მეცნიერებმა კორონავირუსი ინჰალაციური ნანოსხეულებით განკურნეს
წარმოიდგინეთ, რომ ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობთ, სადაც აცრის მისაღებად ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლის ნაცვლად შეგიძლიათ უბრალოდ მარტივი მოწყობილობა გამოიყენოთ, რომელსაც, ინჰალაციური ნანოსხეულების საშუალებით, დაავადების ადრეულ ეტაპზევე განკურნება და მისი განმეორების პრევენცია შეუძლია. როგორც ჟურნალ Science Advance-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, ასეთი რამ რეალურადაც შესაძლებელია.
ახალ მეთოდს, რომელიც ნანოსხეულებს იყენებს, COVID-19-ს მკურნალობა და მისი განმეორების პრევენცია ულტრა-დაბალ დოზებზე შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ჯერ კიდევ ადრეულ — პრეკლინიკურ ფაზაშია, მან შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ის გზა, რომლითაც ვირუსებს ვუმკლავდებით საზოგადოებრივ დონეზე.
აღნიშნული კვლევა მეცნიერებმა სირიულ ზაზუნებზე ჩაატარეს. ახალი თერაპია, სახელწოდებით Pittsburgh inhalable Nanobody 21 (PiN-21), შესაძლოა გახდეს მონოკლონური ანტისხეულების უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რომლის დროსაც ნემსის გამოყენებაც კი არაა საჭირო.
შამ ნამბულისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილი ეს ახალი მეთოდი — PiN-21, ერთი დომენის ანტისხეულების ფრაგმენტებს იყენებს, რომელთა წარმოება ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე მონოკლონური ანტისხეულებისა. ზემოხსენებული კვლევა კი პირველი წარმატებული შემთხვევაა, როდესაც PiN-21-მა ცოცხალ ორგანიზმებში ეფექტიანად იმუშავა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კილოგრამზე 0.6 მილიგრამი დოზა PiN-21 ზაზუნებში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ისინი გამიზნულად დააინფიცირეს კორონავირუსით. შედეგად, კვლევის თანახმად, ვირუსი 10 დღეში განადგურდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ PiN-21-მა ზაზუნას ფილტვების ვირუსისგან გაწმენდის უნარიც შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი იმისგან დამომუკიდებლად მუშაობს, თუ რესპირატორული სისტემის რომელი ნაწილიდან შეიყვანენ სხეულში სამკურნალო ნივთიერებას.
ამ საოცარმა მეთოდმა, შესაძლოა, მომავალში ბევრად დააჩქაროს მოსახლეობის აცრის პროცესი და დაგვიცვას ვირუსის საწყისი თუ მუტაციური ვარიანტებისგან. სავარაუდოდ, იგი ვირუსის მუტაციურ ვარიანტებს იქამდე შეაჩერებს, სანამ ისინი დიდ მასშტაბებზე გავრცელდებიან და ახალი პანდემიის საფრთხეს შექმნიან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სამყაროზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია.
კომენტარები