საეჭვო BioTech სტარტაპი დემენციით დაავადებულებს ასაკსაწინააღმდეგო გენური თერაპიით მკურნალობს
BioTech სტარტაპის — BioViva-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ პერიშმა გასულ თვეს განაცხადა, რომ დემენციით დაავადებული ექვსი პაციენტი მექსიკოში იმისთვის ჩავიდა, რომ კომპანიას მათთვის ექსპერიმენტული ასაკსაწინააღმდეგო გენური თერაპია ჩაეტარებინა. ეს ყველაფერი კი FDA-ის ზედამხედველობის გარეშე.
პერიში — რომელმაც STAT News-ს განუცხადა, რომ მან 100-ჯერ მაინც გაიკეთა თავის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული გენური თერაპია — ამბობს, რომ მსგავსი ექსპერიმენტული გენური თერაპიის ვექტორით, რომლის მიზანიც ტელომერების (ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებული მცირე ფრაგმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაბერების პორცესზე) გაფართოებაა, 2019 წელს დემენციის მქონე პაციენტებს უმკურნალეს.
"ამ ტექნოლოგიას მართლაც აქვს ძალა, უბრალოდ, მისი გამოყენება არ შეგვიძლია, რადგან ამ რეგენერაციული მეთოდის კლინიკურად გამოცდისთვის საჭირო ფინანსები არ გვაქვს", — განუცხადა პერიშმა STAT-ს. იგი ფიქრობს, რომ ასაკის მატება დაავადებაა, რომელსაც ისევე სჭირდება მკურნალობა, როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას. ამიტომ, იგი აქტიურად ცდილობს დაბერების საწინააღდეგო მკურნალობის მეთოდების შემოტანას, რასაც, მისი აზრით, არასაჭირო რეგულაციები აბრკოლებს.
ტელომერებს — გენეტიკურ მიდევრობებს ქრომოსომების ბოლოს, ხშირად გამოიყენებენ უჯრედული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რადგან ტელომერები დროთა განმავლობაში იშლებიან, რა დროსაც უჯრედები კარგავენ გამრავლების უნარს. ამიტომ, პერიში ფიქრობს, რომ ისინი ალცჰაიმერისა და დემენციის სამკურნალოდ თუ შესაფერხებლად გამოდგებიან.
მაგრამ, როდესაც STAT-მა ეს კონკრეტული სტარტაპი და მისი მკურნალობის მეთოდი გამოიკვლია, მათ იმაზე უფრო მეტი და საგანგაშო შეკითხვები გაუჩნდათ, ვიდრე გამოძიების დაწყებამდე. მაგალითად, BioViva-ს მკვლევრებმა შექმნეს გენის შესწორების ვექტორები, რომლებიც განკუთვნილი იყო ცხოველებისთვის, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როდის და როგორ შექმნეს მათ მსგავსი ვექტორები ადმაიანებისთვის. საქმეს ართულებს ის ფაქტიც, რომ BioViVa-ს თქმით, მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს დემენციის მქონე პაციენტებზე — მოწყვლად ჯგუფზე — და ამ დროს გამიზნულად აიცილეს თავიდან მარეგულირებელი კონტროლი. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მეთოდს არ გაუვლია კლინიკური შემოწმებები. ეს ყველაფერი ამ საეჭვო სტარტაპის მკურნალობის მეთოდს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
BioViVa გამოჩენილ მეცნიერებთან თანამშრომლობს. მათ შორისაა ჰარვარდის გენეტიკოსი და გენების შესწორების პიონერი, ჯორჯ ჩარჩი. აღმოჩნდა, რომ მას წარმოადგენაც არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ კომპანია უკვე ადამიანებზე ატარებდა ექსპერიმენტებს.
კომენტარები