატონ ანას მიაჩნია, რომ ეს ძვირფასი შემოქმედება კიდევ უფრო ბევრმა უნდა გაიცნოს, ამისთვის კი საჭიროა, "სკოლის პროგრამაში შევიდეს, ასევე, მეცნიერებმა და სტუდენტებმა იკვლიონ და აუცილებლად უნდა ითარგმნოს სხვა ენებზეც". უკვე ერთგულ მკითხველებს კი უახლოეს მომავალში სხვა საინტერესო სიახლეებსაც გვპირდება:
"წლის ბოლოსთვის, ალბათ, გამოსაცემად მზად გვექნება მისი მესამე რომანი კოლაჟი მთვარის შუქზე და კიდევ ერთი საბავშვო წიგნი. გარდა ამისა, ალბათ უკვე გაისად, გამოვა მოთხრობების კრებულებიც. მგონი, არ არის ცოტა. ძალიან გული მწყდება, რომ ქალბატონი ზაირა ისე წავიდა, რომ ქართველი ხალხისგან ასეთ აღიარებას ვერ მოესწრო".
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ვა, სოფელოს კითხვისას ბევრი სხვა შთამბეჭდავი სიტყვის, წინადადების, ლექსისა თუ ამბის გვერდით, ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა ფინალისკენ ამოკითხულმა ერთმა პატარა ფრაზამ, სადაც წიგნის ნარატორი ბებიას ესაუბრება:
ოჰ, ბები, ბები... მე ხომ შექსპირი არა ვარ, მე ერთი საწყალი მთხზველი ვარ...
მაშინვე გამახსენდა ვირჯინია ვულფის უკვდავი ესე საკუთარი ოთახი, სადაც მწერალი შექსპირის ფიქციური დის მაგალითით იმ უთანასწორო და უსამართლო გარემოზე საუბრობს, რომელიც ქალებს საუკუნეების განმავლობაში უხერგავდა შემოქმედებით გზას:
"ჩემს მოხსენებაში მე ვახსენე, რომ შექსპირს ჰყავდა და; მაგრამ მის ძებნას სერ სიდნი ლის პოეტის ცხოვრებაში ნუ დაიწყებთ. ის ახალგაზრდა გარდაიცვალა და სამწუხაროდ, მას ერთი სიტყვაც არ დაუწერია. ის დაკრძალულია სადღაც, გზაგასაყარზე, ელიფანთ ენდ ქესთლის მახლობლად. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს პოეტი, რომელსაც სიტყვაც არ დაუტოვებია და რომელიც გზაჯვარედინზე განისვენებს, კვლავ ცოცხალია. ის ცოცხალია თქვენში და ჩემში, და სხვა ქალებში, რომლებიც ამ საღამოს აქ არ არიან, რადგან ჭურჭელს რეცხავენ და ბავშვებს აწვენენ დასაძინებლად. მაგრამ ის ცოცხალია; რადგან დიდებული პოეტები არ კვდებიან; ისინი ყოფნას განაგრძობენ; მათ მხოლოდ ახალი შესაძლებლობის მიცემა სჭირდებათ, რათა ჩვენს შორის კვლავ ხორცშესხმულებმა გაიარონ. მე ვფიქრობ, რომ ახლა თქვენს ხელთაა მისთვის ამ შესაძლებლობის მინიჭება", — ვკითხულობთ საკუთარ ოთახში (მთარგმნელი ინგა მაცაბერიძე-პაპავა).
როცა ზაირა არსენიშვილის ერთმანეთზე უფრო დიდებულ ნაწარმოებებს ვკითხულობთ და მის გულწრფელ, ჩუმ და მოკრძალებულ სიბრძნეს ვეზიარებით, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისიც კინაღამ შექსპირის ერთ-ერთ დაკარგულ დად იქცა, რომლის ხმაც ჩვენამდე ვერ მოაღწევდა და უმისამართოდ გაიფანტებოდა. ამიტომ სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ მასზე, რათა სხვებსაც მივცეთ ახალი შესაძლებლობა.
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!
კომენტარები