15 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული აგათა კრისტის შესახებ
აგათა კრისტი თამამად შეიძლება ითქვას, დეტექტივების ყველაზე პოპულარული ავტორია. სანამ შერლოკ ჰოლმსის გულშემატკივრები მოგვედავებოდნენ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონან დოილის სახელი მისმა პერსონაჟმა დაჩრდილა. აი, კრისტის სახელს კი ერკიულ პუაროზე მეტჯერ თუ არა, არანაკლები სიხშირით ახსენებენ.
მწერალი, რომლის წიგნებიც მსოფლიოში 2 მილიარდ ეგზემპლარადაა გაყიდული, თავადაც საინტერესო და იდუმალებით მოცული ცხოვრებით გამოირჩეოდა. წარმოგიდგენთ 15 საინტერესო ფაქტს, რომელიც, შესაძლოა, აქამდე არ გცოდნოდათ.
1. კრისტის დედა წინააღმდეგი იყო, რომ მის შვილს კითხვა ესწავლა
აგათამ კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა 8 წლის ასაკში, რადგან მომავალი მწერლის დედა წინააღმდეგი იყო, რომ თავის შვილს კითხვა ესწავლა. მას სურდა, რომ კრისტის განათლება სახლში მიეღო, ფორმალური განათლების მიღების უფლება კი შვილს 15 წლის ასაკამდე არ დართო.
2. კრისტის პირველი რომანი დისთვის საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად დაიწერა
წიგნების კითხვასა და პატარა ამბების წერაში გატარებული მოზარდობის შემდეგ, აგათა თავისმა დამ, მეჯმა, რომანის დასაწერად გამოიწვია. მომავალი მწერალი დას დათანხმდა და სტაილსში მომხდარი იდუმალი საქმე დაწერა. დეტექტიური რომანი, სადაც ერკიულ პუარო პირველად გამოჩნდა, ექვსმა გამომცემლობამ დაიწუნა, სანამ წიგნი, საბოლოოდ, 1920 წელს დაიბეჭდებოდა.
3. ერკიულ პუაროს რეალური პროტოტიპი ჰყავდა
ერკიულ პუარო — კრისტის დეტექტივების მთავარი და უცვლელი ულვაშიანი გმირი — მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟიცაა. მწერლის თქმით, გმირის შექმნის იდეა 1910-იან წლებში გაუჩნდა, როცა ავტობუსიდან ჩამოსულ ბელგიელ კაცს თვალი მოჰკრა. კაცი რიგითი მგზავრი იქნებოდა, თუმცა, კრისტის ცნობით, მისი ყურადღება უცნობის უჩვეულო შეხედულებამ — წვერის ახირებულმა მოყვანილობამ და გაკვირვებულმა გამომეტყველებამ — მიიქცია.
4. მწერალი ერთხელ 10 დღით გაუჩინარდა
1926 წელს, ერთ მშვენიერ დღეს, კრისტიმ, რომლის პოპულარობაც მკითხველთა წრეებში დღითი დღე იმატებდა, საკუთარი სახლი უკვლოდ დატოვა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მის შემოქმედებაში უფრო ბნელი თემების შემოტანა; მიზეზი კი თავისი ქმარი, არჩი, იყო, რომელმაც განუცხადა, რომ სხვა ქალი უყვარდა და გაშორება უნდოდა.
პოლიციამ მწერლის ძებნა დაიწყო, თუმცა, საქმე შორს არ წასულა — კრისტი, უბრალოდ, ახლომდებარე კურორტზე გამგზავრებულიყო. მოგვიანებით, როცა მან ავტობიოგრაფია დაწერა, ეს ცხოვრებისეული ეპიზოდი არც უხსენებია. ალბათ სწორედ ამან მისცა ბიძგი, საზოგადოებაში უამრავი მოსაზრება და ჭორი გავრცელებულიყო, მიზეზად ამნეზიის დასახელებიდან ყველაფრის პარანორმალური მოვლენისათვის მიწერამდე.
5. კრისტი საკუთარ ნაწერებში ძალადობას დიდად არ აღწერდა
მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური დეტექტივის დასაწერად მკვლელობა აუცილებელია, კრისტი პერსონაჟის მოკვლას საწამლავით ამჯობინებდა. ომის პერიოდში მწერალი დისპანსერში მუშაობდა და ამიტომ ფარმაკოლოგიაში მეტად გარკვეული იყო. ამასთან, კრისტის რომანებში პროტაგონისტები იშვიათად ატარებენ იარაღს. მეტიც, მწერლის მიერ შექმნილი ორი მთავარი პერსონაჟი — მის მარპლი და ერკიულ პუარო — პაციფისტებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
6. კრისტი ფსევდონიმითაც აქვეყნებდა
მწერლის შემოქმედებაში ყოველთვის მკვლელობა და გამოძიება როდი ყოფილა. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული 1956 წლამდე კრისტიმ ექვსი სასიყვარულო რომანი დაწერა ფსევდონიმით მერი უესტმეკოტი. შემოქმედებით მეტსახელში მერი, რეალურად, მისი მეორე სახელი იყო, უესტმეკოტი კი — ნათესავების გვარი.
7. მწერალს სერფინგი უყვარდა
თქვენ ალბათ აგათა კრისტის რამდენიმე სურათი გინახავთ, სადაც ის დარბაისლურად გამოიყურება, თუმცა, იცოდით, რომ მწერალს ტალღებზე ცურვაც შეეძლო? თავის ქმართან, არჩისთან ერთად, კრისტი 1922 წელს სამხრეთ აფრიკაში წავიდა დასასვენებლად. სწორედ იქ ისწავლა მან სერფინგი. ამასთან, ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, წყვილი ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი სერფერი იყო.
8. კრისტის საკუთარი ფოტოების წიგნზე დატანა არ მოსწონდა
მწერალი მოგზაურობაში ბევრ ფოტოს იღებდა ხოლმე, თუმცა, საკუთარი სურათის წიგნის ბოლოში დატანის წინააღმდეგი მაინც იყო. ის, სავარაუდოდ, ცდილობდა, საზოგადოებისათვის ვიზუალურად ცნობილი არ ყოფილიყო.
9. დეტექტივების წერისას მწერალმა ფიციც კი დადო
1928 წელს მწერალმა ენტონი ბერკლიმ ლონდონის გამოძიების, იგივე ცნობილ გამომძიებელთა კლუბი დაარსა, რომელიც იმხანად ინგლისში დეტექტივების პოპულარული მწერლების გაერთიანება იყო. ამ გაერთიანებამ ფიცი დადო, რომ უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებები მკითხველისთვის არ დაემალათ და, ასევე, არ გამოეყენებინათ გამოგონილი საწამლავები საკუთარ ნაწარმოებებში. კრისტი ჯერ ამ საზოგადოების წევრი იყო, 1956 წელს კი მისი საპატიო პრეზიდენტიც გახდა ერთი პირობით — სიტყვით არასდროს გამოვიდოდა.
10. კრისტი წარუმატებლად შეეცადა მოწევის დაწყებას
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მოწევა არაჯანსაღ ჩვევად მიიჩნევა, ერთხანს სიგარეტი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რომ ნაფაზის დარტყმაზე უარის თქმაც კი უცნაურად ითვლებოდა. ცნობების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კრისტი მეტად იმედგაცრუებული იყო, რომ მცდელობის მიუხედავად, მოწევის დაწყება ვერ შეძლო.
11. მწერლის ერთ-ერთი პიესის მიხედვით სპექტაკლი 25 ათასჯერ დაიდგა
პიესა სამი ბრმა თაგვი, რომელიც თოვლით დაფარულ ქოხში მოკლულთან ერთად გამომწყვდეულ რამდენიმე ადამიანზე მოგვითხრობს, თავდაპირველად რადიოსთვის განკუთვნილ ისტორიად დაიწერა. პიესა თითქმის 70 წლის წინ, 1952 წელს დაიდგა ლონდონში და მას შემდეგ მისი თეატრის სცენაზე გაცოცხლება, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა. ჯამში, 2012 წლის მონაცემებით, პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი 25 ათასჯერ გაიმართა.
12. კრისტის არქეოლოგია უყვარდა
არჩისთან გაშორების შემდეგ, 1930 წელს, მწერალი არქეოლოგ მაქს მელოუენზე დაქორწინდა და მას სირიასა და ერაყში მიმდინარე ექსპედიციებში შეუერთდა. 2015 წელს ხელმეორედ გამოიცა მწერლის მემუარები მოდი, მითხარი, როგორ ცხოვრობ, რომელიც ექსპედიციაში თავსგადახდენილ ამბებზე ჰყვება. ქმრის საქმიან მოგზაურობაში ყოფნის მიუხედავად, კრისტის წერა არ შეუწყვეტია. ამ პერიოდში წყვილი ხშირად მგზავრობდა აღმოსავლეთის ექსპრესით, რაც, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი ბესტსელერის შთაგონების წყაროდაც კი იქცა.
13. მწერლის ერთ-ერთ რომანში მსხვერპლი პროტოტიპთან შუღლს შეეწირა
როცა მელოუენი კრისტიზე დაქორწინდა, ის ცნობილი არქიტექტორის, სერ ლეონარდ ვულის თანაშემწე იყო. ამ ფაქტმა ფრიად გააღიზიანა ვულის ცოლი, რომელმაც ექსპედიციის ადგილას კრისტის დარჩენა არ ისურვა, ამიტომ, მელოუენს ცოლის სანახავად ყოველ ღამით უხდებოდა მატარებლით ბაღდადში ჩასვლა. მალევე კრისტიმ მკვლელობა მესოპოტამიაში დაწერა, სადაც მსხვერპლი მთავარი არქეოლოგის ანტიკური კვერთხით მოკლული ცოლია. წიგნი მწერალმა ვულიებს მიუძღვნა, თუმცა, შეშფოთებულმა წყვილმა მელოუენთან და მის ცოლთან ერთად ექსპედიციაში წასვლა აღარასოდეს მოისურვა.
14. თქვენ შეგიძლიათ კრისტის ძველი სახლი იქირაოთ
თუკი დეტექტივების ცნობილი მწერლის სახლში ცხოვრებას მოისურვებთ, შეგიძლიათ ინგლისში, დევონშირის საგრაფოში მდებარე შენობა იქირაოთ. ეს შენობა, რომელშიც ავტორის კუთვნილი ზოგიერთი ავეჯი და პიანინოცაა მოთავსებული, 1950-იან წლებში კრისტის საზაფხულო აგარაკს წარმოადგენდა, დღეს კი მისი ერთი ღამით ქირაობა $500 ჯდება.
ქვეთავი შეიცავს სპოილერს კრისტის ერთ-ერთი წიგნიდან
15. The New York Times-მა განცხადება გამოაქვეყნა, როცა ერკიულ პუარო "გარდაიცვალა"
როგორც მანამდე ართურ კონან დოილი, კრისტიც დაიღალა მისი "საფირმო" პერსონაჟის ისტორიებით და 1975 წელს გამოქვეყნებულ რომანში ფარდა დეტექტივების სახელგანთქმულ გმირს სიცოცხლე მოუსწრაფა. პუაროს სიკვდილით გამოწვეული რეაქცია იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ The New York Times-მა 6 აგვისტოს ამ ამბავს პირველ გვერდზე საგანგებო განცხადებაც კი მიუძღვნა. თავად კრისტი კი მომდევნო წელს გარდაიცვალა.
კომენტარები