ამუშავდა ქართული პლატფორმა, რომელიც ტექსტს აუდიოდ აქცევს — wavetech.
თანამედროვე ტენდენციებს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ხმოვან სერვისებზე. ამას მოწმობს როგორც მათი წილის ზრდა მსოფლიო ბაზარზე, ასევე ამ სფეროს განვითარებისკენ მეტი რესურსების მიმართვა.
აუდიო ინდუსტრიის მნიშვნელობაზე, ცოტა ხნის წინ, ახალბედა სოციალურმა ქსელმა — Clubhouse-მაც დაგვაფიქრა და მეტიც, ტექნოლოგიური გიგანტების (Facebook, Twitter) მხრიდან აუდიო პროდუქტების შექმნის ბიძგადაც იქცა. სულ უფრო ხშირად ვხვდებით პოდკასტებს და შესაბამისად, აქტუალურია კითხვა — მულტიტასკინგის პირობებში, თანამედროვე ადამიანისთვის კითხვა უფრო მოსახერხებელი გამოცდილებაა თუ მოსმენა?
ამ კითხვის აქტუალურობიდან გამომდინარე, ლოკალური და რეგიონალური ბაზრის საჭიროებების ანალიზის შემდეგ, ლუკა ჩხეტიანმა, თანამოაზრეებთან ერთად, გადაწყვიტა შეექმნა ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს საუბრის ტექსტად და პირიქით, ტექსტის საუბრად კონვერტაციაში დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა პლატფორმა wavetech.
"wavetech.. პლატფორმის პირველი იტერაცია Text to Speech-ია, რომელიც ტექსტის აუდიოდ კონვერტაციის საშუალებას იძლევა. ბეტა ვერსიის გამოშვების შედეგად, მალევე გაიარა ვალიდაცია ჰიპოთეზამ იმის შესახებ, მართლა სჭირდებოდა ბაზარს ეს პროდუქტი, თუ არა. უამრავმა კომპანიან თვითონვე მოძებნა გამოყენების საინტერესო გზა ხარჯების შემცირების ან მეტი მომხმარებლის მოსაზიდად. პროდუქტს ასევე აქტიურად იყენებენ დიდი კომპანიები სატელეფონო ზარების ნაწილობრივი ავტომატიზაციისთვის. ასევე, მედია ორგანიზაციებისათვის ჩვენი პროდუქტის გამოყენებამ, ერთი თვის ჭრილში, მათი მომხმარებლების საიტზე საშუალო სტუმრობის დრო 40%-ით გაზარდა. ვხედავთ რომ ადამიანებს ბევრად ეკომფორტულებათ სიახლეების მოსმენა, ვიდრე წაკითხვა. დამატებით, შშმპ ადაპტირებული ვებგვერდების ხარისხის გასაუმჯობესებლად ნაბიჯ-ნაბიჯ ვაქვეყნებთ სხვადასხვა მიკრო-პროდუქტებს, რათა მარტივი ინტეგრაციით იყოს შესაძლებელი ჩვენი პლატფორმის დაერთება", — გვიყვება ლუკა ჩხეტიანი.
როგორ შეგვიძლია wavetech..-ის გამოყენება, როგორც პირადი, ასევე ბიზნეს მიზნებისთვის
wavetech.-ით სარგებლობა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, კომპანიის მიკრო პროდუქტები მოიცავს ოთხ ყველაზე პოპულარული ბრაუზერის — Google Chrome-ის, Safari-ის, Brave-ისა და Opera-ის ექსთენშენებს, ასევე WordPress-ისა და WiX-ის პლაგინებს, SDK-ს სტანდარტული პლეერითა და on-hover პლეერით (რომელიც შშმპ ადაპტირებული ინტერნეტ სივრცისათვის საჭირო მოდულია), ასევე, Google Docs-ისა და Microsoft Word-ის პლაგინებს. გარდა ამისა, ეს პლატფორმა კომპანიებს უშუალოდ API-სთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, მისსავე სერვისებში ინტეგრაციისთვის.
"მიკრო პროდუქტები ისეთი პროპორციითაა დაყოფილი, რომ პერსონალური მოხმარების ფარგლებში, ფიზიკურ პირს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, ბიზნეს პროფილის შემთვევაში კი აუდიო სერვისების დიდი რაოდენობის მომხმარებლამდე შეფერხების გარეშე მიტანას შეუწყოს ხელი", — გვიყვება ლუკა ჩხეტიანი.
როგორ იქმნებოდა wavetech.
როგორც ლუკა ჩხეტიანი გვიყვება, კომპანია wavetech. იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც კომერციული კვლევებისა და პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გატანით, საქართველოში მანქანური ინტელექტის დარგში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს. შესაბამისად, აუდიოს დამუშავების დარგში შეძენილი გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა ისეთი პროდუქტის შექმნის პროცეში, რომელიც იქნებოდა ხარისხიანი და ხელიმასწვდომი ლოკალური ბაზრისთვის.
"wavetech.-ის მიზანია, ხმოვანი სერვისები მაქსიმალურად მორგებული გახადოს მომხმარებლებზე. მსოფლიო ბაზარზე არსებული კომპანიების დიდი ნაწილი ხმოვან ძრავებს სხვა კომპანიებისგან ქირაობს და საკუთარი user-end პროდუქტით მათ გაყიდვაზე აკეთებს აქცენტს. კომპანიების მეორე ნაწილი კი, რომლებიც უშუალოდ ხმოვან ძრავებს ქმნიან, ამ სერვისის გაყიდვაზე მუშაობენ. მათგან განსხვავებით, ჩვენ ვიყენებთ საკუთარ ხმოვან ძრავებს და გვაქვს საკუთარი user-end პროდუქტი, რაც ჩვენ კონკურენტებთან შედარებით, გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. ეს ორი მნიშვნელოვანი დეტალი უსაფრთხო ბიზნეს მოდელის ქონის გარანტიას გვაძლევს, ვინაიდან, არც ერთ კომპონენტში არ ვართ დამოკიდებულნი გარე კომპანიაზე", — ამბობს ლუკა ჩხეტიანი.
რაც შეეხება პროდუქტზე მუშაობის ეტაპებს, ლუკა ამბობს, რომ ხმოვანი სერვისები შენების პროცესში რამდენიმე ათეულ იტერაციას მოითხოვს. ყოველ შემდეგ ნაბიჯზე რომელიმე კონკრეტული კომპონენტები უმჯობესდებიან, თუმცა ზოგჯერ რომელიმე მათგანი განსაკუთრებით გამორჩეული გამოდის. ეს ყველაფერი კომპანიას პროდუქტის იმ ეტაპამდე მიყვანაში დაეხმარა, სადაც ყველა კომპონენტმა დამაკმაყოფილებელზე უკეთესი შედეგი აჩვენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ wavetech.-ის პლატფორმაზე მომხმარებელს 4 სხვადასხვა ხმოვანი აგენტის გამოყენების საშუალება აქვს.
"პროდუქტზე მუშაობისას ჩვენი პრიორიტეტი მისი სისწრაფე და ხარისხი იყო, რადგან ამის გარეშე რეგიონალურ თუ გლობალურ ბაზარზე მსგავს პროდუქტებს ღირსეულ კონკურენციას ვერ გავუწევდით. ახლა კი, გლობალურად, ამ მიმართულებით მოწინავე პირველი სამი კომპანიის სერვისებთან შედარებით, ჩვენი პროდუქტი მომხმარებელს სთავაზობს 12-ჯერ უფრო სწრაფ და 9%-ით უფრო ხარისხიან მომსახურებას. რეგიონულ ბაზარზე არსებულ სერვისებს კი ხარისხის კომპონენტში 40%-ით ვუსწრებთ", — აღნიშნავს ლუკა ჩხეტიანი.
სად უნდა ველოდოთ wavetech.-ის გამოჩენას, უახლოეს მომავალში
wavetech. მომხმარებლებისთვის 1 თვის წინ გახდა ხელმისაწვდომი. ამ პერიოდში კომპანია არაერთ დიდ თუ მცირე ზომის სტარტაპს დაუმეგობრდა. როგორც კომპანიაში გვიყვებიან, მათი საფასო პოლიტიკა მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივ ბაზარზე. ფიზიკური პირისთვის 1 მილიონი სიმბოლოს ღირებულება 55 ლარია, ბიზნესისთვის კი — 110 ლარი. განსხვავებული საფასო პოლიტიკა აქვთ cross-selling-ისა და ხმოვანი პროდუქტების გაქირავების შემთხვევაში, რაც კომპანიასთან პარტნიორობას მოიაზრებს. სწორედ ამ გზით დაიწყეს მათ თანამშრომლობა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ციფრული ბაზრის მქონე კომპანიასთან, რომლის პროდუქტების ხმოვან ვერსიას ქართულ საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.
რაც შეეხება ლოკალურ თუ რეგიონულ ბაზარს, მათი პროდუქტის ხარისხისა და სისწრაფის გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს განფასების პოლიტიკასა და კომერციალიზაციის შესაძლებლობებს, გუნდი ფიქრობს, რომ აქ არსებული გარემო მათთვის კონკურენტუნარიანი არაა.
wavetech.-მა აქამდე ინვესტიციის ორი ეტაპი გაიარა — პირველი მათგანი წარმატებული ქართველი ინვესტორის დახმარებით, მეორე კი — NVIDIA-სი. კომპანია ამ თვეში ასრულებს ინვესტიციის მესამე ეტაპს, რაც Speech to Text ტექნოლოგიის დახვეწას მოიცავს. როგორც ლუკა ჩხეტიანი აღნიშნავს, ამ ტექნოლოგიის Private Beta ვერსიას უკვე აქტიურად ტესტავს რამდენიმე ბანკი და B2B ორგანიზაცია. შესაბამისად, არამხოლოდ Text to Speech, არამედ პროდუქტის სრული: TTS -> NLP -> STT სერვისების გამოყენებას მომხმარებლები უკვე ძალიან მალე, ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებენ. კომპანიის აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე კი, მომავალში მათგან ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ.
კომენტარები